თქვენი შვილები უკეთეს მომავალს იმსახურებენ, წადით არჩევნებზე, წინ საქართველო - ჰერჩინსკი
"თქვენ უკეთეს მომავალს იმსახურებთ" - საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი საქართველოს მოსახლეობას არჩევანებზე წასვლისკენ მოუწოდებს
„ნახეთ მოლდოვაში თითო ხმა გადამწყვეტი აღმოჩნდა, ამიტომ წადით არჩევნებზე" - ეს იყო დიპლომატის მთავარი გზავნილი, რომელზეც ჰერჩინსკიმ მედიასთან რამდენიმე წუთის წინ ისაუბრა.
ევროკავშირის წარმომადგენელმა საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებზეც ისაუბრა და თქვა, რომ ის ისტორიულ მინიმუმზეა დასული. მიზეზად კი საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯები დაასახელა.
ევროკავშირი გარანტიაა უკეთესი ცხოვრების, ყველა კარი ღიაა ქართველი ხალხისთვის, მაგრამ თქვენს გარდა ამას ვერავინ გააკეთებს - აცხადებს ჰერჩინსკი და საქართველოს მოსახლეობას ეუბნება, რომ ახლა არჩევანი მათი გასაკეთებელია და არა სხვისი.
გულწრფელად გეტყვით, 4 დღეში გაქვთ შესაძლებლობა თქვენი მომავალი მთავრობა აირჩიოთ. არჩევნები დემოკრატიის ფესტივალია. თითოეულ თქვენგანს შეუძლია საკუთარი და შვილების მომავლის არჩევა. გთხოვთ, მიდით და მიეცით ხმა მთავრობას, რომელიც თქვენს ნებას გამოხატავს. ორი დღის წინ ბედნიერების დღე ვნახეთ თბილისში, ახალგაზრდები ევროკავშირის დროშებით, ისინი უკეთეს მომავალს იმსახურებენ, შესაძლებლობები აქ უნდა ჰქონდეთ ლამაზ საქართველოში და სხვაგან არ უნდა ეძებდნენ უკეთესს მომავალს.
საქართველოს და ევროკავშირის ურთიერთობები ისტორიულ მინიმუმზეა დასული, ეს ნათელია რომ არის ხელისუფლების ნაბიჯების შედეგი. ნახეთ რა ხდება მოლდოვაში, თითოეული ხმა მნიშვნელოვანია. საკუთარი შვილების მომავლისთვის მიეცით ხმა. ევროკავშირი გარანტიაა უკეთესი ცხოვრების, არა მხოლოდ ზოგიერთი მდიდარი ადამიანისთვის და მათი ლიმუზინებისთვის, არამედ მთელი მოსახლეობისთვის.
ყველა კარი ღიაა ქართველი ხალხისთვის, მაგრამ თქვენს გარდა ამას ვერავინ გააკეთებს, ეს თქვენი ქვეყანაა, თქვენი არჩევანია, სხვისი არავისი არის, წინ საქართველო", - განაცხადა ჰერჩინსკიმ.
კომენტარი