რუსთავში მომხდარი მკვლელობა - პროკურორის თქმით, მკვლელობამდე 27 წლის ბიჭმა ცოლის დახრჩობა სცადა
ცოლის და სიდედრის სასტიკი მკვლელობა რუსთავში - სასამართლო პროცესზე დღეს საქმის პროკურორმა თქვა, რომ ბრალდებული ფირაშვილი ცოლზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდა.
ქეთევან სონიძის განცხადებით, 27 წლის ბიჭმა მკვლელობამდე რამდენიმე ხნით ადრე მარიამ სოფრომაძის დახრჩობა სცადა. ასევე ცნობილი ხდება, რომ ცოლს მობილური ტელეფონით სარგებლობას უკრძალავდა, სახლში კეტავდა და ოჯახის წევრების ნახვის უფლებას არ აძლევდა.
"ყელში ხელის წაჭერის შედეგად დახრჩობა სცადა, ამ ფაქტის დროს კაპილარების ჩაწყვეტა, პირიდან დუჟის გადმოდინება, სისხლის ღებინება და მსგავსი საშინელი შედეგი გამოიწვია ამ დანაშაულმა. სამწუხაროდ, ამ ფაქტს მალავდა როგორც ოჯახი, ასევე მოკლული, დაზარალებული", - განაცხადა სონიძემ.
პროკურორის თქმითვე, ბრალდებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეც არსებობდა, ვინაიდან ის მოკლულის ოჯახის წევრებთანაც, მათ შორის, ცოლის ძმასთანაც დაპირისპირებაში იმყოფებოდა.
ქეთევან სონიძე ამბობს, რომ ბრალდების მხარე დაკავებულის მიმართ, ფსიქიატრიულ ექსპერტიზას დანიშნავს. სონიძის თქმით, ფირაშვილი მარიხუანას მოიხმარდა, რაც მის ხასიათში ცვლილებას იწვევდა.
დაკავებულ 27 წლის გიორგი ფირაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ცნობისთვის, 22 მაისს, რუსთავში, დუმბაძის ქუჩაზე მდებარე სკვერში დედა-შვილი სანადირო თოფიდან გასროლით იმ დროს მოკლეს, როცა ისინი ჩვილ ბავშვს ასეირნებდნენ. სამართალდამცავებმა მომხდართან დაკავშირებით 27 წლის გიორგი პირაშვილი დააკავეს. ის დუმილის უფლებით სარგებლობს.
ფირაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 109-ე მუხლის ,,ბ’’, ,,თ’’, ,,კ’’ და ,,ლ’’ ქვეპუნქტებით და ამავე კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
კომენტარი