თიბისი ბანკის საჩუქარი მზიურის პარკს - ბანკი „ახალი მზიურის“ ფონდში 50 000 ლარს რიცხავს
თიბისი ბანკმა „მზიურის“ ტერიტორიაზე პარკის აღდგენის ინიციატივის მხარდასაჭერად და საკუთარი 23-ე იუბილის აღსანიშნად, „ახალი მზიურის ახალი წლის“ ღონისძიება გამართა.
ერთი დღის განმავლობაში „მზიური“ ყველა ასაკის ადამიანისთვის საახალწლო განწყობის, მხიარულების, თავგადასავლებისა და ქველმოქმედებაში ჩართვის საუკეთესო ადგილად იქცა.
თიბისი ბანკმა ტრადიციას არც წელს უღალატა და საკუთარ იუბილეზე საჩუქარი ამჯერად “მზიურს“ მოუმზადა. 5 000-ვე თანამშრომლის ჩართულობით, ბანკმა პარკის აღდგენა-გამოცოცხლებისთვის ფონდში 50 000 ლარი გადარიცხა.
თიბისი ბანკი კერძო სექტორიდან „ახალი მზიურის“ პროექტის პირველი მხარდამჭერი და გულშემატკივარია. „ახალი მზიურის“ პროექტის მხარდასაჭერად თიბისი ბანკმა 5 000-ვე თანამშრომელი გააერთიანა და თითოეული მათგანი ქველმოქმედების მონაწილე გახადა. შიდა ქსელში, თანამშრომლების მიერ გაზიარებული ყოველი ვიდეოს, ერთწამიანი პოზიტიური ემოციის სანაცვლოდ, ბანკი „ახალი „მზიურის“ ფონდში 10 ლარს რიცხავდა, თანხა კი საერთო ბიუჯეტს ემატებოდა.
„ახალი მზიურის" პროექტი მზიურის პარკის ფუნქციურად დატვირთვასა და გაცოცხლებას ისახავს მიზნად, უფრო ზუსტად კი, იქ არსებული კაფისა და ამფითეატრის განახლებას. პროექტის იდეის ავტორი ფოტოგრაფი ანა გოგუაძეა.
კაფე სოციალური ხასიათის იქნება, მაშასადამე, არაკომერციული. მისი მოგება ისევ პარკს და სხვა სოციალურ-ინკლუზიურ პროექტებს მოხმარდება. კაფეში ლიტერატურული საღამოები, გამოფენები, პრეზენტაციები, თემატური დღეები (ხატვის, კითხვის, კულინარიული დღე და სხვ.) მოეწყობა. შემოსული თანხა კი პარკისა და სოციალურ-ინკლუზიური პროექტების განვითარებას მოხმარდება. რაც შეეხება ამფითეატრს, ის ახალგაზრდა, უცნობ ხელოვანებს დაეთმობათ,სადაც კინოჩვენებები, მუსიკალური კონცერტები, დისკუსიები, ინკლუზიური სპექტაკლები გაიმართება. „ახალი მზიურის“ პროექტი სავარაუდოდ გაზაფხულზე დასრულდება.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა თიბისი ბანკი 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებული მოქალაქეების მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს. თიბისი ბანკი იყო პირველი კომპანია, რომელმაც 13 ივნისის სტიქიის შემდეგ მასშტაბური საქველმოქმედო და სამოქალაქო აქტივობა წამოიწყო. ამ აქტივობას თიბისი ბანკი ამჯერად „ახალი მზიურის“ პროექტის მხარდაჭერით აგრძელებს.
კომენტარი