სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუს ოკუპანტებს აძევებენ!

კლინტონის თვითმფრინავის კვალი საქართველოს ცაზე გაფანტულიც არ იყო, რომ ქართული საზოგადოება უკვე ვიზიტის შედეგების შესახებ ალაპარაკდა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თბილისურმა განცხადებამ, რუსეთის მიერ აფხაზეთიდან და ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან ჯარების გაყვანის აუცილებლობის და საქართველოს დეოკუპაციის პროცესის დაწყების თაობაზე, ადგილობრივი პუბლიკა ფრიად ააღელვა.
რუსეთ-აშშ-ს შორის „გადატვირთვის პოლიტიკით“ მანიპულირებამ, ამ მანიპულაციებს მოყოლებულმა ქვედინებებმა, ჩვენს ქვეყანას უამრავი დამატებითი საფიქრალი გაუჩინა. პრეზიდენტ ობამას და მისი ადმინისტრაციის ლოიალურმა პოლიტიკამ რუსეთთან მიმართებაში გარკვეული ეჭვების საფუძვლისათვის იმდენი გვერდითი მოვლენა წარმოშვა, რომ ამ ლაბირინთში გზის გაკვლევა უკვე დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული.
თუმცა საქართველოს საკითხი ნახსენებ კონტექსტში ჯერ კიდევ ვაშინგტონში მედვედევის ვიზიტამდე გახმიანდა. მაშინ ბარაკ ობამას მთავარმა მრჩეველმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, მაიკლ მაკფოლმა განაცხადა, რომ ობამას ერთ-ერთი საგარეო პოლიტიკური მიზანი არის ხელი შეუწყოს საქართველოს ოკუპაციის მშვიდობიანი გზით დასრულებას.
აშშ-ს არ აძლევს ხელს ჩვენი ქვეყნის ამ მრავალწლიანი პრობლემის სამხედრო გზით მოგვარება და, ყველა ფაქტორი ამტკიცებს, რომ გაითვალისწინებს სეპარატისტული რეგიონების მცხოვრებლების მოსაზრებებსაც. ადვილი შესაძლებელია თანდათან, მეთოდურად მიიყვანონ პრობლემა მშვიდობიან გადაწყვეტამდე.
საქართველოზე რუსეთის აგრესიის განხორციელების შემდეგ ორ ზესახელმწიფოს შორის გაფუჭებული ურთიერთობების დაბალანსების ორმხრივი სურვილის მიუხედავად, აშკარაა, რომ საქმე არც ისე მარტივადაა. ობამას საკუთარმა სტრუქტურებმა „კრემლის აგენტის“ იარლიყი მიაკერეს და მედვედევ-პუტინისადმი ლოიალურ დამოკიდებულებაში დაადანაშაულეს, მაგრამ ისიც აღსანიშნავია, რომ კლინტონის ვიზიტამდე მცირე ხნით ადრე, ობამამ ორი ქვეყნის ურთიერთობაში ჯერ კიდევ პრობლემურ საკითხად საქართველოც ახსენა.

აშშ-ის პირველი პირის ამ განცხადებას მოჰყვა კლინტონის ვიზიტი და ტერმინ „ოკუპაციის“ გამოყენება. ფაქტია, რომ თანამედროვე მსოფლიოში გეოპოლიტიკური სიტუაცია და მოვლენები ელვის სისწრაფით იცვლება. მაგალითად, გუშინ თუ აშშ რუსეთს მყარ გარანტიას აძლევდა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებაში მხარდაჭერის კუთხით, დღეს საკუთარი განცხადებები მნიშვნელოვნად შეცვალა.

ობამასა და მედვედევს კარგი პირადი ურთიერთობები აქვთ, მაგრამ ერთად სათევზაოდ წასვლა და სადილი მხოლოდ თანმდევ დამატებით ფაქტორად იქცევა, როცა საქმე გლობალურ ინტერესებს ეხება. არ არის გამორიცხული, კლინტონის ვიზიტით საქართველოში, აშშ-ი ცდილობს, ისიც დაანახოს საქართველოს და მის მსგავს სახელმწიფოებს, რომ ის კვლავ მათ გვერდითაა და არ მიუტოვებია, როგორც აქ მიიჩნიეს სამართლიანად გარკვეული მოვლენების გამო.
მაგალითად, ეს შფოთი გააძლიერა გასული წლის სექტემბერში მომხდარმა ფაქტმა, როდესაც ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა თავიანთი ახალი ანტისარაკეტო თავდაცვითი სტრატეგიის შესახებ განაცხადეს, რომელიც პოლონეთსა და ჩეხეთში ანტისარაკეტო ფარის განთავსების გეგმებზე უარს წარმოადგენდა. ამის შესახებ მათ ამ სახელმწიფოთა მთავრობები სულ რაღაც რამდენიმე საათით ადრე გააფრთხილეს. თუმცა, როგორც ცნობილია, მოგვიანებით სიტუაცია შეიცვალა.
ის, რომ ვიზიტი ძალზე მნიშვნელოვანი იყო, ამის ყველაზე ზუსტი ბარომეტრი შეიძლება იყოს პუტინის გაღიზიანებული რეაგირება, თუ ლავროვის უწყების განცხადებები. რუსეთის პრემიერმა შეგნებულად შეარჩია მომენტი, როდესაც უნდა შეეკრიბა ქართველი ჟურნალისტები და შეეცადა, თუნდაც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში, გაენეიტრალებინა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მიერ გამოთქმული მოსაზრებები და ტერმინები.

როგორც ექსპერტები აცხადებენ, რასაკვირველია, როდესაც მსოფლიოს უძლიერესი სახელმწიფოს ნომერ პირველი დიპლომატი ჩამოდის ქვეყანაში, ეს არ არის გასეირნება ამ პაპანაქება სიცხეში. ვიზიტის შედეგებს კი ქვეყანა არა კონკრეტულ ვადებში, არამედ პერმანენტულ რეჟიმში აღიქვამს.
პოლიტოლოგ სოსო ცინცაძის თქმით: „ადრე თუ გვიან, დეოკუპაცია და აღიარებების უკან წაღება გარდაუვალი პროცესია. რუსეთი ცდილობს, რაც შეიძლება გვიან მოხდეს ეს. ეს ვიზიტი რომ აძლიერებს დეოკუპაციის პროცესს, ფაქტია და უჩვენებს რუსეთს, რომ მას სხვა გზა არ ექნება სამომავლოდ. მაგრამ, მოდით, ვადებს ნუ დავთქვამთ და ნუ ვიტყვით, როდის მოხდება ეს. არასწორი იქნებოდა გვეფიქრა, რომ კლინტონი ჩამოვიდა ივლისის პირველ რიცხვებში და აგვისტოს პირველ რიცხვებში რუსეთი დაიწყებს ჯარების გაყვანას. ეს პროცესია – ძალზე რთული, ხანგრძლივი, ძნელი პროცესი. კარგი ისაა, რომ აშშ-ი პრინციპულად დაადგა ამ გზას“.
თუმცა რუსეთი მიიჩნევს, რომ აშშ-თან უკვე საკმარის დათმობებზე წავიდა. დათანხმდა ირანის მიმართ სანქციებზე, ამერიკულ თვითმფრინავებს ავღანეთის გზაზე რუსეთის საჰაერო სივრცით სარგებლობის შესაძლებლობა მისცა, ასევე არსებობს ტერორიზმთან საერთო ბრძოლის საკითხი, ხელშეკრულებები და ასე შემდეგ, მაგრამ იგივე ჩვენთვის მთავარი საკითხი შეიძლება იყოს, სიტყვაზე, რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შესვლის თემა.
ობამა და მედვედევი თითქოს შეთანხმდნენ, რომ სექტემბერში რუსეთი გახდება ამ ორგანიზაციის წევრი, მაგრამ საქართველოს თანხმობის გარეშე ეს ვერ მოხდება. ამიტომ რუსეთს მოუწევს კიდევ გარკვეულ კომპრომისებზე წასვლა. რა კომპრომისები იქნება ეს, ამის თაობაზე ეჭვიც არაა, რომ კლინტონი და სააკაშვილი ილაპარაკებდნენ. თუ რაზე იყო საუბარი კონკრეტულად ამ კონფიდენციალურ შეხვედრაზე, ამას ჩვენ მხოლოდ საბოლოო შედეგების მიხედვით თუ მივხვდებით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100