კობახიძემ განცხადება შეცვალა - "ტერაქტთან დაკავშირებით ევროკომისარმაც გამაფრთხილა"
ირაკლი კობახიძემ გადათქვა - ქვეყნის პრემიერი დღეს უკვე ამბობს, რომ როდესაც ევროკომისარმა ვარჰეიმ დაურეკა, გააფრთხილა არა მისი, არამედ ივანიშვილის შესაძლო ლიკვიდაციის შესახებ, თუმცა მანამდე კობახიძე ცხადად ამბობდა, რომ საქმე მას ეხებოდა.
გასაკვირი არ არის, რომ ივანიშვილი იყო ასეთი შესაძლო ტერორისტული აქტის ადრესატი - ამბობს კობახიძე და ირწმუნება რომ ამ ზარის დროს კონკრეტულ პოლიტიკოსზე საუბარი არ ყოფილა.
თქვენ გახსოვთ, რომ შედგა სატელეფონო საუბარი ერთ-ერთ ევროკომისართან, მოგვიანებით ევროკომისარმა თავადვე აღიარა, რომ ჰქონდა ერთგვარი გაფრთხილება ტერაქტთან დაკავშირებით და ამაზე იყო რეალურად საუბარი მისი მხრიდანაც. უბრალოდ მან თქვა, რომ პოლარიზაცია იქნებოდა ის, ვინც ტყვიას ისროდა. თქვენ მოგეხსენებათ, რომ პოლარიზაცია ტყვიებს არ ისვრის, ტყვიებს „ქილერები“ ისვრიან. გაფრთხილებაც არსებობდა. ეს არის იყო ევროკომისრის გაფრთხილება, ეს იყო ერთგვარი „მესენჯერი“, რომ შესაბამისი ინფორმაცია ჩვენამდე მოეწოდებინა.
მოგეხსენებათ, რა დიდია ბიძინა ივანიშვილის როლი და გავლენა პოლიტიკურ პროცესებზე, აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ არის, რომ ბიძინა ივანიშვილი იყო ასეთი შესაძლო აქტის ადრესატი.
აქ ხაზი მინდა გავუსვა იმასაც, რომ როდესაც ევროკომისრის მხრიდან მოგვაწოდეს ჩვენ კონკრეტული გაფრთხილება ტერაქტთან დაკავშირებით, ეს იყო ზოგადი გაფრთხილება და არ იყო საუბარი კონკრეტულად რომელიმე პოლიტიკოსზე საუბარი. აქედან გამომდინარე, ადრესატი შეიძლება ყოფილიყო ნებისმიერი. გასაკვირი არ არის, რომ პირველ რიგში, როდესაც საუბარია ჩვენი ქვეყნის არა კეთილმოსურნეებზე, მათთვის ადრესატი ბიძინა ივანიშვილია, რადგან პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილი არის ამ ქვეყანაში მშვიდობისა და განვითარების გარანტი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
რას ამბობდა ქვეყნის პრემიერი:
23 მაისს კობახიძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ერთ-ერთი ევროკომისარი სლოვაკეთის პრემიერის ბედის გაზიარებით დაემუქრა. „ხომ ნახეთ ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო“ - წერს კობახიძე საგანგებო განცხადებაში.
მოგვიანებით მომხდარს ევროკომისარი ვარჰეიც გამოეხმაურა და თქვა, რომ სატელეფონო საუბრის ნაწილი კონტექსტიდან იყო ამოგლეჯილი.
კომენტარი