სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ოსურმა მხარემ დაკავებული ქართველები გაათავისუფლა

18 მაისის ინციდენტის შედეგად დაკავებული 4 ქართველი გათავისუფლებულია - ინფორმაცია ამის შესახებ ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიამ 19 მაისს გაავრცელა. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკისა და რუსეთის ოკუპირებული ძალების წარმომადგენლებმა ოდნავ უფრო ადრე დაკავებული კიდევ ერთი ქართველიც გაათავისუფლეს.

გათავისუფლებულთა თქმით, სავარაუდოდ ოსი და რუსი ეროვნების პირები მათ შეკითხვებს ქართულ პოლიციასა და არმიაზე უსვამდნენ, მაგრამ მას შემდეგ, რაც მათგან საინტერესო პასუხები ვერ მიიღეს, თავი გაანებეს.

ოსური მხარის ინფორმაციით, ისინი "სამხრეთ ოსეთის" ტერიტორიაზე დააკავეს, თუმცა, ქართველები აცხადებენ, რომ ტყეში, ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ჯონჯოლს კრეფდნენ, როცა თავზე ნასვამი რუსი ჯარისკაცები დაადგნენ, იარაღი მოუღერეს, აგინეს და გაყოლა მოსთხოვეს.

რამდენიმე ახალგაზრდამ გაქცევა სცადა. რამდენიმე ნაბიჯის გადადგმის შემდეგ მათ რუსმა ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც ორი მათგანი დაიჭრა. ერთ-ერთი დაჭრილის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.

დანარჩენი 5 დაკავებული ქართველი რუსებმა ადმინისტრაციულ საზღვარზე გადაიყვანეს და ოსურ მხარეს გადასცეს. საერთაშორისო ორგანიზაციების ცარევის შემდეგ, გუშინ საღამოს ოსურმა მხარემ ყველა დაკავებული გაათავისუფლა.

"შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ, უფრო სწორად, ისე არ გვირტყამდნენ, რომ რამე დაგვმჩნეოდა, დასაშინებლად თუ წამოგვარტყამდნენ თავში. მერე გამოგვიცხადეს, რომ თავისუფალი ვიყავით და გარეთ გაგვიყვანეს, თვალებზე ნაჭერი აგვაფარეს. ამის შემდეგ მანქანაში ჩაგვსხეს და სადღაც წაგვიყვანეს, იქ კი ჩვენები დაგვხვდნენ", - იხსენებს ერთ-ერთი დაკავებული, გიგა ბუცხრიკიძე.

ყოფილი ტყვეები უკვე თავიანთ ოჯახებში იმყოფებიან.

გიორგი და დავით ნოზაძე, გაგა ბუხცრიკიძე და დავით ხვედელიძე გვიან ღამით სახლში დაბრუნდნენ. ორი დაჭრილი კი კვლავ საავადმყოფოში რჩება. 27 წლის შოთა შუბითიძის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება და შედარებით მძიმეა 17 წლის გიორგი ლომსაძის მდგომარეობა. ექიმების თქმით, მას შესაძლოა რამდენიმე დღეში განმეორებითი ოპერაციის ჩატარება დასჭირდეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100