სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მედვედევმა აღიარა, რომ 2008-ში საქართველოს ხელისუფლების დამხობას აპირებდა

დიმიტრი მედვედევმა აღიარა, რომ 2008 წელს, საქართველოზე განხორციელებული თავდასხმისა და 5-დღიანი ომის მთავარი მიზანი საქართველოს ხელისუფლების შეცვლა იყო. ინტერვიუში, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა რადიოსადგურ “ეხო მოსკვი”-სა და ტელეკომპანია “პირველ კავკასიურს” მისცა, მედვედევმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი მადლიერი უნდა იყოს მისი, რადგან 2008 წლის აგვისტოში სწორედ მან არ დაუშვა რუსეთის ჯარების თბილისში შესვლა, რაც, მედვედევის თქმით, შედეგად იმას გამოიწვევდა, რომ დღეს საქართველოს სხვა პრეზიდენტი ეყოლებოდა.

“სააკაშვილმა დანაშაული ჩაიდინა რუსეთის ფედერაციისა მისი მოქალაქეების წინააღმდეგ. მისი მითითებით მოკლულ იქნა ასობით ჩვენი მოქალაქე, მათ შორის მშვიდობისმყოფლები. ამას, მე მას არასოდეს ვაპატიებ და ამიტომ არც დაველაპარაკები. სხვებთან კი პრობლემას ვერ ვხედავ. ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ ნებისმიერ თემაზე, რა თქმა უნდა იმ საერთაშორისო-სამართლებრივი სტატუსის ფარგლებში, რომელიც დღეს რეგიონშია.” “ჩემთვის ძალიან მტკივნეულია, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არ არის ნორმალური ურთიერთობები. ჩვენ ახლობელი ხალხები ვართ. რომ არა ეს იდიოტური ავანტიურა, ძალიან რთული პოლიტიკური პროცესიც კი, რომელიც მაშინ ხდებოდა, შეიძლება წლობით გააჭიანურო ისე, რომ საბოლოოდ მიიღო მისაღები შედეგი როგორც საქართველოსათვის, ისე სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთისათვის. სწორედ ამას არ ვაპატიებ არასოდეს.”

მედვედევმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ ახლა შეიძლება გულახდილი იყოს და აღიაროს, რომ მის გეგმებში არ შედიოდა სააკაშვილის დამხობა, თუმცა არ უარყოფს, რომ “ამის გაკეთება ძალიან ადვილი იქნებოდა.”

“მშვიდობის იძულებით დამყარების ოპერაციის მიზანი არ იყო თბილისის ან რომელიმე სხვა ქალაქის აღება. უნდა შეგვეჩერებინა აგრესია, რომელიც სააკაშვილმა წამოიწყო. მე არ ვარ მოსამართლე და არც ჯალათი, მაგრამ კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ სააკაშვილის შეფასება უნდა მოახდინოს ხალხმა – არჩევნების ან სხვა მეთოდების გამოყენებით, როგორც ეს ზოგჯერ ხდება ხოლმე ისტორიაში. მაგრამ ჩემს გეგმებში – და ახლა ამის თქმა გულახდილად შემიძლია, - არ შედიოდა სააკაშვილის რეჟიმის დამხობა, რისი გაკეთებაც ძალიან ადვილი იყო” – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

თუმცა ამავე ინტერვიუში მედვედევმა პირველად აღიარა, რომ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში შესაძლებელია საქართველოსთან ურთიერთობების აღდგენა, თუკი საქართველო შეწყვეტს რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხს ბლოკირებას. ამ “კომპრომისს” მან საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებასთან “პონეტციური “შეხების წერტილი” უწოდა, რის შემდეგაც შესაძლებლად თვლის მომავალში, რუსეთსა და საქართველოს შორის აღდგეს ჯერ სავაჭრო-ეკონომიკური, შემდგომ კი დიპლომატრიური ურთიერთობები. თუმცა მედვედევი იმასაც აცხადებს, რომ საქართველო რომც წავიდეს ამ დათმობაზე, რუსეთი მაინც არ აპირებს გადახედოს ან შეცვალოს არსებული პოლიტიკური რეალიები.

აღნიშნულ ინტერვიუსთან დაკავშირებით “გაზეტა რუ”-ს კორესპონდენტთან საუბარში განმარტებები გააკეთა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა ნატალია ტიმაკოვამ. მან აღნიშნა, რომ ინტერვიუს ჩაწერა “ეხო მოსკვი”-მ ითხოვა, რომელიც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე გადაცემათა ციკლს აკეთებს და უკვე აიღო ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილისგანაც. თუმცა, ტიმაკოვას თქმით, “მედვედევის ინტერვიუს სააკაშვილის ინტერვიუს პასუხი ეწოდოს, ეს ძალიან დიდი პატივია. უბრალოდ, ჟურნალისტებს აინტერესებდათ რუსეთის პოზიცია სქართველოსთან დაკავშირებით. რაც შეეხება ტელეკომპანია “პირველი კავკასიურის” ჟურნალისტებს, რომლებიც ასევე იწერდნენ მედვედევის ინტერვიუს, ეს რუსულენოვანი არხია და კავკასიის მასშტაბით მაუწყებლობს. ეს ჩვენი იდეა იყო, რომ რომელიმე ქართული არხიც ყოფილიყო და “ეხო მოსკვიმ” ეს ტელეკომპანია წარმოადგინა. ჩვენც დავთანხმდით” – განაცხადა ტიმაკოვამ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100