ვლადიმერ პუტინი: "აშშ ძალიან დიდ შეცდომას უშვებს, როცა საქართველოს იარაღით ეხმარება"
რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ პუტინის განცხადებით, "ამერიკის შეერთებული შატატები ძალიან დიდ შეცდომას უშვებს, როცა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაში ეხმარება".
ამის შესახებ პუტინმა რუსეთის შეაირაღებული ძალების დანაყოფების მეთაურებთან შეხვედრისას განაცხადა.
"ჩვენ ამის შესახებ მუდმივად ვსაუბრობთ. ვიმედოვნებთ, რომ ქართულ საზოგადოებას საღი აზრი ეყოფა და გაკვეთილი, რომელიც საქართველომ მისი ამჟამინდელი ხელმძღვანელობის ავანტიურული პოლიტიკის შედეგად მიიღო, ფუჭად არ ჩაივლის. იმედი გვაქვს, რომ ეს იარაღი არ იქნება გამოყენებული ახალი აგრესიული მოქმედებებისთვის. მე მაგიდის ქვეშ არ ვმჯდარვარ და არ ვიცი, რაზე ისაუბრეს სააკაშვილმა და ობამამ 30 იანვრის შეხვედრაზე, თუმცა იმედი მაქვს, რომ იქ ვინმე ჩვენიანი იყო და მოგვიყვება", - განაცხადა რუსეთის პრემიერმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა.
პუტინის თქმით, "მისთვის ცნობილია, რომ აშშ ქართულ ჯარს აიარაღებს".
"ჩვენ ეს ვიცით, ამას ვხედავთ და საჯაროდ - არა, თუმცა შესაბამისად ვრეაგირებთ. ჩვენ ვმსჯელობთ არა სიტყვებით, არამედ კონკრეტული ქმედებებით, რომელთაც მარტივად ადევნებს თვალს რუსეთის არა მხოლოდ საგარეო, არამედ სამხედრო დაზვერვა. გემების გადაადგილება, ტვირთების ზომა, - ყველაფერი ეს საკმაოდ ადვილად კონტროლირდება კოსმოსური და დაკვირვების სხვა საშუალებებით", - განაცხადა პუტინმა.
მისივე თქმით, "აშშ-მა საქართველოს გადაიარაღება 2008 წლის აგვისტოს ომიდან მალევე დაიწყო და ეს შეცდომაა, რადგან საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება აშკარად აგრესიულ პოლიტიკას ატარებს ხოლო იარაღის მიწოდება იმ ქვეყნის არმიისთვის, რომელიც აგრესიულ პოლიტიკას ახორციელებს, მას გარდაუვლად, ყოველთვის და ყველგან აგრესიული ქმედებებისკენ უბიძგებს", - განაცხადა პუტინმა.
იმავე შეხვედრაზე რუსეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ "არასოდეს აიგივებდა საქართველოს ხელისუფლებას და ქართველ ხალხს ერთმანეთთან, ხოლო ურთიერთობების გაფუჭება მხოლოდ იმ პოლიტიკის შედეგია, რომელსაც საქართველოს ხელმძღვანელობა ატარებდა და ამ დრომდე ცდილობს, გაატაროს".
"ვიმედოვნებ, ჩვენთვის ძმური ქართველი ერი საბოლოოდ მიხვდება, რომ რუსეთი არა მტერი, არამედ მეგობარია და ურთიერთობები აღდგება", - დასძინა პუტინმა.
კომენტარი