სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როლანდ ახალაია: თუ ალასანიას არ ახსოვს წარსული, შემიძლია გავახსენო...

ახალაიების ოჯახი აქტუალობას არ კარგავს... ახალი მთავრობა მათ დაპატიმრებით ემუქრება. როლანდ ახალაიას წინააღმდეგ პროკურატურაში უკვე შევიდა საჩივარი სისხლის სამართლის აღძვრის მოთხოვნით. ზუგდიდის ყოფილ საოლქო პროკურორს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში უკვე ოფიციალურად ადანაშაულებენ. საუბარია ზუგდიდის ცენტრში მდებარე უნივერმაღის - „ენგურის“ საქმეზე, რომელიც მომჩივანების თქმით, კანონიერ მფლობელებს როლანდ ახალაიას პირადი დაინტერსების გამო ჩამოერთვათ. უკვე ცნობილია, რომ როლანდ ახალაიას გარდა, გამოძიება მისი შვილების საქმიანობითაც დაინტერესდება.

„დათა და ბაჩო ახალაიებს მართლმსაჯულების წინაშე წარდგომა მოუწევთ“, – ამის შესახებ განცხადებები საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან ღიად კეთდება.

„ამ დარბაზში ზის როლანდ ახალაია და მაქვს ლეგიტიმური ეჭვი, რომ დათა და ბაჩო ახალაიებს მოუწევთ მართლმსაჯულების წინაშე წარდგომა და თქვენ შეიძლება ეს ჩათვალოთ ზეწოლად ჩათვალოთ, ჩვენ კი ამას ვეძახით კანონის წინაშე თანასწორობას“,- განაცხადა თინა ხიდაშელმა პარლამენტის სხდომაზე.

რას პასუხობს ოპონენტების ბრალდებებს როლანდ ახალაია? რა საიდუმლო ინფორმაციას ფლობს ის ირაკლი ალასანიაზე? სად იმყოფებიან ბაჩო და დათა ახალაიები და რა სახის მოლაპარაკებებს აწარმოებდა მასთან მხედრიონელი გერგაია? „პრაიმტაიმი“ გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატ, როლანდ ახალაიასთან.

– ბატონო როლანდ, „ქართული ოცნება“ საკმაოდ ხშირად გაკრიტიკებთ და ამბობენ, რომ შესაძლოა თქვენ სადეპუტატო უფლებამოსილებაც კი შეგიწყვიტონ...

– მე ვიცი, რომ ეს პოზიცია აქვთ, მაგრამ ჩემთვის წარმოუდგენელია, როგორ აპირებენ ამას. მე ზუგდიდში არჩევნები მოვიგე სუფთად და გამჭვირვალედ. ჩემი კონკურენტი ძალიან დიდი უპირატესობით დავამარცხე. დანარჩენი უკვე მაგათი პრობლემაა, თუ არ ცნობენ ამას, ეს ჩემი პრობლემა არაა.

– უმრავლესობაში არ მალავენ, რომ შესაძლოა რამდენიმე დეპუტატის მიმართ აღიძრას სისხლის სამართლის საქმე და ამ გზით მათ სადეპუტატო უფლებამოსილება ჩამოართვანო... ამ კონტექსტში ფიგურირებს თქვენი გვარიც. გამირიცხავთ თქვენს დაპატიმრებას?

– რის საფუძველზე, რა აქვთ მხედველობაში? მე იურისტი ვარ და აბსოლუტურად გაუგებარია მათი განცხადებები. ხშირად ისეთ აბსურდებს ამბობენ, რომ ძნელია ჩაწვდე. არანაირი კანონის და არანაირი კონსტიტუციის ფარგლებში მათი განცხადებები არ ჯდება. თუ რამე ახალ კანონს იღებენ, გამოაჩინონ და თქვან. მე არაფრის არ მეშინია, რადგან ცამდე მართალი ვარ. თავად ესენი ახდენდნენ ზეწოლას, გაყალბებებს და უკანონობას, მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ არ იყვნენ ხელისუფლებაში.

– გაყალბებაში რას გულისხმობთ?

– მაგალითად, მათ ხმას აძლევდნენ ადამიანები, რომლებსაც ორი პასპორტი ჰქონდათ და ჩამოიყვანეს რუსეთიდან. ერთ-ერთი პიროვნება არის მოქალაქე, რომელსაც ერთდროულად ჰქონდა დევნილის პასპორტი და ზუგდიდის მაცხოვრებლის დამადასტურებელი დოკუმენტი. სინამდვილეში ეს ადამიანი წლებია ცხოვრობს რუსეთში და ჩამოიყვანეს სპეციალურად არჩევნებისთვის, არის „ოცნების“ აქტივისტის და. საქმე აღიძრა, გამოძიებაც დაიწყო, მაგრამ ახლა ყველაფერი შეჩერებულია. ემუქრებიან ყველას და ყველაფერს. ასეთი დარღვევის არაერთი ფაქტია დაფიქსირებული. საქმე პოლიციაშია, ეს ადამიანები დაიკითხნენ, არსებობს ამის დოკუმენტაცია და ალასანიას ვურჩევ, ეს საქმეები გამოიძიოს.

– საარჩევნო პროცესში ხშირად ისმოდა ურთიერთბრალდებები, მათ შორის თქვენ თქვენს კონკურენტს ზეწოლაში ადანაშაულებდით. კონკრეტულად რა სახის ზეწოლას ჰქონდა ადგილი?

– სხვადასხვაგვარი ზეწოლა იყო . მაგალითად, მიგზავნდიდნენ ხალხს, რომ მომეხსნა ჩემი კანდიდატურა, ერთ-ერთი პიროვნება, ვინც მომიგზავნეს გახლადათ ყოფილი მხედრიონელი, გვარად გერგაია, ეს იყო მხედრიონის ყოფილი უფროსი. ისინი ითხოვდნენ, რომ ალასანიასთვის დამეთმო გზა და ჩემი კანდიდატურა არ გამხდარიყო მისთვის პრობლემა.

– თუმცა ზეწოლასა და მუქარაში წლების განმავლობაში გადანაშაულებენ თქვენი ოპონენტები... ხშირად ახსენებდნენ ახალაიების კლანს...

– ახალაიების კლანი – ეს შეფასება გახლდათ მიზანმიმართული მოქმედება ალასანიას მხრიდან. არ ვიცი რა ამოძრავებს ალასანიას, შესაძლოა ის, რომ მე ბევრი რამ ვიცი. დიახ, ახალაიების კლანზე ალასანია მიზანმიმართულად საუბრობს, რადგან იცის, რომ პირადად მე ბევრი ინფორმაცია მაქვს მის წინაპრებზე და გარემოცვაზე.

– ანუ თქვენსა და ალასანიას შორის პიროვნული დაპირისპირებაა?

– მისი მხრიდან ჩემი მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს ნამდვილად პიროვნული საფუძველი აქვს. მე კარგად ვიცნობდი მამამისს და ბიძამისს, რომლებიც კგბ-ში მუშაობდნენ. სამოქალაქო ომის დროს ზუგდიდში, რბილად, რომ ვთქვათ, ბევრი ცუდი რამ აქვთ გაკეთებული, ეწეოდნენ იმ საქმიანობას, რომელიც ქვეყნის ინტერესებში ნამდვილად არ იყო. შეიძლება ეს იყოს ალასანიას გაღიზიანების მიზეზი. მას კარგად მოეხსენება, რომ მე ეს ყველაფერი ვიცი. ალასანიას ვურჩევ, სანამ ახალაიების ოჯახს ახსენებს, თავისი ოჯახის წარსულს გადახედოს, თუ მას არ ახსოვს ეს წარსული, შემიძლია მე გავახსენო. კარგად ჩაიხედოს ისტორიაში და შეიძლება ბაბუამისის სახელსაც წააწყდეს სადმე, ბაბუამისის, რომელიც გამანადგურებელ ბატალიონს ხელმძღვანელობდა და აქტიურად მონაწილეობდა 1937 წლის რეპრესიებში. დიახ, გიორგი ალასანია იყო ე.წ. ტროიკის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. თავად ირაკლი ალასანიამ სიმბოლურად მაჟორიტარობის კანდიდატად ოფიციალური წარდგენა მოახდინა იმ სახლში, სადაც დახვრეტილთა სულები დღესაც ტრიალებენ.

– რაც შეეხება თქვენს ვაჟებს, ამბობენ, რომ შესაძლოა ბაჩო და დათა ახალაიებზე ძებნა გამოცხადდეს...

– ველოდი კიდეც ამ კითხვას. კარგა ხანია ეს თემა მაწუხებს და ერთ რამეს გეტყვი: თუ ამ ქვეყანაში სამშობლოს სიყვარული დანაშაულია, ღალატი კი – გმირობა, მაშინ კი, ბატონო. ისტორია ამ ხალხს ყველას თავის სახელს დაარქმევს. ჩვენი მთავარი სიმდიდრე არის ღირსება, რომელიც სამართლიანობასა და წესიერებაზეა დაფუძნებული. მე ვამაყობ ჩემი შვილებით, ჩემი ოჯახით. მომავალი გვაჩვენებს ყველაფერს.

– სად იმყოფებიან ამჟამად თქვენი ვაჟები?

– ეს მათი საქმეა უკვე, ისინი არ არიან საჯარო მოხელეები და ამჟამად ისვენებენ. სად და როდის წავლენ, მათი პირადი საქმეა. მგონი აქვთ ამის უფლება.

მირიან ბოქოლიშვილი, გაზეთი "პრაიმტაიმი"

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100