სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქართველი გამომგონებლების წარმატება საერთაშორისო ოლიმპიადაზე

ახალგაზრდა ქართველმა გამომგონებლებმა ვაშინგტონში გამართულ რობოტიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე First Globalმნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს და მე-14 ადგილი დაიკავეს, 160-ზე მეტ მონაწილეს შორის. ქართველი გამომგონებლების მიერ შექმნილმა რობოტმა ჟიურის მხრიდან დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.

რობოტიკის საერთაშორისო კონკურსი, რომელიც ახალგაზრდა, ნიჭიერ გამომგონებლებს აერთიანებს, წელს პირველად გაიმართა და მასში მონაწილეობას მსოფლიოს 160-ზე მეტი ქვეყანა იღებდა. გუნდები 15-18 წლამდე ახალგაზრდა გამომგონებლებით იყო დაკომპლექტებული.

წლევანდელი First Global-ის თემა იყო მსოფლიოს უზრუნველყოფა სუფთა წყლის მარაგით. მონაწილე გუნდებს საკუთარი დიზაინით რობოტები უნდა შეექმნათ, რომლებიც წყლის ბინძური და სუფთა ნაწილაკების ერთმანეთისგან განცალკევებას და სხვადასხვა რეზერვუარში გადანაწილებას შეძლებდნენ. ქართველმა გამომგონებლებმა ასეთი ფუნქციებით აღჭურვილი რობოტი შექმნეს, რომელზეც სკოლის მოსწავლეები დაახლოებით სამი თვის განმავლობაში მუშაობდნენ.

საერთაშორისო ოლიმპიადა First Global-ის მიზანი მსოფლიო მასშტაბით მეცნიერების, ტექნოლოგიის, ინჟინერიისა და მათემატიკის მიმართ ახალგაზრდების ინტერესის გაღვივებაა. კონკურსი მიზნად ისახავს ნიჭიერი ახალგაზრდა თაობის მხარდაჭერას, რომლებიც მსოფლიოს წინაშე არსებული ისეთი გამოწვევების მოგვარებას შეძლებენ, როგორიცაა: სასურსათო უსაფრთხოება, წყლის რესურსების დაცვა, დაავადებათა კონტროლი, საინფორმაციო უსაფრთხოება და სხვა.

წელს საერთაშორისო შეჯიბრზე საქართველოს სახელით გ. ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის, ვ. კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლისა და ი. ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის N42 საჯარო სკოლის მოსწავლეებიიღებდნენ მონაწილეობას.

პროექტის მხარდამჭერია თიბისი ბანკი.


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100