სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პრეზიდენტს, პრემიერს, მინისტრებს და მათ მოადგილეებს ხელფასი, შესაძლოა, გაეზარდოთ - "ოცნების" კანონპროექტი

პრეზიდენტს, პრემიერს, მინისტრებს და მათ მოადგილეებს ხელფასი გაეზრდებათ - ამის შესახებ კანონპროექტს "ქართული ოცნება" აინიცირებს. ცვლილებები "საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ" კანონში შევა, რომლითაც დაგეგმილია სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისათვის დღეს მოქმედი თანამდებობრივი სარგოს ზედა ზღვრის კოეფიციენტის ფიქსირება. ახალი კანონი 2025 წლიდან ამოქმედდება.

პროექტის ავტორები “ქართული ოცნების“ დეპუტატები არიან, რომელთა განმარტებითაც, ცვლილება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისათვის გასამრჯელოს ოდენობის ზრდას გამოიწვევს.

დღეს არსებული ანაზღაურების წესის საფუძველზე კონკრეტულად განსაზღვრული კოეფიციენტი არ არის, ხოლო პროექტის მიღების შემთხვევაში, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის თანამდებობრივი სარგოს კონკრეტული კოეფიციენტები დგინდება. პროექტის განმარტებით ბარათში ხაზგასმულია, რომ კანონმდებლობა სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობის პირებს უფლებას აძლევს, მათი სახელფასო ანაზღაურება დადგენილი კოეფიციენტის ფარგლებში თავად განსაზღვრონ, რაც გარკვეულწილად არასისტემურობას იწვევს.

“პროექტი ითვალისწინებს საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისათვის, დღეს მოქმედი თანამდებობრივი სარგოს ზედა ზღვრის კოეფიციენტის ფიქსირებას, რაც გამოიწვევს გასამრჯელოს ოდენობის ზრდას.

აღნიშნული თანამდებობის პირები გადაიხდიან გადასახადებს გაზრდილი ხელფასის პროპორციულად. შესაძლოა, აღნიშნული ცვლილებით მოხდეს ქონების გადასახადის გადამხდელთა გადასვლა “საგადასახადო კოდექსით“ დიფერენცირებულ შემდგომ კატეგორიაში - 100 000 ლარს ზემოთ“, - აღნიშნული პროექტის განმარტებით ბარათში.

სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის თანამდებობრივი სარგოს წესში ცვლილება შემდეგ თანამდებობის პირების ანაზღაურებას შეეხებათ: - პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, მინისტრი/სახელმწიფო მინისტრი, მათი პირველი მოადგილე და მოადგილეები, ასევე ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, მთავრობის თავმჯდომარე, მათი მოადგილეები.

რაც შეეხება პარლამენტის წევრების შრომით ანაზღაურებას, მათთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები რამდენიმე თვის წინ განხორციელდა და ის პარლამენტის რეგლამენტში აისახა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100