სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უნიკალური ნამუშევრები და ხატვის ორიგინალური ტექნიკა - თბილისმა ცნობილი ქართველი მხატვრის გამოფენას პირველად უმასპინძლა

„სივრცედ ქმნილი ფერი“ - ასე ჰქვია გამოფენას, რომელსაც 11 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ უმასპინძლა. ნამუშევრების ავტორი ვახტანგ ბარდაველიძეა - არტისტი, რომელიც წლების განმავლობაში აშშ-სა და ევროპაში მოღვაწეობდა და მისი ნამუშევრებით ბევრი ცნობილი კოლექციონერი იყო დაინტერესებული. მხატვრის გარდაცვალების შემდეგ, მის ოჯახს 50-მდე ნახატი და რამდენიმე სკულპტურა შემორჩა და გადაწყვიტეს, ვახო ბარდაველიძის შემოქმედება მის სამშობლოში ჩამოეტანათ. ვახო ბარდაველიძე ქართული აუდიტორიისთვის ამ დრომდე ცნობილი არ იყო. თუმცა, მისი ნამუშევრები დღემდე ინახება ცნობილი კოლექციონერების კოლექციებში. 18 ოქტომბრის ჩათვლით კი ნამუშევრების დათვალიერება ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ნებისმიერ მსურველს შეეძლება. დასწრება თავისუფალია.

გამოფენის გახსნას ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსის წევრები, საქართველოს პრეზიდენტი და უცხოეთიდან სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოსული სტუმრები დაესწრნენ. ვახო ბარდაველიძის ოჯახის წევრებმა მხატვრის სახელობის საქველმოქმედო ფონდიც დააარსეს, რომელიც სამხატვრო აკადემიის სტუდენტებს სტიპენდიას დაუნიშნავს.

ვახო ბარდაველიძე ერთადერთი მხატვარია, რომლის ბეჭდური, ან ონლაინ კატალოგი არ არსებობს. თავად ამბობდა, რომ არაერთ ფოტოგრაფს ჰქონდა სურვილი, ფირზე აღებეჭდა მისი ნამუშევრები, თუმცა ნახატების სრული ვიზუალიზაცია ვერ ხერხდებოდა. მიზეზი ხატვის განსაკუთრებული ტექნიკაა. ვახო ბარდაველიძე არა ჩვეულებრივ ტილოზე, არამედ სამედიცინო დოლბანდზე ხატავდა. სწორედ ტილოს მსგავსად გადაჭიმული სამედიცინო დოლბანდით ახერხებდა იმ სივრცის შექმნას, რის გამოც მის ნამუშევრებში განსხვავებულია ფერები და აღქმა. იმისათვის, რომ დამთვალიერებელმა სრულად შეიცნოს ნამუშევარი, ის ადგილზე, შესაბამისი განათების ფონზე უნდა ნახოს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100