სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მადლიერი აფხაზი მარიონეტები მამუკა არეშიძეს მოქალაქეობას სთავაზობენ

"ის იქნება პირველი აქედან წასული ქართველი, რომელიც სიამოვნებით უნდა მივიღოთ პერსონალური მოწვევით და სიამოვნებით უნდა მივცეთ აფხაზეთის მოქალაქეობა და პასპორტი. არა მგონია, უარი თქვას", – ასე აფასებენ აფხაზური, მარიონეტული ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილ ფორუმებზე მამუკა არეშიძის ინიციატივას აფხაზი ბლოგერები. სულაც არ არის გამორიცხული, ბლოგერთა ინიციატივას მარიონეტული ხელისუფლებაც გამოეხმაუროს და მამუკა არეშიძე პირველი ქართველი გახდეს, რომელსაც "დამოუკიდებელი" აფხაზეთის მოქალაქეობას საომარი მოქმედების შეწყვეტიდან 18 წლის თავზე შესთავაზებენ.

მამუკა არეშიძის თქმით კი, აფხაზეთის სამართლებრივი სტატუსის ამაღლება ერთადერთი რესურსია, რომლსაც აფხაზური ეთნოფონდის შენარჩუნება, გაუცხოებულ ქართველებსა და აფხაზებს შორის ყინულის ლღობა და მათი შერიგება შეუძლია.

არეშიძის ამ იდეას საზოგადოების უმრავლესობა არ იზიარებს. ყოფილმა დისიდენტმა, ,,ილია ჭავჭავაძის საზოგადოების“ თავჯდომარე თამარ ჩხეიძემ მამუკა არეშიძეს სახელმწიფო მოღალატეც კი უწოდა.

,,დრონი.ჯი“ მამუკა არეშიძეს დაუკავშირდა და იმ არგუმენტებზე ესაუბრა, რომლითაც აფხაზეთის დამოკიდებლობის აღიარების იდეას ასაბუთებს.

- თქვენმა იდეამ, აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ, საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია.

– საზოგადოებამ კარგად ვერ გაიგო იმ იდეის არსი, რომელიც მე გავახმოვანე. ვთქვი, რომ ვარ არა აფხაზეთის დამოუკიდებლობის უპირობოდ აღიარების მომხრე, არამედ აფხაზებთან ამ თემაზე მოლაპარაკების. აფხაზებთან მოლაპარაკების მთავარი პირობა უნდა იყოს რუსეთის ჯარების გაყვანა ოკუპირებული ტერიტორიიდან, ოღონდ საერთაშორისო თანამეგობრობის მყარი გარიანტიებით. ხშირ შემთხვევაში, აფხაზეთის დაბრუნების საკითხზე ისეთი პიროვნებები საუბრობენ, რომლებმაც ზუსტად არ იციან იქ რა ხდება და რა მდგომარეობაა. ამ იდეის გახმოვანების შემდეგ ზოგიერთები მაკრიტიკებენ. ჩანს, რომ ქართული საზოგადოება მაინც იმაზეა ორიენტირებული, რომ სხვამ მოაგვაროს მისი პრობლემები, მისი ჩარევის გარეშე.

– ამ იდეის გახმოვანების შემდეგ, ყოფილმა დისიდენტმა თამარ ჩხეიძემ თქვენ სახელმწიფო მოღალატე გიწოდათ.

– მოვისმინე ეს განცახდება. რა უნდა ვთქვა, თამრიკო ჩხეიძეს იგივე პასუხს არ გავცემ. რა თქმა უნდა, ჩემთვის მტკივნეული იყო იმის მოსმენა, რომ მოღალატე მიწოდა; თუმცა ეს ხომ ქართული სენია, საკმარისია საწინააღმდეგო აზრი გამოთქვა, მაშინვე თავს გესხმიან და გლანძღავენ. არ უნდათ გაიაზრონ ესა თუ ის იდეა და პირდაპირ შეურაცხყოფაზე გადმოდიან. თამარისნაირი ადამიანები დარჩნენ 80–იან წლებში და ყველაფერში შეთქმულების თეორიას ხედავენ.

– რატომ მიგაჩნიათ, რომ აფხაზეთის კონფლიქტის გადაჭრა, მხოლოდ მისი დამოუკიდებლობის აღიარებით მოხერხდება?

აფხაზებთან კონფლიქტი რომ მოვაგვაროთ და რუსეთი ჩამოვიშოროთ, ამის სამი გზა არსებობს. პირველი, ეს არის მშვიდობიანი მოლაპარაკებები, რომელიც უკვე წლებია მიმდინარეობს, თუმცა შედეგი არ მოჰყოლია; მეორე, დაველოდოთ როდის მოხდება რუსეთში ისეთივე ეკონომიკური კრახი, როგორიც 80–იან წლებში მოხდა, მაგრამ არავინ იცის ეს როდის მოხდება, შეიძლება დღეს, ან ათი წლის შემდეგ და მესამე, აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება, რაც აფხაზეთსა და რუსეთს შორის განხეთქილებას გამოიწვევს. ეს რუსეთს მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებს. ასეთ სიტუაციაში საქართველოს მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება მას მანევრის საშუალებას აღარ უტოვებს. იმისთვის კი, რომ ეს ასე მოხდეს და აფხაზები მოუსხდნენ მოლაპარაკების მაგიდას, საჭიროა სამართლებრივი სტატუსის მაქსიმალურად მაღლა აწევა.

– თქვენი იდეის მიხედვით, რა პირობების შესრულება მოუწევთ აფხაზებს?

– რა თქმა უნდა, აფხაზები დამოუკიდებლობის აღიარების სანაცვლოდ დათმობაზე უნდა წავიდნენ და ჩვენი პირობები უნდა შეასრულონ. მთავარი პირობა უნდა იყოს რუსეთის ჯარების გაყვანა ოკუპირებული ტერიტორიიდან. თუ ვაღიარებთ აფხაზეთის დამოუკიდებლობას, მასთან გავაფორმებთ შეთანხმებას „თავდაუსხმელობის შესახებ" და ასე ვთქვათ, გარანტორი იქნება საერთაშორისო თანამეგობრობა, რომ საომარი მოქმედება არ განახლდება, რუსეთის ჯარის იქ ყოფნას სამართლიანი საფუძველი აღარ ექნება. ასევე აუცილებელია, მოხდეს დევნილების უკან დაბრუნება. ჩვენ პირისპირ აფხაზებთან დავსხდებით მოლაპარაკების მაგიდასთან, რუსეთის გარეშე.

როგორ გგონიათ, თუ აფხაზეთის დამოუკიდებლობას ვაღიარებთ, ხომ არ მოჰყვება ამას სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა?

ჩემი ეს ნათქვამი, ორიენტირებულია მარტო აფხაზეთზე და არ სხვა ტერიტორიებზე. სმხრეთ ოსეთს სხვა სტატუსი ჰქონდა, ის არ იყო ავტონომიური ოლქი, იქ სულ სხვა სიტუაციაა. განწყობაც სხვადასხვაა. ის განწყობა რაც აფხაზეთის მოსახლეობაშია, სამხრეთ ოსეთში არ არის.

– რომელ განწყობაზე საუბრობთ?

– აფხაზები ძალიან კარგად ხედავენ, რომ მათი ეთნოფონდის შენარჩუნების ბოლო წლებია. აფხაზების ეთნოფონდის შენარჩუნება სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. დღეს თუ ხვალ, აფხაზების მდგომარეობა აფხაზეთში იქნება ძალიან მძიმე. აფხაზი შეიძლება საერთოდ აღარ დარჩეს აფხაზეთში. ამიტომაა აუცილებლი მათი შემორიგება. აფხაზებმა იციან, რომ რუსეთი ოკუპანტია და მას მხოლოდ მათი ტერიტორია სჭირდება.

– დავუშვათ, ხელისუფლებამ აფხაზებს დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ მოლაპარაკებები შესთავაზა, თუმცა, აფხაზებმა წაყენებული პირობები არ მიიღეს, მაშინ რა მოხდება?

– არც არაფერი, ვიხურავთ ქუდს და ვბრუნდებით უკან, თუმცა, უკვე ვბრუნდებით სხვა სტატუსით. მსოფლიო თანამეგობრობა დაინახავს, რომ ჩვენ ვართ ის ქვეყანა, რომელიც რაღაც დათმობებზე წავიდა და გარკვეული ნაბიჯები გადადგა კონფლიქტის მოსაგვარებლად. ამით ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ არაორდინალურ და მომგებიან პოზიციაზე. არის მეორე რაღაცაც, აფხაზეთის უარი იქნება იმის მანიშნებელი, რომ აფხაზები კიდევ ერთხელ აღიარებენ, რომ ეგუებიან რუსეთის საოკუპაციო რეჟიმს, ხოლო რუსეთი კიდევ ერთხელ გამოჩნდება, რომ ოკუპანტია.

– აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით, ხელისუფლებიდან ვინმე თუ დაგიკავშირდათ?

– ჯერჯერობით მხოლოდ კრიტიკა ისმის. ზოგიერთი სახელმწიფო მოხელის ინტერვიუ წავიკითხე, სადაც კონსტრუქციულობა დავინახე, თუმცა ზოგი არც ლანძღვა–გინებას ერიდება. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი, რაზედაც ვლაპარაკობ, ჩემი აზრია და პირობები საქართველოს ხელისუფლებისა და ქართულ საზოგადოების გადასაწყვეტია, თუმცა დრო არ ითმენს. აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება ოლიმპიადის დასრულებამდე უნდა მოხდეს, თორემ 2015 წლისთვის აფხაზი შეიძლება საერთოდ აღარ დარჩეს აფხაზეთში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100