სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსეთის პატრიარქი ხელისუფლებას დაუპირისპირდა

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილმა ხელისუფლებას მოუწოდა, "ადამიანების მიერ გამოთქმულ პროტესტს მოუსმინოს".

ამის შესახებ რუსეთის პატრიარქმა საშობაო ინტერვიუში განაცხადა, რომელიც დღეს ტელეარხ “როსია 1”-ის ეთერით გადაიცა.

"თუ ხელისუფლება გამოხატული პროტესტის მიმართ უგრძნობი დარჩება, ეს ძალიან ცუდი ნიშანია იმისა, რომ მას თვითრეგულირების უნარი არ გააჩნია. ხელისუფლება უნდა იყოს განწყობილი იმისთვის, რომ მათ შორის გარე სიგნალებიც აღიქვას და კურსის შესაბამისი კორექტირება მოახდინოს. თუ რაიმე ხდება, საზოგადოებას უფლება აქვს,საკუთარი უკმაყოფილება გამოთქვას", - განაცხადა კირილმა.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ "ადამიანი, რომელიც სხვებისგან სიმართლეს ითხოვს, საკუთარი თავის წინაშეც მართალი უნდა იყოს"

"ნუთუ მომიტინგეებს შორის არ არიან ისეთები, ვინც საკუთარ ქმარს ან ცოლს ატყუებს, ორმაგ ცხოვრებას ეწევა და ბიზნესში არაკეთილსინდისიერია?! თუ ჩვენ ჩვენს პირად, ოჯახურ ცხოვრებაში, ჩვენი პროფესიონალიზმის სფეროში ტყუილს ჩავდივართ, მაშინ რატომ მოვითხოვთ ასე მხურვალედ, სიმართლემ სადღაც მაკროდონეზე შეისხას ხორცი, ხოლო მიკროდონეზე ის არ იყოს?!", - განაცხადა რუსეთის პატრიარქმა.

მისივე აზრით, "ხელისუფლებისა და საზოგადოების ურთიერთობებს რუსეთში ბიუროკრატია ართულებს".

"ერთ-ერთი გლობალური პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ხელისუფლების ის წარმომადგენლები, რომლებთანაც მოსახლეობას უწევს ურთიერთობა, რუსი ხალხისთვის მიუღებელია. ჩვენთან რა, ხალხი პრეზიდენტთან ან მინისტრებთან ურთიერთობს? ჩვენთან ხალხს მილიციონერებთან, კომუნალური სამმართველოების ხელმძღვანელებთან უწევს შეხება და რიგით მოქალაქეს კოშმარად აქვს ქცეული ხელისუფლების ეს დონე" – აღნიშნა კირილმა.

ამასთან, რუსეთის პატრიარქის თქმით, "ეკლესია არავის მხარეს არ იკავებს".

"ჩვენს მრევლში არიან ისეთებიც, ვინც საპროტესტო აქციაზე გავიდა და ისეთებიც, რომელთა წინააღმდეგაც ხორციელდება საპროტესტო გამოსვლები. ეკლესიის სიტყვა პოლიტიზირებული არ უნდა იყოს. ეკლესიის სიტყვა სიმართლეს უნდა ატარებდეს, რომელსაც ყველა მიიღებს", - დასძინა მან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100