სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რამდენიმე ათასი ადამიანი პრეზიდენტისთვის ულტიმატუმის გამოცხადებას აპირებს

ამ წუთებში თავისუფლების მოედანზე უკვე გამოჩნდა მომიტინგეთა პირველი კოლონა. მომიტინგეები მოედანზე „რედისონის“ მიმდებარე ტერიტორიიდან მივიდნენ, საიდანაც მსვლელობის დაწყება თავიდანვე იყო დაგეგმილი. ჩვენი კორესპონდენტების ცნობით, მას შემდეგ, რაც ფილარმონიასთან და „რედისონთან“ თავშეყრილები ერთმანეთს შეუერთდნენ და მოგვიანებით მათ მეტროსადგურ „ავლაბრის“ წინ თავშეყრილებიც შეემატნენ, ხალხის რაოდენობამ დაახლოებით 3 ათასი შეადგინა.

თავდაპირველად ფილარმონიასთან მისვლას და მსვლელობის სათავეში ჩადგომას ნინო ბურჯანაძე გეგმავდა, მაგრამ მან ხალხის სიმცირის გამო გეგმები შეცვალა. ხალხთან ერთად, ჯერჯერობით მხოლოდ ნონა გაფრინდაშვილი, ირაკლი ბათიაშვილი და ლუკა კურტანიძე გამოჩნდნენ. ირაკლი ბათიაშვილმა კონკრეტული გეგმის დასახელებისგან თავი შეიკავა, თუმცა აღნიშნა, რომ დაშლას არ აპირებენ. ლუკა კურტანიძე კი აცხადებს, რომ საბოლოო გამარჯვებამდე ქუჩაში დარჩებიან.

თავისუფლების მოედნის სიახლოვეს ხალხთან გამოჩნდა ნონა გაფრინდაშვილი. მიუხედავად იმისა, რომ იგი სხვა ლიდერებთან ერთად გუშინ კონკრეტული გეგმის არსებობის შესახებ აკეთებდა განცხადებებს და მომიტინგეებს ამ გეგმის დაცვისკენ მოუწოდებდა, დღეს „დრონი.ჯი“–სთან საუბარში განაცხადა, რომ „სახალხო კრების“ გეგმები მთლიანად ხალხზეა დამოკიდებული და რომ ლიდერები ხალხის მოთხოვნების მიხედვით იმოქმედებენ. ამ დროისთვის (15.20) მომიტინგეები უკვე შეიკრიბნენ თავისუფლების მოედანზე, სადაც გახმოვანების აპარატურაა დამონტაჟებული.

გამოჩნდა ნინო ბურჯანაძეც, თუმცა, ხალხისთვის ჯერ სიტყვით არ მიუმართავს. რუსთაველის გამზირიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით გზა გადაკეტილია, თუმცა, მიმდებარე ქუჩების მეშვეობით მანქანების გადაადგილება შეზღუდული არ არის. „დრონი.ჯი“–ს ინფორმაციით, ამ წუთებში ლესელიძისა და მიმდებარე ქუჩების გადაკეტვას მომიტინგეები მოედნის ფართობზე ხელოვნურად გაშლის ხარჯზე აპირებენ.

სააგენტო „პირველი“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ "წარმომადგენლობითი სახალხო კრება" პრეზიდენტ სააკაშვილს გადასადგომად 3 დღეს აძლევს.

ამ მოთხოვნით კრების წარმომადგენლები და მხარდამჭერები სამი დღისა და ღამის გატარებას პრეზიდენტის რეზიდენციასთან და სხვა სახელმწფო შენობებთან გეგმავენ.

ამის შესახებ "პირWელისთვის" კრების იმ მხარდამჭერთა პირადი საუბრებიდან გახდა ცნობილი, რომლებიც ამ წუთებში ფილარმონიიდან ფეხით თავისუფლების მოედნისკენ მიემართებიან.

სხვა რომელი სახელმწიფო შენობების პიკეტირებას გეგმავს "წარმომადგებლობითი სახალხო კრება", ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის და სავარაუდოდ, უკვე თავისუფლების მოედანზე, აქციის მიმდინარეობისას გამოცხადდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100