გერმანული პრესა: რუსეთი ვოლგოგრადიდან ამიერპოლარეთამდე იწვის (ვიდეო)
რუსეთში ისევ საშინელი ხანძარი მძვინვარებს. პირველ რიგში, ასეთი ხანძრებისგან მცირედდასახლებული რეგიონები ზარალდება. ცეცხლი საშინელი სისწრაფით ვრცელდება და მისი გავრცელების შესაჩერებლად ათასობით მეხანძრე იბრძვის.
2010 წლის ზაფხულში ტყეებისა და ტორფის ხანძრებმა ათასობით კვადრატული კილომეტრი უდაბნოდ აქციეს. მოსკოვი რამდენიმე დღის განმავლობაში მომწამვლელ კვამლში იყო გახვეული.
ამჟამად კი რუსეთში ისევ ტყე იწვის. მრავალ რეგიონში, ისევე როგორც აქ, როსტოვის ოლქში, რამდენიმე დღეა ხანძართან გამკლავება ჭირს. ხანძარმა უკვე ამ დროისთვის გაანადგურა იმაზე მეტი ტყის ფართობი, ვიდრე შარშან. ჯერჯერობით მეხანძრეები ახერხებენ ხანძრის გავრცელების აღკვეთას დასახლებულ პუნქტებში.
„პრობლემა ქარია, რომელიც წამდაუწუმ იცვლის მიმართულებას“, - ამბობენ საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს თანამშრომლები, - „ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია“.
დღეს ცეცხლი ვოლგოგრადის შემოგარენს მიუახლოვდა. ჯერ კიდევ გუშინ აქედან ერთი სოფლის მოსახლეობა გახიზნეს. როგორც შარშან, წელსაც ტყესთან ერთად, ტორფის ჭაობებიც იწვის. ხანძრის ალს სულის შემხუთველი, სქელი კვამლიც ემატება. ეს კვამლი კომის რესპუბლიკამდეც კი გაიწელა, სადაც პოლარული რკალია. აქაც სარეკორდოდ მაღალი ტემპერატურა, ცხელი ქარი და ხანძრებია.
კომის ტერიტორიაზე, რომელიც ნაკლებადდასახლებული რეგიონია, ცეცხლთან საბრძოლველად რუსებმა ნიჩბებით შეიარაღებული მსჯავრდებულები გაგზავნეს. მათ ხანძრის მცირე კერების ლოკალიზება ევალებათ ტყეებში, სადაც სახანძრო მანქანებს ცეცხლის ჩაქრობის არანაირი შანსი არა აქვთ.
რუსული ტელევიზიები ხანძრების რუკას ჩვენებენ და იქ კარგად ჩანს, რომ რუსეთი ალმოდებულია წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ სანაპიროდან მოსკოვამდე. ყველაზე მეტად მოსახლეობა მოსკოვში ღელავს: მოსკოველებს ახსოვთ, რომ შარშან რუსეთის დედაქალაქი, რამდენიმე კვირის განმავლობაში მხუთავ კვამლში იყო გახვეული.
შარშან, ხანძრების შედეგად, 50 ადამიანზე მეტი დაიღუპა. ხელისუფლების მაღალმა პირებმა გააკრიტიკეს ქვედა რგოლების ხანძარსაწინააღმდეგო ზომები და ამ კრიტიკას ბევრის თანამდებობა შეეწირა, თუმცა, წელს ამ მხრივ უკეთესობა მაინც არ შეინიშნება.
კომენტარი