ნინო ბურჯანაძე: „გამოდით სოროებიდან!“
მცირე პამფლეტი
ნინო ბურჯანაძე სოროში ნამდვილად არ ცხოვრობს. არც არასდროს უცხოვრია: მამიკო ბულდოზერივით მიუძღვებოდა წინ და გზას უკაფავდა. შესაბამისად, ბულდოზერი სოროში ვერ დაეტეოდა და სრა–სასახლეები ედგათ. ედგათ რა – ახლაც უდგათ, რადგან მათ ქონებას არაფერი მოჰკლებია – პირიქით, შეემატა.
ნინო ბურჯანაძე ყოველთვის იმით იწონებდა თავს, რომ კორექტული იყო და ეთიკის დასაშვებ ნორმებს არ არღვევდა. მისი ბოლო გამოსვლა კი იმის მანიშნებელ–დამადასტურებელია, რომ ქვეყნად არაფერია მუდმივი.
„საკმარისია ამდენის ატანა, გამოდით სოროებიდან!“ – ამ სიტყვებით ცდილობს იგი ხვალინდელ აქციაზე ხალხის გამოყვანას. „ხან გაყრა არ მოგწონთ, ხან შეყრა, ხან ეს და ხან ის... ასე არ შეიძლება – ყველა უნდა გამოვიდეს სოროებიდან, სხვაგვარად არაფერი შეიცვლება“, – თქვა ნინო ბურჯანაძემ დღეს. მარგარეტ ტეტჩერის მოყვარულ ექს–სპიკერს, ეტყობა, გამორჩა, რომ პოლიტიკოსის ყოველი სიტყვა გამადიდებელ ლუპაში ტარდება . „სოროების“ ხსნებით ნინო ბურჯანაძემ, მისდა უნებურად, ხალხს ვირთხები უწოდა – ყველაზე პოპულარული მღრღნელები იმ მრღრნელებს შორის, რომლებიც სოროებში ცხოვრობენ. სწორედ ვირთხაა ის მღრღნელი, რომელიც, ალბათ, ნებისმიერს ახსენდება სოროს ხსენებაზე... რას იზამ, დიდი ვერაფერი ხერხია ხალხის ქუჩაში გამოსაყვანად...
გაწბილებას იმედგაცრუება მოსდევს, იმედგაცრუებას – გაბოროტება, გაბოროტებას კი ღვარძლიანი სიტყვები. ნინო ბურჯანაძის შემთხვევაში ეს თანმიმდევრობა სრულად არის დაცული.
იმედგაცრუებული, პოლიტიკურ რინგზე ხალხის, ანუ ხელთათმანების გარეშე დარჩენილი :მოკრივე“ ვა–ბანკზე მიდის და ისევ აცხადებს, რომ ხვალ გადამწყვეტი ბრძოლა და ბოლო ზარია. მართალია, მის განცხადებას ძველებური რიხი მოაკლდა, მაგრამ მაინც ისმის: „ხვალ სააკაშვილის რეჟიმის ბოლო ზარი დაჰკრავს და ყველას თანადგომისკენ, ერთად დგომისკენ მოვუწოდებ“, – სწორედ ამბობს „დროშის ტარების რევოლუციის“ ლიდერი.
პოლიტიკოსის გასავლელ გზაზე ყველაფერი მოქმედებს, მათ შორის – აურაც. შესაძლოა, ნინო ბურჯანაძის პოლიტიკური აურა გარკვეულწილად დაუკავშირდა იმის აურას, ვინც პირველად იმღერა „ბელა ჩაო“ – იტალიელი ანტიფაშისტი, კომუნისტი პარტიზანების სიმღერა.
თუ ამ სიმღერას ქართულად გადავავლებთ თვალს, მისი ტექსტის აღწერა დაახლოებით ასეთი გამოვა:
ახალგაზრდა მამაკაცი პარტიზანულ რაზმთან აპირებს შეერთებას. მისი სიტყვებიდან ჩანს, რომ იგი ამისთვის შინაგანად მზადაა, მაგრამ ამინც ეთანაღრება გული. მით უმეტეს, რომ ეს ყველაფერი „ბელა, ჩაოს“, ანუ, ლამაზთან დამშვიდობებას უკავშირდება (სიტყვასიტყვით – „მშვიდობით, ლამაზო!“).
„მე მთები შემიფარებენ, სადაც ფაშისტებს სიკვდილი ელით. ვიცი, გზა გასავლელად ძნელი იქნება და არც ის ვიცი, როდის დავბრუნდები“, – ამბობს ახალგაზრდა დე–ფაქტო პარტიზანი.
მისი გასავლელი გზა რაღაცით მაინც ჰგავს ნინო ბურჯანაძის გასავლელ გზას. თუ ხელთათმანების გარეშე დარჩენილი მოკრივე–პოლიტიკოსი, ანუ ნინო ბურჯანაძე „სააკაშვილის ბოლო ზარის“ აკვიატებულ იდეაზე უარს არ იტყვის, მას პოლიტიკური, ფართო ველიდან მთებში მოუწევს გადანაცვლება. როგორც ერთი, ხელისუფლების მომხრე პოლიტიკოსი ენამოსწრებულად პროგნოზირებდა, „ბელა ჩაო“ უკვე გადაიქცა „ნინო ჩაოდ“...
კომენტარი