სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ოკუპანტების მიერ გატაცებული ექვსი ქართველი ისევ ტყვეობაშია

სამიტინგო არეულობაში ქართულ და, შესაბამისად, უცხოურ მედიას ყურადღების მიღმა დარჩათ, რომ 9 დღის წინ, 22 მაისს, ზნაურის რაიონში, ტყეში სოკოს საკრეფად წასული 6 ქართველი მამაკაცი რუსმა ოკუპანტებმა დააკავეს და ცხინვალში გადაიყვანეს.

დაკავების მიზეზი არახალი და მარტივია: „სახელმწიფო“ საზღვრის უკანონო გადაკვეთა. ბოლო პერიოდში რუსი მესაზღვრეები ამ კუთხით ძალიან გააქტიურდნენ და ქართველთა დაკავება–გატაცებას აგრძელებენ. როგორც „დრონი.ჯი“–მ ადგილობრივი მცხოვრებლებისგან შეიტყო, რუსი მესაზღვრეების ხელმძღვანელობამ სპეციალური რაზმიც კი შექმნა, რომელსაც ტყე–ღრეში სოკოსა და ჯონჯოლის საკრეფად მოხეტიალე „ტერორისტი“ ქართველების დაკავება ევალება. ეს ჯგუფი სპეციალური, ღამის ხედვის მოწყობილობითაცაა აღჭურვილი, თუმცა, როგორც ცნობილია, ჯონჯოლისა და სოკოს საკრეფად ტყეში ღამით, როგორც წესი, არ დადიან.

ერთ–ერთი გატაცებულის ოჯახის წევრმა, თეა ქიმაძემ „ინტერნეტ.ჯი“–ს უთხრა, რომ მისი ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა დაკავებულები იმავე დღეს ცხინვალში გადაიყვანეს და ამჟამად ქალაქის იზოლატორში იმყოფებიან. თეა ქიმაძემ არ იცის, მიაყენეს თუ არა ფიზიკური შეურაცხყოფა რუსებმა ან ოსებმა დაკავებულებს.

თეა ქიმაძის თქმით, დაკავებულნი არიან მამა-შვილი ტარიელ და ავთო ქიმაძეები, კობა მაკასარაშვილი, როინ მაკასარაშვილი, მალხაზ მაკასარაშვილი და მურმან ჩოჩორაძე.

„ქიმაძის თქმით, მან და სხვა დაკავებულების ოჯახის წევრებმა გატაცების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს ადგილობრივ სამართალდამცველებს, ევროკავშირის სადამკვირვებლოს მისიისა და წითელი ჯვრის წარმომადგენლებს, მათგან მიიღეს დაპირებები, რომ ყველაფერს იღონებენ დაკავებულების გასათავისუფლებლად, თუმცა ამ დრომდე არანაირი შედეგი არ ყოფილა.

მისივე თქმით, უკვე დღეს ოჯახებს საჩხერის რაიონის პოლიციიდან აცნობეს, რომ დაკავებულების გასათავისუფლებლად აქტიურად მუშაობენ და მათ სავარაუდოდ, სახლებში ხვალ დააბრუნებენ.“ („ინტერნეტ.ჯი“)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100