სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სემეკის თავმჯდომარე წყალსაცავიანი ჰესების მშენებლობას ენერგოუსაფრთხოების და ტარიფების სტაბილურობის გარანტიად მიიჩნევს

წყალსაცავიანი ჰესების მშენებლობა მნიშვნელოვანია ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისთვის, ელექტროენერგიის იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებისთვის და ენერგოტარიფების სტაბილურობისთვის, - მიაჩნია საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების ეროვნული მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარეს ირინა მილორავას.

„ზოგადად, წყალსაცავიანი ჰესების მშენებლობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით. საქართველოს ენერგო სისტემის თავისებურებას მისი სეზონური ხასიათი განაპირობებს. პრაქტიკულად, სექტემბრიდან აპრილის ჩათვლით, ქვეყანა მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული იმპორტირებულ ენერგორესურსებზე. შედარებისათვის, 2009 წელს სულ განხორციელდა 254,8 მლნ კვტ.სთ-ს იმპორტი, მაშინ, როდესაც 2014 წლის იანვარ-თებერვალში ელექტროენერგიის იმპორტმა უკვე 211,9 მლნ. კვტ.სთ-ი შეადგინა. ამდენად, ჰიდროგენერაციის განვითარების კუთხით განსაკუთრებული აქცენტი სწორედ წყალსაცავიან ჰესებზე უნდა გაკეთდეს, რომელიც ყველაზე კარგად უზრუნველყოფს დეფიციტური პერიოდების დაძლევას, შეამცირებს იმპორტირებული ელექტროენერგიისა და თბოელექტროსადგურების წილს ჯამურ გენერაციაში და, შესაბამისად, ენერგოდამოკიდებულებას მეზობელი ქვეყნების ენერგორესურსებზე“, - განაცხადა ირინა მილორავამ.

წყალსაცავიანი ჰესის მაგალითია „ხუდონჰესი“, რომელიც მდინარე ენგურზე უნდა აშენდეს და მისი სიმძლავრე 702 მეგავატი იქნება.

ირინა მილორავა აცხადებს, რომ ენერგეტიკულ დამოუკიდებლობასთან ერთად, რაც პირდაპირ კავშირშია ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებასთან, ჰიდროგენერაციის განვითარება საექსპორტო პოტენციალის ზრდის მნიშვნელოვანი წინაპირობაა. „2011 წლიდან საქართველო ნეტ-ექსპორტიორი ქვეყნიდან ნეტ-იმპორტიორ ქვეყანად გადაიქცა, რაც ნიშნავს, რომ წლის განმავლობაში განხორციელებული იმპორტი უკვე აღემატება ამავე პერიოდში განხორციელებულ ექსპორტს. თუმცა, კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნო, რომ ამგვარი პროექტების მთავარი ღირებულება და დანიშნულება, მოხმარების ზრდის პირობებში, ქვეყნის შიდა მოხმარების დაკმაყოფილების შესაძლებლობაა“, -აცხადებს მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე.

მისი შეფასებით, უკანასკნელ წლებში ელექტროენერგეტიკულ სექტორში ჩამოყალიბებული საბალანსო ელექტროენერგიის ფასები ცხადყოფს, რომ იგი შესამჩნევად იზრდება მოხმარების ზრდასთან ერთად, ვინაიდან გაზრდილი მოხმარება სწორედ იმპორტირებული ელექტროენერგიით იფარება, რომლის ფასის ზრდის ტენდეციაც უკვე სახეზეა. „ამდენად, ჰიდროგენერაციის განვითარება გრძელვადიან პერსპექტივაში ფასების სტაბილიზაციასაც შეუწყობს ხელს, ვინაიდან ყველა იმ მემორანდუმში, რომელიც სახელმწიფოსა და ინვესტორს შორის ფორმდება, ფიქსირდება ინვესტორის მიერ ელექტროენერგიის ადგილობრივ ბაზარზე გასაყიდი ფასი და გაყიდვის პერიოდი, რომელიც, როგორც წესი, ზამთრის დეფიციტურ თვეებს მოიცავს“, -განაცხადა ირინა მილორავამ.

იგივე ვალდებულებები აქვს აღებული სახელმწიფოს წინაშე „ხუდონჰესის“ მშენებელ კომპანია „ტრანსელექტრიკა ჯორჯიას“, რომელმაც ზამთრის დეფიციტურ თვეებში ელექტროენერგია ქვეყნის ენერგოსისტემას უნდა მიაწოდოს. ჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ტარიფი კი დაბალი იქნება, როგორც თბოელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული დენის ტარიფზე, ასევე იმპორტირებული ელექტროენერგიის ტარიფზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100