სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"მეფე ერეკლეს აბანოში" მექისემ ტურისტი ქალი სექსუალურად შეავიწროვა - ომბუდსმენი

საქართველოს სახალხო დამცველმა სექსუალური შევიწროების დადგენის თაობაზე შპს "ჭრელ აბანოს" რეკომენდაციით მიმართა.

ომბუდსმენის ინფორმაციით, რეკომენდაციის გაცემის საფუძველი გახდა ესპანეთის მოქალაქის განცხადება, რომელშიც განმცხადებელი "მეფე ერეკლეს აბანოში" (შპს "ჭრელი აბანოს" საკუთრებაში არსებული დაწესებულება) მომხდარ სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტზე მიუთითებდა.

"საქმეში არსებული მასალების გათვალისწინებით, სახალხო დამცველი მივიდა დასკვნამდე, რომ "მეფე ერეკლეს აბანოში" მომსახურების მიღების დროს მექისე მამაკაცის მხრიდან ადგილი ჰქონდა პროფესიული მდგომარეობის გამოყენებით, განმცხადებლის მიმართ არასასურველი, სექსუალური ხასიათის ფიზიკურ ქცევას, რომელმაც ქალს დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი გარემო შეუქმნა.

შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა შპს "ჭრელ აბანოს", მის საკუთრებაში არსებულ მომსახურების გამწევ დაწესებულებებში, მათ შორის "მეფე ერეკლეს აბანოში" შეიმუშავოს მომსახურების გაწევის წესები; შეიმუშავოს შიდა მექანიზმი დასაქმებული პერსონალის მხრიდან პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს შესაძლო გადაცდომებზე ეფექტიანი და ადეკვატური რეაგირების უზრუნველსაყოფად; კომპანიის საკუთრებაში არსებული დაწესებულებების თანამშრომლებს ჩაუტარდეთ სექსუალური შევიწროების საკითხებზე სასწავლო ტრენინგები; საქართველოს ორგანული კანონის "შრომის კოდექსის" მე-5 მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, დისკრიმინაციის (მათ შორის სექსუალური შევიწროების) ამკრძალავი დებულებები ასახოს შრომის შინაგანაწესში, კოლექტიურ ხელშეკრულებებსა და სხვა დოკუმენტებში, უზრუნველყოს მათი შესრულება და გაატაროს ღონისძიებები სამუშაო ადგილზე პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვის უზრუნველსაყოფად,"- აღნიშნულია ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100