ფოტოისტორია: ჟაკლინ კენედი და ნინა ხრუშჩოვა
– ნიკიტა, იქნებ ცოლ–შვილიც წაგეყვანა, ნინა ინგლისურად ლაპარაკობს, ბავშვებიც, იმათ ხომ კაციჭამიები ვგონვართ და იქნებ დარწმუნდნენ საპირისპიროში .. -
ამ სიტყვებით დიპლომატიით განთქმულმა მიქოიანმა ცეკას იმჟამინდელ მდივანს მიმართა მორიგი საერთაშორისო ვიზიტის წინ.
ნინა ანუ ნინა პეტროვნა კუხარჩუკი-ხრუშჩოვა 1900 წლის 14 აპრილს უკრაინის ერთ–ერთ პატარა სოფელში დაიბადა და პირველი საბჭოთა „პირველი ლედი“ იყო, რომელიც მეუღლეს საზღვარგარეთ დაჰყავდა.
ამ ფოტოზე პერსონაჟებიდან, თავდაპირველად. ყურადღებას, რასაკვირველია, ჟაკლინ კენედი იპყრობს - უნაკლოდ ჩაცმული და დახვეწილი ამერიკის პირველი ქალბატონი. მის გვერდით მუშურ–გლეხური გარეგნობის ხალათიან ქალს მერეღა ვამჩნევთ და გვიკვირს.
ეს ფოტო ბევრგან შემხვედრია ფორუმებზე, "ფეისბუქზე" თუ ინტერნეტ-გამოცემებში და ყველგან დაახლოებით ერთსა და იმავეს წერენ: „უი, ხრუშჩოვის ცოლი, რას ჰგავს, რა აცვია, ეტყობა საბჭოთა კავშირს, სექსი რომ არ იყო, „ჯეკის ფონზე საშინელებაა“ და ასე შემდეგ..
ნინა კუხარჩუკი ხუტორში დაიბადა , გლეხის ოჯახში, ჟაკლინ ბუვიე კი ამერიკის ძირძველ არისტოკრატულ ოჯახში. მის განათლებაზე და აღზრდაზე უამრავს წერენ, მაგრამ ის, რომ ნინა პეტროვნამ იცოდა ინგლისური, ფრანგული და პოლონური, (რუსული და უკრაინული ხომ თავისთავად) ძნელია, ვინმემ დაიჯეროს.
არც ის ფაქტია მაინცდამაინც ცნობილი, რომ ახალგაზრდობაში მან ფრონტი მოიარა, მეგობრობდა იმ დროის ცნობილ რევოლუციონერებთან და ცხოვრობდა თითქმის თანამედროვე პრინციპებით. ხრუშჩოვის უკრაინის ცეკას მდივნობის პერიოდში თითქმის არავინ იცოდა მისი ვინაობა, ტრამვაით მგზავრობდა სამსახურში და ზრდიდა შვილებს და გერებს, პარალელურად კი უცხო ენებს სწავლობდა. ოფიციალურად ნიკიტა და ნინა მხოლოდ 41 წლის თანაცხოვრების მერე დაქორწინდნენ, ისიც საბინაო საკითხების გამო. სწორედ მის გავლენას მიაწერენ ხრუშჩოვის პერიოდში განათლების საკითხებისადმი ყურადღებას და ყირიმის დაბრუნებას უკრაინისათვის.
ოჯახური ურთიერთობები? დაძებნეთ გუგლში ხრუშჩოვის საყვარლები -. ვერაფერს იპოვით. ჯონ კენედის რომანები? ძებნაც არ დაგჭირდებათ.
ეს ფოტო გადაიღო უცნობმა ავტორმა ვენაში, საელჩოში შეხვედრაზე, 1960 წლის 4 ივნისს, საბჭოთა კავშირის ზეობის ხანაში.. კუბის კრიზისი მწიფდება, გაგარინი ეს–ესაა ეწვია კოსმოსს და სახელგანთქმული ფეხსაცმელიც უკვე დაეთხლიშა მაგიდას გაეროში.
ხრუშჩოვი მსოფლიოს ერთ–ერთი ყველაზე გალენიანი პერსონაა, ეს თმაშეუღებავი, უხეშნკავთებიანი ქალი კი - მისი მეუღლე, რომლის ბიოგრაფიაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რამდენად უმნიშვნელოა გარეგნობა და როგორი მატყუარა შეიძლება იყოს ისტორიული კონტექსტის გარეშე განხილული ფოტო.
სტატიის ბოლოს თანდართულ ფოტოზე კი ნიკიტა და ნინა ხრუშჩოვები არიან გამოსახულნი, თანაცხოვრების ადრეულ წლებში.
კომენტარი