სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მანანა ფრუიძე და მისი „კაწალ-კუწალები“ (ვიდეო)

მას შეუძლია ოკენის გადაღმიდან ამოიცნოს კარგი ადამიანი, უბრალოდ, ადამიანის ამოცნობაშიც ნიჭიერია...

ფეხშიშველა რომ დადიოდა ლეჩხუმის ორღობეებში, ის დრო ენატრება. ენატრება ის დროც, როცა ალპანიდან გახედავდა ბუმბერაზ და სპეტაკ კავკასიონს.

სოფელში დაასრულა სკოლა და მერე სოხუმში მიიღო განათლება. ძალიან ადრე დაიწყო ლექსების გამოქვეყნება, რაიონულმა გაზეთმაც და ,,ახალგაზრდა კომუნისტმაც” შეამჩნია მისი ნიჭიერება და უყოყმანოდ გამოუქვეყნეს ლექსები.

ცხოვრების დაუნდობლობამ 1998 წელს ამერიკაში აძებნინა ბედი და უკვე 13 წელზე მეტია, ემიგრაციაშია. ამერიკაში ცხოვრების უფლება აქვს, მალე მოქალაქეობასაც მიიღებს. მიუხედავად ამისა, საქართველო არ ავიწყდება, ფლორიდის სილამაზეს ერთ ყოჩივარდაში გადაცვლის დაუნანებლად.

ძნელია დღეს ვინმე გააკვირო იმით, რომ ლექსს წერ. ასჯერ მაინც მქონდა წაკითხული ძალიან კარგი ლექსი ,,ისეთი სიკვდილით მოგიკვდები” და ავტორი თუ მანანა ფრუიძე გახლდათ, არ ვიცოდი. ნაკლებად იცნობს პუბლიკა მანანას ლექსებზე შექმნილ სიმღერებს: ,,სადმე წამიყვანა ნეტავ”, ,,ტანგო”, ,,თბილისო” და ზევით ნახსენებ ,,საქართველოს”. მუსიკა კომპოზიტორს, ქალბატონ თამრიკო დავითაშვილს ეკუთვნის და სიმღერებსაც თავად ასრულებს. თუ ზედმეტად არ ჩათვლით, შეგიძლიათ ნახოთ ეს ბმულები:

"ნეტა"

"ტანგო"

"თბილისო"

გასულ წელს ქალბატონი მანანა საქართველოში მცირე ხნით ჩამოვიდა, მეც ამ მომენტით ვისარგებლე და რეალურად გავიცანი მართლაც არაჩვეულებრივი ქალბატონი, რომლის უშუალო ბუნებამ გამაოცა. აქვე დავამატებ, რომ მან კონვერტში ჩადებული თანხაც გადმომცა საეკლესიო მშენებლობისთვის. მართალია, ეს თანხა ასტრონომიული არ გახლდათ, მაგრამ შემოწირულობად ნამდვილად ღირდა და ამის გამო სახალხოდ ვუცხადებ მადლობას.

მანანას სურვილი ჰქონდა, რომ წიგნიც გამოეცა. მეც ბავშვური აღტაცებით ველოდი მისი წიგნის გამოცემას. ამერიკაში დაბრუნებამდე მოასწრო თავისი კრებულის გამოცემა და თავისი ,,გაზაფხულიდან შემოდგომამდე” სამზეოზე გამოიტანა არა როგორც გასაყიდი, არამედ როგორც საჩუქარი მეგობრებისთვის...

ჩემი ახირებული ხასიათიდან გამომდინარე ლიბჯგუფს ,,ცეცხლი წავუკიდე” და სასწრაფოდ ელექტრონულადაც გამოაქვეყნეს ახალგაზრდა შემოქმედებმა . უკვე დაახლოებით 6 თვეა, რაც მანანას პოეზიას ადამიანები ეცნობიან www.lib.ge-ს მეშვეობითაც.

ჩემთვის მანანა, როგორც შემოქმედი, ერთ-ერთი ძლიერი პოეტთაგანია იმის გამო, რომ მას ჩემს ნაცნობ პოეტ ქალთა შორის ყველაზე მეტად აქვს გამოხატული მდედრის ბუნება.

სულ ბოლოს ემიგრანტული მონატრების გამოხატვის მქონე ლექსი (,,კაწალ-კუწალები “ იგივე ყოჩივარდაა) მინდა დავურთო სტატიას:

კაწალ-კუწალების ფერი ესიზმრებათ ბორცვებს,
მწვანე იმედები თოვლზე გაყინული წიწვის,
შენი მონატრება ახლა აღარაფერს მომცემს,
მაგრამ გადამარჩენს ნახვა საქართველოს მიწის.

უკვე ვეღარ ვუძლებ შეთხზულ ღიმილსა და კოცნებს,
წაშლა მომდომნია შუბლზე დაწერილი ბედის,
შენი მონატრება ახლა აღარაფერს მომცემს,
მაგრამ გადამარჩენს ნახვა მობერებულ დედის.

მზერა ეფერება სადღაც გადანახულ ლოცვებს,
დილის გათენება გრძნობებს მითოშავს და მაზრის,
შენი მონატრება ახლა აღარაფერს მომცემს,
მაგრამ გადამარჩენს ნახვა სვეტიცხოვლის ტაძრის.

სისხლის გაგიჟება ალბათ დამიფლითავს ხორცებს,
სული არეული ნისლად დაედება თბილისს,
შენი მონატრება ახლა აღარაფერს მომცემს,
მაგრამ გადამარჩენს ნახვა ერთადერთი შვილის.

კაწალ-კუწალების ფერი ესიზმრებათ ბორცვებს,
მწვანე იმედები თოვლზე გაყინული წიწვის,
შენი მონატრება ახლა აღარაფერს მომცემს,
მაგრამ გადამარჩენს ნახვა საქართველოს მიწის!

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100