სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გოგი თოფაძე: საქართველოში არეულობა გარდაუვალია...

„ალასანიას და გაჩეჩილაძეს შორის რა და როგორ მოხდა, ძალიან კარგად ვიცი. ეს პრესის გასარჩევი არ არის. ალასანიამ და გაჩეჩილაძემ თავად გაარჩიონ, რა და რის გამო მოუხდათ“, - განაცხადა „დრონი.ჯი“-სთან საუბრისას „მრეწველთა“ ლიდერმა, თბილისის მერობის კანდიდატმა, გოგი თოფაძემ.
- ოპოზიცია ერთიან კანდიდატზე ვერ ჩამოყალიბდა, ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ არჩევნებში ოპოზიციის მარცხი გარდაუვალია, რატომ ვერ შეჯერდით ერთიან კანდიდატზე და გამარჯვების რა შანსები აქვს ოპოზიციას?

- ჟურნალისტები რატომღაც ხშირად გვეკითხებიან, გამარჯვების რა შანსები გაქვთო და ამომრჩეველს აშინებენ, ოპოზიცია არჩევნებში ვერ გაიმარჯვებს, ხელისუფლება ბევრად ძლიერიაო. მე გეკითხებით, გამარჯვების რა შანსი აქვს ხელისუფლებას? ნუთუ მოსახლეობას დღევანდელობა იმდენად მოსწონს, რომ ამ არჩევნებში ხელისუფლების კანდიდატს დაუჭერს მხარს?

- სოციოლოგიური გამოკითხვებით და თუნდაც ზოგიერთი ოპოზიციონერის თქმით, უგულავა ლიდერობს და აღნიშნავენ, რადგან ოპოზიციას ერთიანი კანდიდატი არა ჰყავს, არჩევნებში ვერ გაიმარჯვებსო...

- ჩვენ არჩევნებზე ერთიანი კანდიდატით გასვლაზე უარი არასდროს გვითქვამს, პირიქით, ახლაც მზად ვართ ამ საკითხზე მოსალაპარაკებლად. ოღონდ ერთიანი კანდიდატი ამერიკულმა კომპანიამ არ უნდა დაგვიდგინოს, რომელმაც აბსტრაქტული გამოკვლევა ჩაატარა. ამ გამოკვლევების არ მჯერა.

ამიტომ ვამბობ, ოპოზიციური პარტიები დავსხდეთ, ერთიან კანდიდატზე ვიმსჯელოთ და ვინ იქნება ეს კანდიდატი, ქართველებმა გადავწყვიტოთ. რატომ უნდა დამიდგინოს ამერიკელმა, ვინ უნდა იყოს ერთიანი კანდიდატი? და კიდევ ერთი, სასაუბროდ არ უნდა მოხვიდე თავიდანვე ულტიმატუმით, რომ აი, გინდა თუ არა ეს პიროვნება უნდა იყოს ერთიანი კანდიდატიო.

- ალბათ „ალიანსს“ გულისხმობთ, თქვენთვის მიუღებელი იყო „ალიანსისგან“ ალასანიას კანდიდატურის ულტიმატუმის ფორმით შემოთავაზება. თქვენი აზრით, ალასანია მართლაც ყველაზე რეიტინგული კანდიდატია ოპოზიციაში?

- არავითარი რეიტინგების არ მჯერა, ეს ყველაფერი წინასაარჩევნო ტექნოლოგიებია და მეტი არაფერი.

დიახ, „ალიანსს“ ვგულისხმობ, მოდით, ყველამ ალასანიას დავუჭიროთ მხარიო, ამბობდნენ და რატომ უნდა დავუჭიროთ ალასანიას მხარი? ჯერ ვიმსჯელოთ და აღმოჩნდება, არის თუ არა ყველაზე რეიტინგული. კიდევ გვაქვს დრო არჩევნებზე ერთიანი კანდიდატით გავიდეთ. ისე, ერთიან კანდიდატს თავისი პლუსები და მინუსები აქვს.

ერთიანი კანდიდატი ხელისუფლებამ რომ დაამარცხოს, სააკაშვილს სალაპარაკოდ ეყოფა 2013 წლამდე, აი, ოპოზიცია გაერთიანდა, მაგრამ, როგორი ძლიერები ვართ, მაინც გავიმარჯვეთო. მეორე პრობლემა ისაა, რომ ჩვენი პარტიიდან ბევრი ადამიანი იყრის კენჭს სხვადასხვა რაიონებში. მათ მიაჩნიათ, რომ გამარჯვების შანსი აქვთ, იქ კი კანდიდატები სხვა პარტიებსაც ჰყავთ, როგორ ვუთხრა მე იმ კაცს, ნუ იყრი კენჭს, მოდი, სხვა პარტიას დავუთმოთ-მეთქი?

- თქვენი აზრით, ოპოზიციის გაერთიანების ერთ-ერთი სერიოზული შემაფერხებელი ფაქტორი ნოღაიდელი იყო?

- ჩემთვის იყო ნოღაიდელი შემაფერხებელი ფაქტორი და სხვისი არ ვიცი. სხვები კარგად თანამშრომლობენ მასთან. მიმაჩნია, რომ ნოღაიდელს მორალური უფლება არა აქვს, იყოს ქართულ პოლიტიკაში. მას წლების მანძილზე იმდენი ცოდვა აქვს ჩადენილი, რომ მის ადგილზე ასეთ თავხედობას ვერ გავბედავდი.

- ამბობენ, ნოღაიდელს ოპოზიციის დაშლის როლი აკისრია და ხელისუფლების პროექტიაო...

- ვერ გეტყვით, ასეთი ვერსიაც არსებობს, არ გამოვრიცხავ, რომ ხელისუფლების პროექტი იყოს და კიდევ ბევრ რამეს არ გამოვრიცხავ. ერთი რამ ვიცი, საზოგადოება თუ არ გამოფხიზლდა და რეალურად არ შეაფასა ამა თუ იმ მოღვაწის, თუნდაც მერობის კანდიდატის საქმიანობა და სწორი დასკვნა არ გამოიტანა, მუდამ ასე ვიქნებით. საზოგადოება უნდა გამოფხიზლდეს და დაინახოს, ვინ რას და რის ხარჯზე ჰპირდება, ვინ დგას მის უკან.

- ქართველი ოპოზიციონერები კრემლს ხშირად სტუმრობენ, აგერ უკვე დავითაშვილი და კუკავაც გაემგზავრნენ, რისთვის დადიან მოსკოვში, არ ეუხერხულებათ იმ სახელმწიფოში ჩასვლა, რომელსაც ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებული აქვს?…

- რუსეთთან ურთიერთობის აღდგენა და დამყარება საჭიროა, მაგრამ ნოღაიდელის დამყარებული ურთიერთობები ნამდვილად არ მაწყობს. თუ რუსეთს საქართველოში ოპოზიციური აქტიურობა აინტერესებს, რაღა ნოღაიდელი აარჩია, კაცო.

ნოღაიდელი რომ ემუქრება პრეზიდენტს ხელ-ფეხის დამტვრევით, ასეთი ვაჟკაცობით არ გამოირჩეოდა, როცა პრემიერ-მინისტრი იყო. ალბათ, იმდენი შავ-ბნელი საქმეები აქვს გაკეთებული ხელისუფლებასთან ერთად, რომ ერთმანეთის გასვრა ახლა არ უნდათ და ჩუმად არიან. რომ დაიწყონ ერთმანეთის დაბეზღება, ხალხი შეიძლება გაგიჟდეს, ამიტომ დაზღვეულია ის და იმიტომ გამოდის ასეთი განცხადებებით. ამის უკან რაღაც გარანტიები აქვს, თორემ ხელისუფლება აქამდე დააკავებდა კიდევაც მას, რადგან მაგას ცოდვები არ აკლია.

რაც შეეხება დავითაშვილის და კუკავას გამგზავრებას, ნამდვილად არ ვიცი, რატომ წავიდნენ და, მოდით, სხვის კრიტიკას არ დავიწყებ. არ მინდა, რომ ჩემი კოლეგების საქციელი გავაანალიზო. ვამბობ, რომ რუსეთთან კავშირი დასამყარებელია, თუმცა მე მოსკოვში სიარულის მომხრე არა ვარ. პოლიტიკური საკითხების გამო არც აშშ-ში და არც მოსკოვში არ დავდივარ. არავის ხელდასხმული ხელმძღვანელი არ მსურს. მინდა, რომ ჩემს ქვეყანას დამოუკიდებელი და პატრიოტი ადამიანი მართავდეს.
- მედვედევის განცხადება ყირგიზეთის სცენარის გამეორების შესახებ შეიძლება გავიგოთ როგორც საქართველოს დაშინების მცდელობა?

- მისი განცხადება გვაფიქრებინებს, რომ რუსეთმა პოსტსაბჭოური სივრცე პრაქტიკულად დაიბრუნა. მოსკოვმა უკრაინა დაიბრუნა, ვხედავთ, იანუკოვიჩი რა განცხადებებითაც გამოდის. ყირგიზეთში რა მოხდა, არ ვიცი, მაგრამ რუსეთის ხელი, ალბათ, იქაც ურევია. რუსეთი იღდგენს თავის მონოპოლიურ უფლებებს პოსტსაბჭოურ სივრცეში, მაგრამ ეს არ იქნება ის, რაც იყო ადრე. ეს იქნება უფრო ევროკავშირის მსგავსი. მე არც ვლაპარაკობ ამ კავშირში შესვლის აუცილებლობაზე, მაგრამ მეზობლური ურთიერთობა აუცილებელია და ამ აზრზეა ყველა ნორმალურად მოაზროვნე ადამიანი.

- მერობის შემთხვევაში რა ცვლილებებს გეგმავთ და რას სთავაზობთ განსხვავებულს ამომრჩეველს, რასაც ვერ გაუკეთებს ხელისუფლების კანდიდატი?

- ყველაზე დიდი პრობლემა დასაქმებაა და ამას ვთავაზობთ ამომრჩეველს. დასაქმების პროგრამა გვაქვს შექმნილი, რომელიც ხალხმა კარგად მიიღო და, რაც მთავარია, რასაც ვთავაზობთ, იმას შევუსრულებთ კიდევაც. ჩვენი შეთავაზება არ არის ერთი მილიონი სამუშაო ადგილი და ჩვენ ყველაზე წარმატებული ეკონომიკა გვაქვს-თქო, არ ვამბობთ, ხალხს რაღაც წინასაარჩევნო ლოზუნგებით არ ვატყუებთ. ყველაფერი კარგად გვაქვს გათვლილი და მთავარი მესიჯია, რასაც გპირდებით გავაკეთებთ.

- ალასანიამ აღნიშნა, თოფაძეს კონკურენტად არ მივიჩნევ, ჩემი კონკურენტი მხოლოდ უგულავააო, როგორ აფასებთ თქვენი გამარჯვების შანსებს?

- ნუ, ეს კარგი განცხადებაა. უგულავა ყველას კონკურენტია, თუმცა ჯერ ხელისუფლებას მისი კანდიდატურა არც კი დაუყენებია. მთავარი კონკურენტი უგულავაა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მზად ვარ დავიწყოთ მოლაპარაკება და თუ ალასანია იქნება ყველაზე რეიტინგული, კი ბატონო, დავთმობთ ჩვენს ამბიციებს და გავერთიანდებით მის ირგვლივ.

- იცით, საზოგადოების ნაწილი სულაც არ მიიჩნევს, რომ ალასანია ოპოზიციონერ კანდიდატებს შორის ყველაზე რეიტინგულია. თუ ალასანია ყველაზე რეიტინგულია, რატომ არ მიიღო პრაიმერში მონაწილეობა?

- ერთ რამეს გეტყვით. ალასანიაც მობეზრდა საზოგადოებას.Mმანამდე საზოგადოებას ჩვენი სახეები ჰქონდა მობეზრებული, ოპოზიცია, რომელმაც ვერ მიაღწია ვერაფერს და ხალხს სჭირდებოდა ახალი სახე. გამოჩნდა კიდეც ახალი სახე - ალასანია - სუფთა კაცი, მაგრამ მან თვითონ შეირყია თავისი სახელი. საარჩევნო პერიოდში მისი გაერთიანების შიგნით ბევრი გაუგებარი რამ მოხდა რამაც, რა თქმა უნდა, სერიოზულად შეარყია მისი იმიჯი.

ერთ რამეს გეტყვით, ალასანიას ირგვლივ გაერთიანების არეულობაში ხელისუფლების ხელს ვხედავ. მათ შექმნეს მის ირგვლივ ასეთი სიტუაცია და თვითონ ვერ მოახერხა, რომ ერთი პრინციპული განცხადებით გამოსულიყო და რამდენიმე დღის განმავლობაში რადიკალურად სხვადასხვა განცხადებებით გამოდიოდა.

- ჩვენი ინფორმაციით, გაჩეჩილაძე ცდილობდა მის გადაბირებას ნოღაიდელის გუნდში და ამ პერიოდში გამოდიოდა ალასანია სხვადასხვა განცხადებებით...

- აი, მაგაში ვერ ჩავერევი, თუმცა ალასანიას და გაჩეჩილაძეს შორის რა და როგორ მოხდა, ძალიან კარგად ვიცი. ეს პრესის გასარჩევი არ არის. ალასანიამ და გაჩეჩილაძემ თავად გაარჩიონ, რა და რის გამო მოუხდათ. მე მიმაჩნია, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რათა ეს ხელისუფლება გავაცილოთ.

- „ლეიბორისტები“ თხოვნით მიმართავენ ოპოზიციას, ჯერ კიდევ არის დრო და ბოიკოტი გამოუცხადეთ არჩევნებსო, რამდენად მისაღებია მათი პოზიცია?

- ნუ, ყველას თავისი აზრი აქვს, მაგრამ `ლეიბორისტებს~ მოგების შანსი რომ ჰქონდეთ, ბოიკოტის გზას არ აირჩევდნენ. შეიძლება ეს განცხადებაც გასარჩევია, ეგ აზრიც ხელისუფლების შემოგდებული მგონია, იმიტომ რომ ხელისუფლებას თავისი რამდენიმე პარტია მაინც ჰყავს, რომელიც მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში.

- არჩევნების გაყალბების შემთხვევაში რას აპირებთ? „რევოლუციის სუნი მცემსო“, - აღნიშნა ნოღაიდელმა...

- არ გამოვრიცხავ, რომ არჩევნების მერე ისევ მიეცეს ბიძგი ოპოზიციას. იცით, იმდენად არის უარყოფითი მუხტი დაგროვილი, რომ ეს არჩევნებამდეც შეიძლება მოხდეს. დარწმუნებული ვარ, ქვეყანაში ვითარება დაიძაბება და ძალიან მალე რაღაც მოხდება. აი, რა გზით მოხდება, გარე ძალები იმოქმედებენ და გამოიყენებენ ამ უარყოფით მუხტს, თუ ჩვენ გავაქტიურდებით, არ ვიცი, თუმცა საქართველოში არეულობა გარდაუვალია.
ყოველკვირეული გაზეთი „დრონი.ჯი“ (გამოდის ორშაბათობით)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100