ერთად და ცალ-ცალკე: იცნობდე 9 აპრილს საქართველოს შეწირულებს...
1989 წლის 9 აპრილი უდიდესი ნიშანსვეტია საქართველოს ისტორიაში – სამშობლოს უკეთესი მერმისისათვის მებრძოლთა დაღვრილმა სისხლმა თავისუფლებისაკენ გაუკაფა გზა მათ სამშობლოს – უაირაღო მომიტინგეები რუსული იმპერიული ჩექმით გაითელენ და სასანგრე ნიჩბებით დაიხოცნენ.
1989 წლის 9 აპრილის გმირებმა გაუკვალეს გზა 1991 წლის 9 აპრილს, მაგრამ ჯერ ხომ რუსეთის იმპერიის მოხელეებმა და ქართულმა კომუნისტურმა პარტნომენკლატურამ და კრიმინალურმა ინტელიგენციამ უსაგნო მოთხოვნები და ჭყლეტაში დაღუპვა დააბრალა პატრიარქის სიტყვის არშემსმენელ ბრბოს; ხოლო მას შემდეგ, რაც იმ მეორე 9 აპრილის დიდი შემოქმედი – საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია მათებრ მოწამებრივად აღესრულა, საქართველოში ჩამოდგა უკუნი ღამე და დიდი ხნით დავიწყებას მიეცა ერის ღირსეულ შვილთა სახელები.
დღევანდელ თაობებს, შესაძლოა, აღარც ახსოვდეთ 9 აპრილის გმირთა თავგანწირვა. თვით მოვლენაც ისე, სასხვათაშორისოდ დარჩა აქამომდე, ვითომც არ ყოფილიყოს – შევარდნაძისეულმა ყოვლის დამამხობელმა მმართველობის ხანამ ყველა დიდ სიწმინდეს დავიწყების ფარდა გადააფარა.
ამიტომ, ალბათ ღია კარის მტვრევა არ იქნება, თუ დღევანდელ ახალგაზრდებს გავახსენებთ 1989 წლის 9 აპრილის ამბავს – იმას, რომ მიტინგზე დაიღუპნენ საქართველოს თავისუფლებისთვის მებრძოლი ქართველები, უპირატესად ქალები, რომელთაც ჰქონდათ რწმენა საქართველოს მომავლისა და მზად იყვნენ, გაეწირათ სიცოცხლე სამშობლოს ბედნიერებისათვის, – ყველა მათგანი სამშობლოს უსაზღვრო პატრიოტი იყო, მართლმადიდებელი ქრისტიანი – მემარხულე და მაზიარებელი;
საკუთარი თავი ყველას წინასწარგანზრახულებით ჰქონდა მიტანილი ერის სამსხვერპლოზე, რისი დასტურიცაა ის სანტიმენტალური ჩანაწერები, რომლებიც თავის დროზე თითოეული ამ მიტინგის მონაწილის ოჯახებში გაკეთდა და რომელთა ფრაგმენტებსაც ქვემოთ შემოგთავაზებთ:
მომიტინგეებს შორის რამდენიმე ასაკოვანი ქალბატონი ბრძანდებოდა:
თინა ენუქიძეს პატარა სკამი ჰქონდა წაღებული და მოშიმშილეების გვერდით იჯდა. ეფერებოდა, ამხნევებდა, წყალს აწვდიდა მათ. როცა აცივდა, თბილი ტანსაცმელი მიჰქონდა მათთვის. შვიდში საღამოს, ჯარი რომ გამოჩნდა „დინამოს“ სტადიონთან, ქალიშვილს უთხოვია, აღარ წასულიყო მიტინგზე, მაგრამ დედას მკაცრად უპასუხნია: –შვილო, ამ ჭაღარის პატრონს ვინ რას გამიბედავს, იმ ბავშვებს კი გადავარჩენ ჩემი იქ ყოფნითო. –იქ რომ რამე მოხდესო? –თუ მოხდება, მე ვიცოცხლო და ის ახალგაზრდები დაიღუპონ? სჯობს მე შევეწირო მათ მაგივრად! – იმ დღეს დილის თერთმეტის ნახევარზე გასულა სახლიდან. ტანთ სულ ყველაფერი ახალი სცმია. წასულა და დაუბარებია:–მე აღარ მოვალო! წინა ღამით სიზმარში თავისი გარდაცვლილი მამა და მეუღლე უნახავს: –საყდარი ამიშენეს, იქ დამაბინავეს და მითხრეს, ეს არის შენი სახლი და შენ აქ უნდა იცხოვროო. მომხდარა, როგორც გული უთხრობდა – ვიღაც მოშიმშილეს გადაფარებია და ისე მოუკლავთ!
ზაირა კიკვიძე იმდენად ენერგიულად იყო ჩაბმული ეროვნულ მოძრაობაში, არ აცდენდა არცერთ შეკრება–მანიფესტაციას. როდესაც საყვედურობდნენ: – რატომ თავს არ უფრთხილდებიო – დაუფიქრებლად პასუხობდა: –რას ვაკეთებ და საქართველოს ვათავისუფლებო! ერთხელ, როდესაც მომიტინგეების ცეკვა–თამაშს უცქერდა, ისიც კი უთქვამს: –ეხლა აქ სიკვდილიც შეიძლებაო! 7–ში მიტინგიდან რომ მობრუნებულა, უზომოდ კმაყოფილი სახე ჰქონია – თქვენ არ გჯერათ და მალე, სულ მალე მოვაო დამოუკიდებლობა საქართველოში! როდესაც პირველი ტანკები გამოჩნდნენ, სახეშეშლილი ამბობდა თურმე: –ყველანი უნდა შევეწიროთ და ეს არ უნდა ვაპატიოთ! მასაც საოცარი სიზმარი უნახავს წინდღით – გაშლილ ველზე ვიყავი, ისეთი ლამაზი იყო, სულ ფერად–ფერადი ყვავილები ყვაოდაო გარშემო!
თამარ მამულაშვილი ერთთავად საქართველოს ბედზე სწუხდა – რად უნდა იყოს ქართველი ერი მონა, რატომ არ არის ღირსი თავისუფლების? ეს ყოფილა მუდმივად მისი განსჯის საგანი. იმ დღეებში დაუჟინია – დღეს იქ უნდა ვიყოთ, ჩვენ რომ იქ არ წავიდეთ, არაფრით არ შეიძლებაო! სულ მოშიმშილეებზე ლაპარაკობდა, მათი მდგომარეობა აწუხებდა. საბედისწერო წუთები რომ დამდგარა, რაკი ერთხელ უთქვამს, –თუნდ დავიხოცოთ, აქ უნდა ვიდგეთო – ხოცვა–ჟლეტის შუაგულშიც აღმოჩენილა! ადამიანთა გროვის ქვეშ მოჰყოლია და მისი ნიჩბებით დასერილი გვამი პირველი საავადმყოფოს პროზექტურაში ამოუცვნიათ მოგვიანებით.
ვენერა მეტრეველი ექთნად მუშაობდა და კეთილსა და სათნო მუშაკს ყველას სატკივარი გულთან მიჰქონდა – ნაცნობსა და უცნობს ღამეებს უთენებდა. სომხეთში რომ მიწისძვრა მოხდა, თუმცა ასთმიანი იყო, სისხლი ჩაუბარებია, ტაქსში ცუდად გამხდარა. მძღოლი სომეხი ყოფილა და მიზეზი რომ გაუგია, ცრემლები გადმოუყრია და ასე ტირილ–ტირილით მიუყვანია სახლში. 9 აპრილის წინა დღეებში გასაკვირად მხიარული და აღტაცებული იყო. 9 აპრილის ღამით მომწამვლელი გაზისაგან სული შეგუბებია და ცოცხალ–მკვდარი წაუყვანიათ საავადმყოფოში. იქ გაიგო, როგორ გლოვობდა 9–ში დაღუპულებს მთელი საქართველო და უთქვამს: –ნეტავ ისეთი ბედი მქონოდა, რომ მეც იქ მოვმკვდარიყავი – ჩემს საქართველოს შევწირვოდი. რა ბედნიერება იქნებოდა: მოხვიდოდით სიონთან, ჩემს სურათს დაინახავდით და იტყოდით – სამშობლოსათვის დაიღუპაო. ამის ბედიც არ მქონია! ვენერა მეტრეველი, 12 მაისს გარდაიცვალა საავადმყოფოში.
სხვანი ახალგაზრდა ასაკისანი დაიღუპნენ:
ნანა სამარგულიანი და მარინა ჭყონია–სამარგულიანი რძალ–მული იყვნენ. დედის გადმოცემით, ოჯახს ჯერ კიდევ 1956 წლიდან მძიმე მოგონებები ჰქონია – 9 ახალგაზრდა დაკარგა – სულ ახლობლები – დეიდაშვილები, მაზლიშვილები, მულიშვილები... იმ მოგონებებით გულდამძიმებულს გაუაფრთხილებია შვილი და რძალი, მაგრამ პასუხად მიუღია: – ნუ შიშობ დედა, თუ დაგვხოცავენ, საქართველოს თავისუფლებისთვის დავიხოცებით და ბავშვები კი შენ გაგვიზარდეო. ნანას პატარა გოგო დარჩა, მარინას – ქალ–ვაჟი. 9 აპრილამდე მცირე ხნით ადრე მარინას გოგონას ლექსი დაუწერია, სადაც ასეთი წინარეთმცნობელური სიტყვები ყოფილა: „არ დამეკარგოს დედაო!“ იმ საღამოს ნაცნობს გაუფრთხილებია, შესაძლებელია დარბევა მოხდესო, მაგრამ არსად წასულან: –აქ უნდა ვიყოთ, დილაობით ნაკლები ხალხი რჩება და ამ დროს უჭირთ მოშიმშილეებსო, ყველაზე მეტად ახლა ვჭირდებით მათო.
ეროვნული ხელისუფლების დამკვიდრების ჟამს ქუჩას, სადაც ცხოვრობდა რძალ–მული, „გმირი დედების“ სახელის დარქმევას უპირებდნენ, მაგრამ ეროვნული სახელმწიფოს დამხობასთან ერთად ქართველი გმირი დედები რუსული იმპერიის მსახურ ქალბატონებს და ვაჟბატონებს აღარ მოჰგონებიათ!
ელისო ჭიპაშვილი მეხუთე თვეზე იყო ფეხმძიმედ. როდესაც ეკითხებოდნენ, არ გიჭირს მიტინგებზე სიარულიო? პასუხობდა: –იმიტომ დავდივარ და ვიბრძვი, რომ ჩემმა შვილმა მაინც იცხოვროს დამოუკიდებელ საქართველოშიო! ძალიან აწუხებდა საქართველოს მდგომარეობა – რატომ ვართ ასე დაბეჩავებულნი, რატომ უნდა გვმძლავრობდეს რუსეთი, რატომ უნდა ვეკუთვნოდეთ სხვა ქვეყანას? ხომ გვქონდა დამოუკიდებლობა, რატომ არ უნდა დავიბრუნოთ ისევ? მისი ამხანაგი ყვებოდა, პატრიარქს რომ დასაშლელად მოუწოდებია ხალხისათვის, ელისოს უთქვამს: –მე დაღუპვისა არ მეშინია, თუ აქ დავიღუპებით, მეცა და ჩემი შვილიც გმირებად მოვევლინებით საქართველოსო! იმ ღამით ვიღაც ბავშვისთვის დაურტყამთ სალდათებს და ელისო გადაჰფარებია. ახლა აქეთ რომ მოუტრიალდა ის სალდათი, ელისოს უთქვამს – რას შვრები, მე ფეხმძიმედა ვარო. იმას უფრო გამეტებით ჩაურტყანს: –ეშო ლუჩშეო! მოგვიანებით, გაკვეთაზე აღმოჩნდა, რომ ელისო ბიჭის დედა უნდა გამხდარიყო!
მანანა ლოლაძე თავად იყო იმ მოშიმშილეთა შორის, რომლებიც სწორედ ამ სახით გამოხატავდნენ სამშობლოს თავისუფლებისაკენ მისწრაფებას. თავად ხომ შიმშილობდა, სხვა მოშიმშილეების მიმართაც იჩენდა განსაკუთრებულ ყურადღებას. სიცივეები რომ დაიწყო, არ დაუტოვებია სახლში არც ერთი ლეიბი, არც ერთი საბანი – სულ იქ გაზიდა; რაკი მოშიმშილეები მხოლოდ ცხელ წყალს სვამდნენ – ვედროებით ეზიდებოდა წყალს. დედას ეჩხუბებოდა, შენი ტოლი ქალები იქ არიან, შენ სახლში რა გაჩერებსო. როცა აშინებდნენ დარბევით, ამბობდა: –მე თუ რამე მომივა, ამით ჩემს სამშობლოს რა დააკლდება და თუ საქართველოსთვის ასე იქნება საჭირო, განა არ ღირს მისთვის სიკვდილი?
თამუნა დოლიძე აპრილის დღეებში სამსახურიდან სახლში არ მიდიოდა – პირდაპირ მთავრობის სასახლეს მიაშურებდა ხოლმე მოშიმშილეებთან. დარწმუნებული იყო, რომ ისინი დიდ საქმეს აკეთებდნენ სამშობლოსათვის. ოცნებად ჰქონდა, მოსწრებოდა თავისუფალ საქართველოს. მეზობელს უკითხავს, იქ რომ დადიხარ, არ გეშინიაო? თამუნას უპასუხნია: –რას ბრძანებთ, თუ ჩემი სისხლი სამშობლოს რასმე არგებს, ამაზე დიდი ბედნიერება რა უნდა იყოსო? აპრილში თამუნას ჩეხოსლოვაკიის საგზური ჰქონდა და გადადო გამგზავრება: – საქართველოში ასეთი ამბები ხდება და მე იქ რა წამიყვანსო! როდესაც კათალიკოსმა აუწყა ხალხს საშიშროების შესახებ, ერთი თავისი მეგობარი გაუსტუმრებია: – შენ შვილი გყავს, წადი სახლშიო! ბიძაშვილისთვის კი უთქვამს: –ჩვენი ყოფნა აქ არის საჭირო, ჩვენ აქ უნდა ვიყოთო!
მზია ჯინჭარაძეს არაფერი სწამდა არსებული ხელისუფლებისა – ვერ ეგუებოდა მის ფლიდურსა და ვერაგულ ბუნებას; როგორც შეეძლო, ებრძოდა არსებულ ხელისუფლებას. გული სწყდებოდა, რომ თანამგრძნობელი არ ჰყავდა იმდენი, რამდენიც სურდა: –ჩემს სამსახურში ყველას სძინავსო, არავის არაფრის გაკეთება არ უნდაო. ბუნებით მაქსიმალისტი იყო და რადიკალურ ბრძოლის გზებს ემხრობოდა. ამბობდა: –ყველაზე რადიკალური ჯგუფი რომ დაარსდეს, იქ გავერთიანდებიო! უზომოდ თანაუგრძნობდა მოშიმშილეებს – თავის გოგონას ეუბნებოდა – ჩვენ უნდა ვშიმშილობდეთო მათ მაგივრად! ხოცვა–ჟლეტამდე რამდენიმე წუთით ადრე მეგობარსა და შვილს უთხრა: – ნურაფრისა გეშინიათ, თუ რამე მოგვივა, საქართველოსთვის დავიღუპებით!
მანანა მელქაძე განსაკუთრებული ღვთისმოსაობით გამოირჩეოდა – ხშირად უთქვამს, საქართველოს რწმენა გადაარჩენსო. ნოემბერ–აპრილში რუსთაველზე ათენ–აღამებდა, შენატროდა მეგობრებს, რომლებიც ეროვნულ მოძრაობაში იყვნენ ჩაბმულნი. 7–ში მეგობარი გოგონებისთვის უთქვამს: როგორ მინდა, რომ საქართველოსთვის თავი დავდო; თუ ჩემი სისხლი გამოდგება, ეს სისხლი ჩემი ერისთვის გავიღო! ადრეც, 1988 წლის ნოემბერში, ხონში ტაქსის მძღოლის შენიშვნაზე –რას იკლავთ, ბიძია, თავს, ვის ებრძვით თუ იცითო! მანანას უპასუხია: –მე თუ ასე, უბრალოდ მოვკვდები, ვინ გაიგებს ამას და თუ ერის თავისუფლებისთვის ბრძოლას შევეწირები, ჩემს ერს გამოვადგები ამითო!
აზა ადამია სტუდენტი იყო და თბილისში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. დიასახლისი ყვებოდა, აზას ფანჯარაში რონ შეგეხედათ, სულ სანთლები ჰქონდა ანთებული და დაჩოქილი ლოცულობდაო. სამშობლო იყო მისი უმთავრესი სალოცავი. მიტინგები რომ დაიწყო, მთავრობის სასახლეს არ შორდებოდა. ასე ამბობდა თურმე: – სადაც გამსახურდია იდგება, მეც იქ უნდა ვიდგეო! იმ ღამეს 11 საათზე მობრუნებულა და, როდესაც ისევ დაუპირებია წასვლა, დიასახლისს უთქვამს, –შვილო, არ წახვიდე, რამე არ შეგემთხვესო. –ასეც რომ მოხდეს, მერე რა – ჩვენს საქართველოს შევეწირებითო! „9 აპრილის“ საზოგადოების წევრები იგონებდნენ, –რამდენი არ ვეხვეწეთ, ქალები წადითო, ფეხი ვერ მოვაცვლევინეთო!
ნატო გიორგაძე ვაჟკაცური ბუნების გოგო იყო – მთებში სიარული უყვარდა და მთასვლელობაც ემარჯვებოდა. როდესაც გაიგეს, რომ მიტინგებზე დადიოდა, უფროსები აფრთხილებდნენ, –ნუ ეხუმრები ამ მთავრობას, შეეწირები ამ საქმესო! შემოიყრიდა დოინჯს და მტკიცედ პასუხობდა:–თუკი საქართველოს შევეწირები, განა ჩემზე ნაკლები მამულიშვილები შესწირვიანო? სურათის გადაღება არ უყვარდა და თანამშრომლებისთვის უთქვამს: –გოგოებო, რომ მოვკვდე, ერთი სურათიც არ მაქვსო გასადიდებელი! თეთრწვერა მოხუცი ეცხადებოდა ხოლმე, ეკითხებოდა – შენა ხარ ნატო გიორგაძეო? შენ ჩემთან უნდა წამოხვიდეო და თარიღს უსახელებდა, რასაც ნატო არ ამხელდა. თბილისიდან დას გაატანა ძმისშვილისთვის სათამაშოები: –მე შეიძლება ბავშვი ვეღარ ვნახო და ჩემს ძმას უთხარი, ეს სათამაშოები ნატომ შენი ბიჭისთვის იყიდა–თქო!
ნინო თოიძე მარტის ბოლოს ახლობელს ეხმარებოდა ქორწილში. მიტინგებზე ჩამოვარდნილა სიტყვა და ერთ ნათესავს უთქვამს – რად მინდა საქართველო, თუკი მე არ ვიქნებიო. ნინოს ხელი დაურტყამს მაგიდაზე: – მე კი თავს შევწირავ ჩემს საქართველოს. შენი შვილისთვისაც მე შევწირავ თავსო! არცერთ მიტინგს და დემონსტრაციას არ აცდენდა – ეს მიტინგები გვიახლოებს საქართველოს თავისუფლებასო – ამბობდა. იმ ღამესაც ბოლო წუთამდე მდგარა თავის მეგობარ აზა ადამიასთან ერთად და წყალს აწვდიდა მოშიმშილეებს. 28 მარტს თბილისში მიდიოდა და დედისთვის უკითხავს: –რას ნიშნავს, დედა, სიზმრად ვნახე, შავ ფეხსაცმელს ვყიდულობდიო. 4 აპრილს სურათი გადაუღია.– 9–ში მოაკითხეო, დაუბარებია ფოტოგრაფს; –ცოტა ადრე ქენი, 9–ში ეგება არც ვიყო ცოცხალიო –უთქვამს...
თამუნა ჭოველიძე – სკოლის მოსწავლის პირობაზე წინ უსწრებდა საკუთარ ასაკს – აღფრთოვანებული იყო ეროვნული მოძრაობის აღმავლობით – არ ენდობოდა ოფიციალური ხელისუფლების ყალბ განცხადებებს და დაპირებებს. უნივერსიტეტის შეხვედრაზე, სადაც პატიაშვილიც ჰყავდათ მიწვეული, დედას უთქვამს მისთვის: –რა კარგია, რომ გვეღირსა განათლებული და გონიერი ხელმძღვანელიო! თამუნა საყვედურით შეპასუხებია: –დედა, ნუთუ ვერ ხედავ, რომ ორპირა არისო; ცოტაც მოიცადე და მალე შენც მიხვდებიო! ნოემბერში და აპრილში არ გაუცდენია მიტინგის არც ერთი დღე – სულ მოშიმშილეებთან იყო, – მიჰქონდა წყალი და თბილი ტანსაცმელი. ისეთი მორიდებული იყო, როდესაც მშობლებს უთხრეს, 9 აპრილს მთავრობის სასახლის კიბეებთან ცეკვავდაო, არ დაიჯერეს. თუმცა არ აკლდა ჯანსაღი პატივმოყვარეობა. ერთხელ უთქვამს: –რომ მითხრან, ჩემი სამშობლოს სასიკეთოდ მსხვერპლად შეწირულს მთაწმინდაზე დაგასაფლავებთო, მზად ვარ დღესვე მოვიკლა თავი!
ეკა ბეჟანიშვილის სიტყვებს მოგვიანებით იგონებდა ბებია: –ბიჭი რომ ვიყო, სამშობლოს გასანთავისუფლებლად იარაღით ხელში ვიბრძოლებდიო! თუმცა უიარაღოდაც არ აკლებდა ბრძოლას – სკოლის მოსწავლე იყო და სკოლიდან სახლში მისვლის მაგივრად მიტინგებზე გადაუხვევდა ხოლმე. ქაშვეთში ილოცებდა და მერე მთელი ღამეები მომიტინგეებთან იყო – მოშიმშილეებს წყალს აწვდიდა. ბებიას საყვედურებზე პასუხობდა: – ეხლა ვჭირდებით ჩვენ საქართველოს და თუ საჭირო გახდება, თავიც უნდა დავდოთო მისთვის! იმ დღეს შარვალი ჩაიცვა და „ფიზიკის“ გაკვეთილის მაგივრად მიტინგზე წავიდა. ბოლო დღეებში ძილი ჰქონდა გატეხილი; ბებიას ეუბნებოდა: –ღამე ერთია და 16–ჯერ მეღვიძებაო – ვერ კი მოესწრო თავის მე–16 წელიწადს. მისი ბოლო შეკითხვაც ბებიას დაამახსოვრდა:– ბებო, ფოთოლცვენა მესიზმრა და მე ფოთლების წვიმაში დავდიოდი, ნეტავ ეს რას ნიშნავსო?
ნათია ბაშალეიშვილს მეტად გამძაფრებული ჰქონდა ეროვნული გრძნობა. სკოლაში დავალება მისცა მასწავლებელმა: „ვის მიულოცავდი სახელსა და დიდებას?“ მერაბ კოსტავას და ზვიად გამსახურდიასო – დაუწერია. ნოემბრის მიტინგებისთვის ლოზუნგებს ადგენდნენ მისი თანაკლასელები. ნათიას ასეთი ლოზუნგი შეუთავაზებია: „სჯობს მონობაში გადიდკაცებულს, თავისუფლების ძებნაში მკვდარი!“ დედას ძალიან ეშინოდა ქალიშვილის სამიტინგო აქტიურობის და გაუფრთხილებია: –საფრთხეა მოსალოდნელი; სიკვდილსაც დიდი დახვედრა უნდა. რომ დავიღუპოთ, ჩვენი ღარიბული ბინა არ არის გლოვისათვის მზადო... ნათიას წარბი შეუკრავს: – რას ამბობ, დედა, აუცილებლად დალაგებული უნდა გქონდეს ოჯახი, საქართველოსთვის რომ მოკვდე ადამიანი?
სამიც ახალგაზრდა მამაკაცები იყვნენ:
ნოდარ ჯანგირაშვილი მერაბ კოსტავას მეზობელი იყო და მერაბის ეროვნულ მრწამსს სრულად იზიარებდა. ჯარში ყოფნისას კინაღამ ტრიბუნალში მოხვედრილა –უფროსს შეუგინებია ქართველებისთვის და ნოდარს თავით კედელზე მიუხეთქებია. როდესაც მისმა ნაცნობ–მეგობრებმა ნოდარის სიკვდილის ამბავი გაიგეს, თქვეს: ნოდარი ისეთი პიროვნება იყო, სულერთია სამართლიანობისთვის ბრძოლას შეეწირებოდა და იქნებ უკეთესია, სამშობლოს თავისუფლებას რომ შეეწირაო! ბევრმა მისმა მეგობარმა იცოდა – ნოდარს ცხოვრების მიზნად ჰქონდა დასახული საქართველოს თავისუფლებისათვის ბრძოლა, დამპყრობთა ხელიდან გამოსახსნელად. იმ დღეს ორი და გაუყვანია სამშვიდობოს, უკან შებრუნებულა სხვათა დასახმარებლდ, მაგრამ ვეღარ გამოუღწევია იქიდან...
მამუკა ნოზაძე თბილისიდან უთვლიდა ოჯახს, ქორწილებში ვარ დაპატიჟებული, ვერ ჩამოვდივარო და ქორწილების ნაცვლად მიტინგებს არ აცდენდა – შიმშილობდა და თავიც ჰქონდა სამშობლოსთვის გადადებული: –თუ ჩვენით რაღაც გაკეთდება, მეც იქ უნდა ვიყო, სიცოცხლე გავწირო საქართველოს თავისუფლებისთვისო. განსაკუთრებული სინაზით უყვარდა თავისი ქვეყანა და შესანიშნავადაც იცოდა მისი ისტორიული წარსული. წინათგრძნობაც განსაკუთრებული ჰქონდა – 1 აპრილს მეგობართან ყოფილა სტუმრად სოფელში და მეგობრებისთვის ბოლო სადღეგრძელოდ სუფრაზე უთქვამს: –ძმებო, მოდით ეს იმას გაუმარჯოს, ვინც ჩვენს შორის პირველი მოკვდებაო!
შოთა ქვასროლიაშვილს, რაც მიტინგები დაიწყო თბილისში, თავის სოფელში გული არ უჩერდებოდა. –ეხლაო, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა შესაძლებელია, ძალიანაც შესაძლებელია და ჩემი ვალია იმ მიტინგებზე ყოფნაო! იმ ბოლო დღეს მეუღლეს უთქვამს, მეც წამოვალ თბილისშიო, მაგრამ პასუხად უარი მიუღია: –არა, შენ დარჩი, ბავშვებს მიხედეო. სხვათა შორის, მისთვის ადრე უკითხავთ, სოფლის დღეობაზე ხომ ჩამოხვალ 2 მაისსო? არა, მე ვერ ჩამოვალ და რათაო, რომ გადაჰკითხებიან –ეგ არ ითქმებაო... იმ ღამეს ერთობ გამოუჩენია თავი – შუა ჩეხვაში გადაეშვა თურმე – ქალს როგორ ურტყამთ, ქალსაო და ისიც ზედ მიაყოლეს იმ ქალს. სულთმობძავს საავადმყოფოში გვარი ჰკითხეს და რომ დაუწყია „ქვა...“ ალბათ ქვა აქვს მოხვედრილიო, უფიქრიათ, მაგრამ მერე დაუმატებია „შვილი, ორი შვილიო“ და სულიც განუტევებია.
აი, ის ზვარაკად შეწირული ქართველები, რომელთაც განახვნეს კარი საქართველოს თავისუფლებისა – ამ ახალი დროის წმიდა მოწამეთა მიერ დაღვრილმა სისხლმა ახალი ჟამთაღრიცხვა დაიწყო საქართველოში და უკვდავების ნიშნით აღბეჭდილი მათი სახელები კურთხევით მოიხსენიება შთამომავლებში აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე!
კომენტარი