კრემლი მობილიზაციის ახალი ტალღისთვის ემზადება? - რა ინფორმაციას ფლობს ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი
ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის შეფასებით, კრემლი უარყოფს მითქმა-მოთქმას იმის შესახებ, რომ მოსკოვი მობილიზაციის მეორე ტალღის გამოცხადებას გეგმავს, თუმცა არსებობს რამდენიმე ინდიკატორი იმისა, რომ რუსეთი მობილიზაციის მეორე ტალღის განხორციელებას აპირებს. ამასთან, ანალიტიკოსები ამბობენ, რომ კრემლი რისკავს მისი სანდოობის კიდევ უფრო შელახვას მობილიზაციის ახალი ტალღის გამოცხადებით, რაზეც არაოფიციალური წყაროები საუბრობენ, მაგრამ რუსი ოფიციალური პირები უარყოფენ. "პუტინის გადაწყვეტილება მობილიზაციის მეორე ტალღის, საყოველთაო მობილიზაციის ბრძანების შესახებ ან თუნდაც უკრაინასთან ომის ოფიციალური გამოცხადების შესახებ ვერ მოაგვარებს იმ პრობლემებს, რაც რუსეთის სამხედრო ძალას აქვს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაახლოებით 130 000 ახალწვეულის გაწვრთნა შეუძლია ორწლიანი გაწვევის ციკლის განმავლობაში, მშვიდობიან პერიოდში და დიდი ძალისხმევა დასჭირდა მობილიზებულების უფრო დიდი რაოდენობის მოსამზადებლად მოკლე პერიოდში“, - აცხადებენ ორგანიზაციის ანალიტიკოსები. მათივე შეფასებით, მობილიზებულების მოსამზადებლად საჭიროა მინიმუმ სამი თვე. "უკრაინის სახმელეთო ჯარების სარდალმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ალექსანდრე სირსკიმ აღნიშნა, რომ რუსი მობილიზებულები, რომლებიც ახლა ფრონტზე მიდიან, უკეთ გაწვრთნილები არიან, ვიდრე ისინი, რომლებიც ფრონტზე 21 სექტემბერს, პუტინის მიერ ნაწილობრივი მობილიზაციის განკარგულებისთანავე გაგზავნეს. კრემლს თითქმის სამი თვე დასჭირდა ამ ქვედანაყოფების მოსამზადებლად“, - აღნიშნულია "ომის შესწავლის ინსტიტუტის“ ანგარიშში. მათივე შეფასებით, კრემლის მოჩვენებითი განცხადება 28 ოქტომბერს სამობილიზაციო გაწვევის დასრულების შესახებ ასევე იმის მაჩვენებელია, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აღიარებს, რომ მას არ გააჩნია შესაძლებლობა, გააგრძელოს სარეზერვო მობილიზაცია და გაწვევა ერთდროულად.
კომენტარი