სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

არასრულწლოვნით ვაჭრობის ბრალდებით დაკავებული ქალი ამტკიცებს, რომ შვილი ქუჩაში სანთლებს და ხატებს ჰყიდდა

სანთლების და ხატების გაყიდვა დანაშაული არ არის - ასე ცდილობს ტრეფიკინში ბრალდებული ქალის ადვოკატი, უმძიმეს დანაშაულში მხილებული ქალის დაცვას.

დედა, რომელიც შვილს მოწყალების თხოვნას ქუჩაში აიძულებდა არათუ ჩადენილს ნანობს, არამედ ამტკიცებს რომ უდანაშაულოა.

გამოძიების ვერსიით, მოზარდი თვეების განმავლობაში ფსიქოლოგოურ ტერორში ცხოვრობდა. 17 წლის გოგონა ფულს ქუჩა-ქუჩა აგროვებდა და მშობლეთან მიჰქონდა, თუმცა ადვოკატი ამტკიცებს, რომ ეს მოწყალების თხოვნა არ ყოფილა. თუ ადვოკატის ვერსიას დავუჯერებთ, დედა-შვილი ქუჩაში სანთლებს და ხატებს ყიდიდნენ.

მე შსს-ს მიმართ მექნება გარკვეული პრეტენზიები, რომ ჩვენ თუ ვიცავთ არასრულწლოვნის ინტერესებს, მაშინ ამ ფაქტს არ უნდა გაეჟონა მედიაში. ბავშვი დედის ნათესავებს ურეკავს და იხვეწება წამიყვანეთ აქედანო, თორე თავს რამეს ავუტეხავო. 17 წლისაა... აქ მოწყალება არ ყოფილა, დედა-შვილი იყვნენ ქუჩაში გამოსულები და ყიდიდნენ სანთლებს და ხატებს", - ამბობს ქალის ადვოკატი.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ არასრულწლოვნით ვაჭრობისა (ტრეფიკინგის) და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე, სამ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დედამ მასზე მატერიალურად დამოკიდებული არასრულწლოვანი შვილი სარგებლის მიღების მიზნით გადაიბირა და 2023 წლის ივნისიდან შრომით ექსპლუატაციას უწევდა. ბრალდებული შვილს ქუჩაში მოწყალების თხოვნას და ნივთების რეალიზაციას აიძულებდა, შეგროვილ თანხას კი თავად ისაკუთრებდა. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის თაობაზე ცნობილი იყო კიდევ ორი პირისთვის, რომლებმაც აღნიშნულის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინეს.

არასრულწლოვნის დედას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე სეკუნდა მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ და მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით (არასრულწლოვნით ვაჭრობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახით 14-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო კიდევ ორ პირს ბრალდება სსკ-ის 376-ე მუხლის მეორე ნაწილით (დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინათ, რაც 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100