"საქართველო უნდა იყოს ხარისხის ქვეყანა”- მამუკა ხაზარაძე
“ლელოს” თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე “ლელოს” “მარშალის გეგმას” განავრცობს და როგორც დედაქალაქის, ასევე რეგიონებისა და საქართველოს სხვა დიდი ქალაქების ეკონომიკურად გაძლიერების პირობებს განიხილავს.
მამუკა ხაზარაძის თქმით, ხარისხიანი ქვეყნის შესაქმნელად ეტაპების გავლაა საჭირო, რომელიც “ლელომ” საკუთარ გეგმაში წარმოადგინა. მისი თქმით, დღეს მხოლოდ საქართველოს დედაქალაქია დასაქმების ეპიცენტრი და ხალხი საკუთარ ქალაქებსა და რეგიონებში ვერ საქმდება.
“ყველა საარჩევნო გამოსვლა, რომელიც მე აქამდე მომისმენია, იყო პროპაგანდა, რომ ისინი შექმნიდნენ სამუშაო ადგილებს და გააძლიერებდნენ ეკონომიკას. თუმცა, ეს არავის მიუყვანია ფინალამდე, რადგან ქვეყანაში არ შექმნილა ძლიერი საშუალო ფენა, რომელიც აუცილებლად უნდა განვითარდეს და საზოგადოების ხერხემლად იქცეს. ჩვენი ამოცანაა, 4 წელში შევქმნათ ძლიერი საშუალო ფენა, გადავხედოთ დღევანდელ
რეალობას, თბილისშია ქვეყნის მოსახლეობის 90% თავმოყრილი, იმიტომ რომ ეს ხალხი სხვაგან ვერ საქმდება და ეს არის ხელისუფლების პრობლემა. “ლელოს” გეგმაა, რომ თბილისი უფრო მეტად განვავითაროთ, ხოლო სხვა დიდ ქალაქებსა და რეგიონებში შევქმნათ სამუშაო ადგილები, რათა მოსახლეობამ შეძლოს არჩევანის გაკეთება, სად უნდა იმუშაოს და სად გაჯანსაღდეს ეკონომიკურად,”-განაცხადა ხაზარაძემ.
“საქართველო უნდა იყოს ხარისხის ქვეყანა”- ამის შესახებ “ლელოს” თავმჯდომარემ განაცხადა. ხაზარაძის თქმით, ქვეყანაში თუ ეკონომიკური ნახტომი არ განხორციელდა, არსებული ჭაობიდან ვერ ამოვა საქართველო. ამის გამოსწორებას კი “ლელო” საკუთარი გეგმით აპირებს.
“საქართველო უნდა გახდეს ხარისხის ქვეყანა, არაფერი უხარისხო არ უნდა შემოვიდეს ამ ქვეყანაში. ჩვენ არ ვართ ის ერი, დარჩენილი, გაფუჭებული და მესამე ხარისხის პროდუქცია მივიღოთ. არ უნდა შემოვიტანოთ და არ უნდა გავიტანოთ მსგავსი პროდუქცია. “Made in Georgia” უნდა გახდეს ბრენდი. ასევე მნიშვნელოვანია, განვავითაროთ რეგიონები და დიდი ქალაქები - ქუთაისი, ბათუმი, ანაკლია, თელავი, რაჭა და სხვა. კულტურისა და ჩვენი იდენტობის წინ წამოწევის გარეშე ვერ განვვითარდებით. უნდა შევინარჩუნოთ ოქროს შუალედი - უნდა განვვითარდეთ, მაგრამ არ დავკარგოთ ჩვენი კულტურა. როდესაც ვლაპარაკობ რეგიონულ განვითარებაზე, განგიმარტავთ, რა მაქვს მხედველობაში. კახეთი - ღვინის მხარე; ანაკლია დაკავშირებულია ღრმაწყლოვან პორტთან და ამას აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე; ქუთაისი უნდა გავხადოთ ლოჯისტიკური და ფინანსური ჰაბი.
ბათუმში უნდა განვავითაროთ სანაოსნო და საზღვაო ინდუსტრია, ამის ყველა რესურსი გვაქვს. აი, ეს მოგვცემს იმის საფუძველს, რომ განვავითაროთ ქვეყნის ეკონომიკა,”-აცხადებს მამუკა ხაზარაძე.
კომენტარი