სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თამარ გვერდწითელის ამერიკული კონცერტი: „ჩვენ 2 საათი საქართველოში გავატარეთ...“

ცნობილმა ქართველმა მომღერალმა, საქართველოს სახალხო არტისტმა, თამარ გვერდწითელმა ხუთშაბათს, 8 მარტს, დაიწყო სოლო კონცერტების ჩრდილოამერიკული ტურნე. დიდი მოთხოვნის გამო მომღერალი იძულებული გახდა დამატებით, დაგეგმილი 8 მარტის კონცერტის გარდა, კიდევ ორჯერ გამოსულიყო ნიუ-იორკის მილენიუმის დარბაზში. მისი ყველა კონცერტის ბილეთი თითქმის რამდენიმე დღეში გაიყიდა აშშ-სა და კანადის ქალაქებში. ბილეთის ფასი 60-125 $-დე მერყეობდა.

მიუხედავად იმისა, რომ გასტროლების ორგანიზატორი იყო რუსული საპროდიუსერო კომპანია, თამარმა კონცერტი გახსნა და დახურა ქართული სიმღერებით. სცენაზე ჟღერდა მუსიკა რამდენიმე ენაზე: ქართულად, ფრანგულად, რუსულად, ინგლისურად, იტალიურად და ებრაულად, მათ შორის იყო მსოფლიო მუსიკის შედევრები ედიტ პიაფის რეპერტუარიდან, სიმღერა იერუსალიმზე, „დედის თვალები“, „თბილისური ბალადა“, ბასილაიას „არგო“ და ლაღიძის „თბილისო“.

ყოველი სიმღერის შემდეგ დარბაზში ისმოდა ოვაციის შეძახილები და “ბრავო“. განსაკუთრებით ემოციურად დატვირთული აღმოჩნდა „თბილისო“-ს შესრულება მაყურებლისთვის, რომელიც 5 წუთის განმავლობაში, ფეხზე ამდგარი უკრავდა ტაშს ვარსკვლავს.

მაგრამ მთავარი კულმინაცია ჯერ კიდევ წინ იყო: მიუხედავად იმისა, რომ კონცერტი ემოციების ხარჯზე დაგეგმილზე 1 საათით დიდხანს გაგრძელდა, შოუს დამთავრების შემდეგ მაყურებელი ადგილიდან არ დაძრულა, ყველა ითხოვდა სიმღერის „არგო“ კიდევ შესრულებას... რასაკვირველია თამარმა უარი არ უთხრა დარბაზში შეკრებილ ათასობით მსმენელს და უკვე მათთან ერთად კიდევ 2 ჯერ ზედიზედ იმღერა ალექსანდრე ბასილაიას უკვდავი ჰიტი. ფეხზე ამდგარი მაყურებელი მომღერალთან ერთად მღეროდა.

კონცერტიდან გამოსული ადამიანები ვერ მალავდნენ ემოციებს:

მარინა კალამარასი: „მე მის სამივე კონცერტს დავესწარი ნიუ-იორკში, არ ვიცი რა ვთქვა, ეს იყო ნამდვილი საოცრება, ცხოვრებაში ასეთი აღელვებული არ ვყოფილვარ, მან ფურორი მოახდინა. მე დიდი ხანია ვცხოვრობ ამერიკაში და დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ რუსულ და ქართულენოვან ამერიკას ასეთი კონცერტი არასდროს ღირსებია, მივდივარ სახლში უდიდესი ემოციებით დამუხტული და უკვე ვოცნებობ მის შემდეგ კონცერტებზე“.

დარბაზში მყოფთა შორის იყვნენ ქართველი ემიგრანტებიც, ერთ-ერთმა მათგანმა, ხათუნა დოგონაძემ უკვე დღეს ასეთი კომენტარი გააკეთა:

„ჩემთვის პირადად, ეს კონცერტი იყო ნამდვილი მოვლენა და უდიდესი სიამაყის გრძნობა, წარმოიდგინეთ რამხელა სიამოვნებაა სამშობლოდან ათასობით კილომეტრის მოშორებით მყოფი ქართველებისთვის ის რომ ასეთი უმაღლესი დონის მომღერალი მართავს კონცერტს, რომელზეც ესწრება უამრავი სხვადასხვა ეროვნების ადამიანი, მათ შორის, ალბათ, მხოლოდ 1 ან 2 % ქართველი, და ის ხსნის საღამოს ქართული სიმღერით, მე პირადად თვალზე ცრემლი მომადგა მისი ნამღერი „თბილისოს“ შემდეგ და არა მხოლოდ მე. ჩვენ ყველამ, ფეხზე მდგომებმა მასთან ერთად ვიმღეროთ „არგო“ სამჯერ. არ ვიცი რა ვთქვა კიდევ, ისეთი ემოცებით დატვირთული დავბრუნდი სახლში, რომ მთელი ღამე ვერ დავიძინე. მივხვდი, რომ თამრიკო არ იტყუებოდა როცა თქვა - „მე, სამწუხაროდ, ამჟამად არ ვცხოვრობ საქართველოში, მაგრამ საქართველო ყოველთვის ჩემშია“, - ეს ნამდვილად იგრძნობოდა, დღეს მე 2 საათით საქართველოში ვიყავი.“

თამარ გვერდწითელმა, რა თქმა უნდა, ყველა სიმღერა იმღერა ცოცხლად, აკომპანირებას უწევდა ქართული ბენდი, მასთან ერთად სიმღერა შეასრულა ცნობილმა იტალიელმა საოპერო მომღერლმა ჯოანი რიბიკიეზომ. საღამოს ესწრებოდა ბევრი ცნობილი ადამიანი და მედია საშუალება. ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა ამერიკულმა გაზეთმა New-Yourk Times“-მა ქართველი პრიმადონას კონცერტს საკმაოც დიდი ინტერვიუ მიუძღვნა, ჟურნალისტი ხაზს უსვამს თამარის წარმომავლობას და საკმაოდ ვრცლად საუბრობს მის შემოქმედებაზე.

ქართველმა მომღერლმა ნიუ-იორკში დაასრულა კონცერტები, მაგრამ ის აგრძელებს ტურნეს კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში ჩრდილოეთ ამერიკის სხვადასხვა დიდ ქალაქებში. ამერიკიდან დაბრუნების შემდეგ კი დაგეგმილი აქვს გრანდიოზული კონცერტები თბილისსა და მოსკოვში 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100