"ცხვირში საჯაროდ თითი რომ არ უნდა შეიყო, ამას სახლში ასწავლიან" - ალეკო ელისაშვილი ნარმანიას აკრიტიკებს
„საერთოდ რა იცის ამ კაცმა, მაინტერესებს, რით არის დაკავებული,“ - ასე ეხმაურება საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი, დედაქალაქის მერის მიერ დღეს, მთავრობის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას.
ალეკო ელისაშვილი თბილისის მერის პასუხისმგებლობაზე საუბრობს.
„თავის სამარცხვინო საქციელებს კიდევ ერთი მიუმატა ნარმანიამ. ტენდერები რა ცხადდება მის მერიაში და მის სტრუქტურაში არ იცის. საერთოდ რა იცის ამ კაცმა, მაინტერესებს, რით არის დაკავებული. თავის მოჭრაა და მეტი არაფერი, უბრალოდ ჩვენ რა დავაშავეთ, რომ ამ ყველაფერში უზარმაზარ ფულს ვიხდით, 75 მილიონს ვიხდით მერიის შენახვაში. ის რომ, ცხვირში საჯაროდ თითი არ უნდა შეიყო და სუფრაზე ხელებს არ უნდა ილოკავდე და ჩანგლით და დანით რომ უნდა ჭამო და არა ხელებით, ამას სახლში ასწავლიან. მაგრამ, ნარმანია ეტყობა თავის საახლობლოს ამეცადინებს ამ ყველაფერში,“ - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
ნარმანიას მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას ეხმაურებიან საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატებიც, რომლებიც აცხადებენ, რომ დავით ნარმანიას მიერ, დღეს მთავრობის სხდომაზე გაკეთებული განცხადება მიუთითებს იმაზე, რომ შესაძლოა, ქალაქის მერი არ არის საქმის კურსში იმ არა ერთ ტენდერთან დაკავშირებით, რომელიც ცხადდება მერიის სახელით.
„სამარცხვინოა, რომ მაგიდასთან ქცევის წესებს და ჩართვის წესების სწავლაში, ხალხის მიერ გადახდილი გადასახადებიდან თანხა უნდა დაიხარჯოს,“ - აღნიშნა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, სევდია უგრეხელიძემ.
კომენტარი გააკეთა თბილისის საკრებულოს ფრაქცია დედაქალაქის თავმჯდომარემ ზაზა ვეკუამაც.
„დედაქალაქის მერი 3 წლის თავზე არ უნდა აკეთებდეს შესაბამის განცხადებებს, რომ მან არ იცის, თუ რაზეა ტენდერი გამოცხადებული, რაზე გამოაცხადეს ტენდერი მისმა სამსახურებმა,“ - აცხადებს ვეკუა.
თბილისის საკრებულოს ახლადარჩეული დეპუტატი ბესიკ ქარცივაძე ამავე თემასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ შესაძლოა თბილისის მერი არ იყოს საქმის კურსში რამდენიმე ტენდერის შინაარსთან დაკავშირებით და ამაში გასაკვირი არაფერია.
„არის საკითხები, რომლებშიც მერი არ დგება საქმის კურსში,“ - აღნიშნა ქარცივაძემ.
დავით ნარმანია P.S-ში გასულ რეპორტაჟს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე გამოეხმაურა. საუბარია ეტიკეტთან დაკავშირებულ ტენდერებზე, თბილისის მერმა თანამშრომლებს მოუწოდა ყურადღება უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე გაამახვილონ, ვიდრე ეტიკეტის სწავლება.
კომენტარი