სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თსუ პროფესორების მიმართვა ლევილის შატოსთან დაკავშირებით

ბოლო დროს სულ უფრო აქტუალური ხდება საფრანგეთში მდებარე ლევილის მამულის ქართული სათვისტომოსთვის გადაცემისა და იქ ევროპაში ქართული კულტურის გავრცელების ცენტრის გახსნის შესახებ. დაგეგმილია ლევილში ვილა მედიჩის მოდელის მოწყობა. არსებობს პროექტი, რომლის განხორციელებისთვის საჭიროა ყველა ქართველის ერთიანი ნება. პროექტის განხორციელებაში განსაკუთრებული სიტყვა საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის წევრთა მემკვიდრეებმა უნდა თქვან. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებმა და სტუდენტებმა ერთიანი მიმართვის ტექსტი შეიმუშავეს, რომელზე ხელმოწერებიც უკვე დაწყებულია. ვაქვეყნებთ მიმართვის ტექსტს:

„სულ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა ბატონი ო. ზურაბიშვილის პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს საფრანგეთში ქართველებისათვის ძალზე სიმბოლური ადგილის, ლევილის შატოს, ევროპაში ქართული კულტურის გავრცელების ცენტრად ქცევას და ვილა მედიჩის მოდელის მიხედვით მის მოწყობას. გავეცანით რა ამ უაღრესად მნიშვნელოვან დოკუმენტს, ჩვენ, თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის პროფესორებს ჩვენი აზრის გამოსახატავად პირველ რიგში გვსურს, მივმართოთ საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის მემკვიდრეებს:

ბატონებო და ქალბატონებო!

იყო დრო, როდესაც თქვენ, უცხოეთში მცხოვრებ ემიგრანტთა შთამომავლებს საქართველოს მიწაზე ფეხის დადგმა სასტიკად გეკრძალებოდათ, ხოლო თბილისიდან საფრანგეთში ჩასული ქართველებისთვის თქვენთან შეხვედრა „დიადი სამშობლოს (სსრკ- ის)“ ღალატის ტოლფასი იყო. საქართველოს მოწყვეტილი პარიზელი ქართველები მხოლოდ წმ. ნინოს ქართულ ეკლესიაში ახერხებდით ქართულ პრობლემებზე მსჯელობას.

ამის მიუხედავად, თქვენი წინაპრები, როგორც კი ამის შესაძლებლობა ეძლეოდათ, თავდაუზოგავად იღწვოდნენ საქართველოსთვის და ამგვარად ე. წ. ქართული საქმე მათი ცხოვრების ნაწილად იქცა. რაკი დღეს, საქართველოში მცხოვრებ ქართველებს მოგვეცა საშუალება უფრო ღრმად ჩავწვდეთ ქართული ემიგრაციის ცხოვრებას, ბევრი ჩვენგანისთვის სამაგალითოა სამშობლოზე უსაზღვროდ შეყვარებული ქართველი ემიგრანტების, გრიგოლ ფერაძის, ექვთიმე თაყაიშვილის, ელი მელიას, ლევან ზურაბიშვილის, იოსებ კემულარიას და სხვათა ცხოვრება.

სწორედ ამიტომ, თითოეული ჩვენგანისათვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია და დასამახსოვრებელი ის დღე, როდესაც საფრანგეთში მცხოვრებ ქართველთა სათვისტომოს პრეზიდენტმა ოთარ ზურაბიშვილმა და თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახ. უნივერსიტეტის მაშინდელმა რექტორმა გ. ხუბუამ ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრობლობის მემორანდუმს, რაც, ჩვენი აზრით, სათვისტომოს საქართველოსთან დაახლოებისაკენ გადადგმული პირველი სერიოზული ნაბიჯია.

ჩვენ, უნივერსიტეტის პროფესორებს, ასევე სტუდენტებს, არასდროს დაგვავიწყდება ის, რომ თითოეულმა თქვენთაგანმა ამ უკანასკნელი წლების მანძილზე არ დაზოგა თავისი როგორც მორალური, ასევე მატერიალური შესაძლებლობები და შეჭირვების ჟამს გვერდში დაუდგა როგორც ჩვენს სტუდენტობას, ასევე რუსეთ-საქართველოს ომის დროს დევნილ ქართულ მოსახლეობას. ეს დახმარება, მეგობრებო, განსაკუთრებით მორალური თვალსაზრისით, ფასდაუდებელია.

ამიტომაც გვჯერა, რომ სწორედ თქვენ, საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის შთამომავლები მხარს დაუჭერთ თქვენი წინაპრების მორალური ანდერძის აღსრულებას და ხელს შეუწყობთ ბატონი ოთარ ზურაბიშვილის მიერ წარმოდგენილი ლევილის პროექტის განხორციელებას.

ლევილი, ხომ ქართული სახელმწიფოს, ქართველი ხალხის უმნიშვნელოვანესი განძია. ის განუყოფლად ეკუთვნის როგორც ღვაწლმოსილ ქართველ ემიგრანტთა შთამომავლებს, ასევე თითოეულ ქართველს და ჩვენ, ყველას ერთად, წინაპართა დარად, საერთო ქართული საქმე გვაქვს საკეთებელი!

გვჯერა, რომ თითოეული თქვენთაგანი ღირსეული წინაპრების მსგავსად, საკუთარ წვლილს შეიტანს საქართველოს ევროპულ სივრცეში ინტეგრაციის საქმეში და თქვენ, ქართველთა სათვისტომო, განსაკუთრებით იმ ემიგრანტთა შთამომავლები, რომლებსაც რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის გამო, იძულებით სამშობლოს დატოვება მოუხდათ და ჩვენ, საქართველოს პირველი უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები, ყველა ქართველისათვის ასე ნანატრი ერთიანობის მაგალითი გავხდებით.“

ამ დროისთვის ტექსტს უკვე მოაწერა ხელი 50–ზე მეტმა ადამიანმა. ხელმოწერები გრძლედება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100