ვლადიკავკაზში კოკოითის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა
ვლადიკავკაზში სამხრეთ ოსეთის მარიონეტული რეჟიმის ხელმძღვანელის ედუარდ კოკოითის წინააღმდეგ დღეს საპროტესტო აქცია გაიმართა , რომელსაც ათასამდე ადამიანი ესწრებოდა. ამის შესახებ "გაზეტა.რუ" იუწყება.
სამართალდამცავების ინფორმაციით, მომიტინგეთა შორის უმეტესობა ე.წ. სამხრეთ ოსეთის მცხოვრებლები იყვნენ. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, თავისუფალ ჭიდაობაში რუსეთის მთავარი ნაკრების მწვრთნელის ჯამბულატ თედეევის განცხადებით, მიტინგი ვლადიკავკაზში იმიტომ იმართება, რომ მისი გამართვა ცხინვალში ადგილობრივი ხელისუფლების გამო ვერ მოხერხდა.
"ყველა, ვისთვისაც სულერთი არ არის სამხრეთ ოსეთის ბედი, ვლადიკავკაზში შევიკრიბეთ იმ განუკითხაობის გასაპროტესტებლად, რომელიც ცხინვალში არსებობს. კოკოითი მოსკოვში ჩასვლისას ამბობს, რომ ცხინვალში ოპოზიცია არ არსებობს, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. ოპოზიცია არსებობს, თუმცა, საპროტესტო აქციის გამართვა იქ შეუძლებელია. ვლადიკავკაზში იმიტომ გავმართეთ აქცია, რომ ყველა რუსეთის მოქალაქეები ვართ და გვსურს, ჩვენი ხმაც გაიგონ", – განაცხადა თედეევმა.
მისი ინფორმაციით, ე.წ. სამხრეთ ოსეთში კონსტიტუციის შეცვლის მიზნით რეფერენდუმისთვის ხელმოწერები გროვდება და ვინც ხელს არ მოაწერს, მათ მიმართ რეპრესია განხორციელდება. თედეევი მომავალ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურის დაყენებას აპირებს.
კომენტარი