პატიმართა წამების ყველა ჩანაწერი გლდანის მე-8 საპყრობილეშია გაკეთებული
პროკურატურა პატიმართა წამებაში ბრალდებულ კიდევ ერთ პირზე განცხადებას ავრცელებს.
პროკურატურის ინფორმაციით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელთა მიმართ საქართველოს პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 20 სექტემბერს, გამთენიისას სამართალდამცველებმა დააკავეს კიდევ ერთი დამნაშავე, გლდანის მე-8 საპყრობილის არასრულწლოვანთა განყოფილების მორიგე ინსპექტორი კობა ჩიკვატია. იგი არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილ დანაშაულშია მხილებული.
აღნიშნული დანაშაულის ბრალდებით დაკავებული 11 მოხელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით პროკურატურამ დღეს სასამართლოს მიმართა. ზემოაღნიშნული შუმდგომლობა სასამართლომ დააკმაყოფილა.
სასსჯელაღსრულების დეპარტამენტისა და მე-8 საპყრობილის დაკავებულ თანამშრომლებს წარედგინათ ბრალდება 144(1) (ას ორმოცდაოთხი პრიმა) მუხლით (წამება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რისთვისაც ბრალდებულებს 9-დან 15 წლამდე სასჯელი ემუქრებათ; ხოლო 144(3) (ას ორმოცდაოთხი ტერცია) მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის (დამამცირებელი და არაადამინური მოპყრობა) ჩადენაში ბრალდებულებს 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ფირებზე აღბეჭდილი ყველა დანაშაული ჩადენილია გლდანის მე-8 საპყრობილის ტერიტორიაზე.
გამოძიება გრძელდება და მისი მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ ინფორმაციას დამატებით მოგაწვდით, აცხადებენ პროკურატურაში და დასძენენ, რომ ნებისმიერი პატიმრის კანონიერი უფლების ან ჯანმრთელობის ხელყოფა უმკაცრესად იქნება დასჯილი.
კომენტარი