სალომეს მოღალატე ქმარი და 5 ყოფილი შეყვარებული - თავი IX (მრავალშვილიანი სალომე)
ნოველის წინა თავი იხილეთ ლინკზე: http://droni.ge/?m=5&AID=27153
ოკრამ ისევ გაატკაცუნა თითები და სალომე ისევ მიეცა ღრმა ძილს. რამდენიმე წამში ისევ უცხო საძინებელში გაიღვიძა, მასთან ერთად საწოლში ორ პატარა გოგონას ეძინა.
„ბავშვები კაცის ნაცვლად, ისევ მარტოხელა დედა ვარ“ - გაიფიქრა და ინტერესით მოათვალიერა ოთახი. საწოლიდან წამომდგარიც არ იყო, რომ საძინებელში მესამე ბავშვი შემოვიდა, 10-12 წლის ლამაზი ბიჭუნა საოცრად ჭკვიანი თვალებით.
-დედიკო ჩემი ბურთი სადაა? - ჰკითხა სალომეს ღიმილით, სალომემ მხრები აიჩეჩა, რადგან წარმოდგენაც კი არ ჰქონდა სად იყო ბურთი - დღეს ხო საბას მამას სათევზაოდ მივყავართ და ბურთი მინდა, მაგვიანდება უკვე, სადაა ბურთი?
-სათევზაოდ თუ მიდიხარ რად გინდა ბურთი? თევზებს დააფრთხობ და საბას მამა გაგიბრაზდება - გამოსავალი იპოვა სალომემ, რომელსაც ბურთის ძებნის იდეა არ მოეწონა.
-ადექი მაშინ და მაჭამე, საბამ უნდა გამომიაროს მალე - უთხრა დედას და სკამზე გადაკიდებული ხალათი ესროლა, თან უჯრის ქექვა დაიწყო, რაღაცას ეძებდა ისევ.
„ეს ბავშვი აშკარად ჰიპერაქტიულია. კარგია, რომ სათევზაოდ მიდის, სანამ დაბრუნდება მე რეალობაში მშვიდად გავერკვევი.“
საწოლიდან წამოდგა და სამზარეულოსკენ აიღო გეზი. სახლში იდეალური წესრიგი სუფევდა, ბავშვების სათამაშოებსა და ოჯახურ ნივთებს შორის ბალანსი იყო დაცული, ყველაფერს თავისი ადგილი ჰქონდა და აშკარად კომფორტულად იყო მოწყობილი, როგორც პატარებისთვის ისე უფროსებისთვის. თუმცა უფროსების მრავლობით რიცხვში ხსენება არასწორი იყო ამ შემთხვევაში, სალომე აშკარად მარტოხელა დედაა, სხვაგვარად არ აიხსნება ორი პატარა გოგონას დედასთან ძილის ფაქტი.
„ნეტა ვინ მილაგებს სახლს? ეს დამლაგებელი რეალურ ცხოვრებაში უნდა მოვძებნო და დავიქირავო“ - გაიფიქრა და მაცივრიდან კვერცხი გამოიღო შესაწვავად. გატეხა, ათქვიფა, მარილი მოაყარა და როცა გაზქურაზე ტაფა შემოდგა, უფროსი შვილის გაოცებულ თვალებს წააწყდა.
-რას აკეთებ? - ჰკითხა ბავშვმა, რომლის სახელიც სალომემ ჯერ არ იცოდა.
-საუზმეს
-ვისთვის?
-შენთვის
-ამნეზია დაგემართა დედა? კვერცხზე ალერგია მაქვს მე, დაგავიწყდა?
„ამნეზია, საიდან იცის ამ ლაწირაკმა ასეთი სიტყვები?“
-ბოდიში დამავიწყდა - დამნაშავე ბავშვივით აიწურა 10 წლის ბიჭუნას წინ სალომე და შვილისგან საყვედურით სავსე მზერას თვალი მოარიდა - აბა რას შეჭამ?
-გერკულესის ფაფას რა თქმა უნდა, ბევრი თაფლი დაასხი, არ დაგენანოს - უთხრა ბიჭუნამ, რომელიც საოცრად საყვარელი და ნერვებისმომშლელად ჭკვიანი ჩანდა - ამ სახლს ვინ ალაგებს?
-შენ ალაგებ - უპასუხა შვილმა, რომელსაც ალბათ კიდევ უფრო მეტად გაუმძაფრდა მოსაზრება დედის ამნეზიის შესახებ.
გერკულესის ფაფა, წარმოდგენაც არა აქვს სალომეს როგორ უნდა მოამზადოს ის და არც ის იცის სად რა ინახება ამ სამზარეულოში. ნერვულად დაიწყო კარადების ქექვა. ბავშვი მიუხვდა დედას დაბნეულობას, სამზარეულოს კარადასთან მივიდა, გერკულესის ფაფა აიღო, მერე სალომეს პატარა ქვაბზე მოუთითა, ონკანში წყალი მოუშვა, მაცივრიდან თაფლიც გამოიღო და დედას ისე გაუღიმა თითქოს სალომე სკოლის მოსწავლე იყო, რომელსაც საშინაო დავალების გაკეთება დაავიწყდა, თავად კი მასწავლებელი.
-მგონი გადაიღალე, ბებოსთან დაგვტოვე დღეს და შენ წადი სადმე დაისვენე, ცოდო ხარ - უთხრა ისეთი სახით თითქოს მოხუცი ექიმი იყო, რომელმაც პაციენტს დიაგნოზი დაუსვა.
სალომეს გული აუჩუყა მისთვის უცნობი შვილის მზრუნველობამ, თან გაოცებული იყო პატარა ბავშვს ასეთი აზრები საიდან აქვსო. ერთად მოამზადეს გერკულესის ფაფა, მერე ერთად ჩაალაგეს ზურგჩანთა, რომელიც ბიჭუნას სათევზაოდ უნდა წაეღო თან და ამასობაში ეზოდან ხმა გაიგეს.
„დათუუნაა, დათუუუნა“ - ყვიროდა პატარა ბიჭუნა.
-საბა მოვიდა - წამოიყვირა სალომეს შვილმა და აივანზე გავარდა - ჩამოვალ ეხლავე - ჩასძახა მეგობარს, რომელიც ეზოში ელოდა, სალომეს ზურგჩანთა გამოსტაცა და გასასველი კარისკენ გაიქცა. სალომე არ განძრეულა, გაშეშებული უცქერდა ოთახიდან ოთახში მორბენალ შვილს.
„ყველა ცხოვრებაში არსებობს ვიღაც დათუნა, რომელიც ჩემზე ზრუნავს და ვუყვარვარ“ - ფიქრობდა გულაჩუყებული.
-არ გამაცილებ? - ჰკითხა პატარა დათუნამ, რომელსაც სახლიდან გასასველი რკინის კარი გამოეღო და დედას ელოდა. სალომემ საკიდიდან გრძელი ქურთუკი ჩამოხსნა, პიჟამოზევე მოიცვა, ფეხები მაღალყელიან აგებში ჩაყო და შვილს უკან გაყვა.
საბას მამა სამხედრო ჯიპით ელოდა შვილის მეგობარს. სალომეს დანახვაზე მანქანიდან გადმოვიდა, ქალს მოწიწებით მიესალმა, მოიკითხა, ბავშვებს კარგად მივხედავ არ ინერვიულოთო დაამშვიდა და წავიდა.
სალომეს ძალიან ეცნობოდა ეს კაცი, მაგრამ ვერ იხსენებდა საიდან, თუმცა სახლში დაბრუნებული რიგით მეოთხე სიზმრის შინაარსს დაახლოებით მიხვდა.
სასტუმრო ოთახში ოჯახური ფოტოები იყო, მათ ნაწილზე სალომეს გვერდს ჯარისკაცის ფორმაში გამოწყობილი სიმპატიური მამაკაცი უმშვენებდა.
ეს მამაკაცი სანდრო გახლდათ, ბიჭი რომელიც სალომემ დიტოსთან ურთიერთობის გაწყვეტის შემდეგ შემთხვევით გაიცნო .
თაკოსთან და ზუკასთან ერთად სვანეთის დასათვალიერებლად მიდიოდა ზუკას მანქანით. გზაში ზუკამ საჭე ვერ დაიმორჩილა, ავტომობილი თითქოს თავისით გადავიდა ტრასიდან და ბალახზე მცირე მანძილის გავლის შემდეგ ტალახში გაიჭედა. საბედნიეროდ არავინ და არაფერი დაშავებულა, ავტომობილსაც კი არაფერი მოსვლია, მხოლოდ ერთი საბურავი დაეშვა.
მანქანიდან გადმოვიდნენ, არც საბურავის შეცვლა იცოდა რომელიმემ და არც მანქანის ტალახიდან ამოყვანა. ერთადერთი იმედი გამვლელი ავტომობილის გაჩერება და დახმარების თხოვნა იყო. დიდხანს ლოდინი არ დასჭირვებიათ, მალევე გაჩერდა ტრასაზე სამხედრო ჯიპი და მათკენ გადმოუხვია.
მოულოდნელად გამოჩენილი მხსნელები ორი ჯარისკაცი აღმოჩნდა. ერთი სანდრო ჯაფარიძე გახლდათ, დათის მამა და სალომეს მეოთხე შეყვარებული, მეორე კი საჭესთან მჯდომი, საბუნას მამა იყო, რომელმაც რამდენიმე წუთის წინ დათუნა სათევზაოდ წაიყვანა.
საოცარი გარეგნობის ბიჭი იყო სანდრო, თითქოს დოლჩე-გაბანასა და არმანის სარეკლამო სახის აღნაგობა და ნაკვთები არ ეყოფოდა, ამ ყველაფერთან ერთად შავგვრემან სახეს ცისფერი თვალები უმშვენებდა.
სამივენი, თაკოც, სალომეც და ზუკაც გამოშტერებულები შესცქეროდნენ ჯარისკაცის ფორმაში გამოწყობილ ბიჭს. მართალია ხმის ამოღების შემდეგ ადვილად გამომჟღავნდა არც არმანის სახლთან ჰქონდა რაიმე საერთო და არც დოლჩე-გაბანასთან, მაგრამ მისი გარეგნობა ადვილად ჩრდილავდა ბიჭის მეტყველების სტილს. მართალია არც ლ-ს არბილებდა და არც არანაირი აქცენტი არ ჰქონდა, მაგრამ მის ლექსიკას ეტყობოდა, ჯარისკაცი არც დოსტოევსკის კითხვით იკლავდა თავს და არც თანამედროვე სიტყვების მარაგი ჰქონდა.
მოგეხსენებათ გარეგნობას, მითუმეტეს ახალგაზრდა ასაკში დიდი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ სალომე სანდროს სიმუნჯესაც კი აპატიებდა. აპატია კიდეც, სამი თვე ხვდებოდნენ ერთმანეთს. ხვდებოდნენ ალბათ ხმამაღალი ნათქვამია, რადგან სანდრო ძირითადად სულ სამხედრო ბაზაზე იყო და ისევე როგორც გერმანელ ჰანცთან, ქართველ სანდროსთანაც ძირითადად ტელეფონით ჰქონდა სალომეს ურთიერთობა.
სანდრო ჭეშმარიტი ქართველი კაცი იყო, აი ისეთი კლუბში ნამყოფ გოგოს ცოლად, რომ არ მოიყვანს. ამიტომ სალომემ მისი ცისფერი თვალების ხათრითაც კი ვერ გადაწყვიტა მასზე გათხოვება და როცა ბიჭმა ამ თემაზე დაუწყო ლაპარაკი, უკვე პარლამენტარობაზე მეოცნებე სალომემ, რომელსაც ზუკასთან და თაკოსთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაცია ჰქონდა დაფუძნებული, სანდროსთან რომანს წერტილი დაუსვა.
ამ სიზმრის გმირი, მრავალშვილიანი სალომეს ცხოვრება კი სულ სხვაგვარად განვითარდა. ის სანდროს ცოლი გახდა, სამსახურს თავი დაანება, სამი შვილი გააჩინა. 2008 წლის აგვისტოში კი დაქვივდა. მაშინ მესამე ბავშვზე იყო ორსულად.
სანდრო მართალია აზიატი იყო, მაგრამ ცუდ ქმრობას ან მამობას ვერ დასწამებდით. ცოლსა და შვილებზე ისე ზრუნავდა სალომეს ერთი წამითაც კი არ უდარდია კარიერაზე უარის თქმა. სიამოვნებით გაიწაფა დიასახლისობაში, უამბიციო ცოლად იქცა, მაგრამ ბედნიერი იყო. ქმარი უყვარდა და ამიტომაც მისი გარდაცვალების შემდეგ, აგერ უკვე მერვე წელია სხვა კაცისკენ არც კი გაუხედავს.
„ან ვის რაში სჭირდება 3 შვილის დედა“ - გაიფიქრა მრავალშვილიანი სალომეს მოგონებებიდან გამოსვლის შემდეგ ნამდვილმა სალომემ.
აბაზანაში აპირებდა შესვლას, როცა ტელეფონმა დარეკა, მაია რეკავდა, დედამისი.
-დედიკო მაპატიე, ბავშვებს ვერ დავიტოვებ დღეს, მამაშენის ბიძაშვილები ჩამოვიდნენ სოფლიდან, ამათ უნდა ვუმასპინძლო. სხვა დროს წახვალ ნინოსთან აგარაკზე, მანდ სულ ქეიფობენ და ერთს თუ გამოტოვებ არაუშავს - მოესმა დედის ხმა და ისევ გაახსენდა, რომ ოკრა მის სიზმრებს ყოველთვის დათის გაცნობის დღეს ამთხვევდა
-კარგი, არაუშავს - დაამშვიდა დედა, მიუხედავად იმისა, რომ გული დასწყდა, დათის კიდევ ერთხელ გაცნობის შანსს რომ უშვებდა ხელიდან.
***
გვიანი საღამო იყო, როდესაც საბუნას დედამ დაურეკა, შეშინებული ხმა ჰქონდა, დათუნამ ხელი იტკინა და საავადმყოფოში წაიყვანა ჩემმა ქმარმაო.
მართალია ეს ბავშვი რამდენიმე საათის წინ გაიცნო, მაგრამ მაინც საშინლად ანერვიულდა, გოგონებს სწრაფად ჩააცვა და საავადმყოფოში წავიდა.
დათუნას ხელი ჰქონდა ნაღრძობი, ხეზე ამძვრალიყვნენ ის და საბუნა და ჩამოვარდნილა.
საშიში არაფერია, მაგრამ უნდა შეგაყოვნოთ, გამოკვლევებს ჩავუტარებთ ბავშვს, რათა დავწრმუნდეთ, რომ სხვა არაფერი დაუზიანებიაო, უთხრა ექიმმა.
საავადმყოფოს ფოიეში იჯდა საბუნას მშობლებთან ერთად, ორი მცირეწლოვანი გოგონაც თან ჰყავდა და ნერვულად ელოდა ექიმის დასკვნას, როდესაც კარი გაიღო და დათი შემოვიდა ძმაკაცებთან ერთად. გაოცებისგან კინაღამ ენა გადაყლაპა, ვერ მიხვდა იქ რა უნდოდათ, რადგან წესით ახლა ნინოსთან უნდა ყოფილიყვნენ კოჯორში.
ნინოს ბიძაშვილმა დანახვისთანავე იცნო და მასთან მივიდა.
თურმე კოჯრისკენ მიმავალ გზაზე მსუბუქ ავარიაში მოყვნენ, არავინ დაშავებულა, მხოლოდ ერთ-ერთ ბიჭს უტკენია ხელი. ასე აღმოჩნდნენ დათი და სალომე ერთმანეთის გაცნობის დღეს საავადმყოფოში ნინოს აგარაკის ნაცვლად.
მკლავდაფიქსირებული დათუნა, რომ გამოუყვანეს და ჯანმრთელია ხელის გარდა არაფერი დაუზიანებიაო, უთხრეს, სალომე დამშვიდდა.
საბუნას დედის მხარზე ეძინა, ამიტომ ნინოს ბიძაშვილმა მამამისს შესათავაზა თქვენ სახლში წადით და სალომეს მე წავიყვან, ჩემთვისაც ისეთივე ახლობელია ეს ოჯახი როგორც თქვენთვისო.
სახლში დათის მამის მძოლმა წაიყვანათ.
გზაში დათუნამ და დათიმ დამეგობრება მოასწრეს. დათიმ უამბო მეც ვიღეძე ბავშვობაში ხელიო. დათუნამაც არ დაიზარა და დეტალებში მოუყვა ხიდან ჩამოვარდნის ამბავი.
დათუნას პატარა დებს საავადმყოფოს ფოიეშივე დაეძინათ, ამიტომ დათი და ნინოს ბიძაშვილი სალომეს მათ სახლში აყვანასა და ლოგინში ჩაწვენაში დაეხმარნენ.
„მარტო ზრდის ამათ? რა ცოდოა“ - გაიგო სალომემ დათის მიერ ნინოს ბიძაშვილისთვის ჩურჩულით ნათქვამი სიტყვები.
დათუნას არ ეძინებოდა და დათისა და ნინოს ბიძაშვილის დარჩენას ითხოვდა. დათი დაპირდა ხვალ გინახულებო და წავიდნენ.
სალომე ქმარს კარგად იცნობდა და როცა დათიმ მეორე დღეს მისი სახლის კარზე დააკაკუნა, ქალს ეჭვი არ შეპარვია, რომ კაცი ბავშვებზე მეტად მათი დედით იყო დაინტერესებული. ეჭვი კიდევ უფრო გაუმძაფრდა, როცა დათიმ მათთან ვიზიტებს ინტენსიური სახე მისცა. მართალია სალომეს თითქმის არ ეკონტაქტებოდა, დათუნა მიყავდა სასეირნოდ და მერე უკან საჩუქრებით დახუნძლულს აბრუნებდა, მაგრამ სალომე მაინც ყველაფერს ხვდებოდა და ეღიმებოდა.
-დედა დათი კეთილშობილი კაცია - უთხრა დათისთან მორიგი სეირნობის შემდეგ დათუნამ დედას. სალომეს ბავშვის მიერ გამოთქმულ აზრზე მეტად სიტყვა კეთილშობილი გაუკვირდა.
-კეთილშობილი? საიდან იცი ეს სიტყვა?
-საბუნას მამა და მისი მეგობრები მეუბნებიან ხოლმე, მამაშენი კეთილშობილი კაცი იყოვო.
-ააა...
-დედა მეც მინდა, რომ კეთილშობილი კაცი ვიყო
-კარგია.
-როგორ უნდა ვიყო კეთილშობილი?
-კეთილი საქმეები უნდა გააკეთო.
-სადილის შემდეგ ჩემს თეფშს, რომ ჭურჭლის ნიჟარაში ვდებ, ეგ კეთილი საქმეა?
-ეგ კეთილი საქმე არაა, ეგ მოვალეობაა.
-შენ და ჩემს დებს, რომ არ გაბრაზებთ ეგ?
-ეგ ცუდი ქცევისგან თავის არიდებაა. ზოგიერთი ადამიანი თვლის, რომ ბოროტებას თუ არ აკეთებ ეგეც სიკეთეა, თუმცა მიჭირს დავეთანხმო, რადგან ეგ არაფრის კეთება უფროა.
-აბა კეთილი საქმე რა არის?
-სხვისი დახმარება.
-საკონტროლო რომ გადავაწერინო ვინმეს?
-არა, ეგ დათვური სამსახურია.
-დათვური სამსახური რა არის?
-დათვური სამსახური ისეთი ქცევაა, როდესაც ვიღაცას ეხმარები, მაგრამ ამით მას აზიანებ. საკონტროლოს თუ გადააწერინებ მართალია კარგ ნიშანს მიიღებს, მაგრამ ცოდნას ვერა.
-თათარ არმენას რო გადავაწერინო ეგეც დათვური სამსახური იქნება?
-თათარი არმენა ვინაა?
-მართლა ამნეზია გაქვს შენ. ჩემი კლასელია და არავინ მეგობრობს მასთან, იმიტომ, რომ სუნიანია.
სალომე ძალიან შეაშფოთა ამ ფრაზამ, გაახსენდა თაკოსთან და ზუკასთან ერთად რამდენი აქვს ნამუშევარი ქართულ საზოგადოებაში სხვა ერების მიმართ ტოლერანტობის დონის ამაღლებაზე და გული დასწყდა, რომ ეს პრობლემა მის ირეალურ ოჯახში არსებობს.
-იცი დათუნა, მეგობრობა კეთილი საქმეა და თუ მეგობრობა შეგიძლია ე.ი. კეთილშობილი ხარ. განსაკუთრებით კი მაშინ როცა იმ ადამიანთან მეგობრობ, რომელსაც მეგობრები არ ჰყავს. თუ არმენასთან იმეგობრებ ამით მისთვის ძალიან დიდ სიკეთეს გააკეთებ და კეთილშობილი იქნები.
-თათარ არმენასთან რომ ვიმეგობრო მეც თათრული სუნი ამივა.
-არმენა თათრული სახელი არაა - სხვა არგუმენტი უცებ ვერ მოიფიქრა სალომემ
-დედა სომეხი ყავს და არმენა დაარქვა
-დათუნა მომისმინე, ყველა ადამიანი ერთნაირია, გარეგნობა, ეროვნება, სარწმუნოება, ეს ტანსაცმელივითაა, რომელიც შენს სულს აცვია - უთხრა სალომემ და ეგონა 10 წლის ბავშვისთვის ზედმეტად რთულად ვლაპარაკობო, თუმცა დათუნამ მისი სიტყვები გაიგო.
-გამოდის მე მდიდრულად ჩაცმული ვარ რახან ქართული სხეული მაქვს - ამაყად თქვა დათუნამ და სალომეს მოეჩვენა, რომ მის წინ სანდრო იჯდა. ბავშვი მამას მხოლოდ გარეგნულად კი არა პატრიოტიზმითაც დამსგავსებოდა,
-მთლად მასე არაა. შენ მდიდრულად ჩაცმული ხარ, რადგან შენს სულს ჯანმრთელი სხეული აცვია, არც კოჭლი ხარ, არც ბრმა, არც ყრუ. ეროვნება არავისზე უკეთესს ან უარესს არ გხდის, არც სარწმუნოება.
-არც იაღოველებზე?
-არც იაღოველებზე!
-აბა რატომ არავინ ემეგობრება არმენას?
-შენ ემეგობრე, გააკეთე სიკეთე და მიეცი მაგალითი სხვებს.
-მერე კეთილშობილი კაცი ვიქნები?
-აუცილებლად
-მამაჩემივით თუ დათივით?
-ორივეზე უკეთესი იქნები.
-ისე დათი ჯობია თუ მამაჩემი?
-რატომ მეკითხები?
-რატომ და დათი თუ მამაჩემზე უკეთესია მაშინ შეიძლება შეგიყვარდეს, ისე კიდევ შანსი არა აქვს.
-რატომ უნდა შემიყვარდეს დათი?
-იმიტომ, რომ დათის უყვარხარ
-საიდან იცი?
-შენი ცოლად მოყვანა უნდა
-ვინ გითხრა?
-იმ დღეს კალათბურთელ ვახოსთან ვიყავით ვერის ბაღში, თამაშს ვუყურეთ და მერე ვახომ უთხრა დათის, შენ მგონი შეგიყვარდა ეგ ქალი და მალე ცოლად მოიყვანო.
-რაღაც არასწორად გაიგე, არავის არავინ არ მოყავს ცოლად.
-კარგი იქნება დათის ცოლი თუ გახდები. კეთილშობილი კაცია დათი და თან უყვარხარ.
-არ ვუყვარვარ
-კალათბურთელმა ვახომ თქვა, რო უყვარხარ და შენ უკეთ იცნობ დათის თუ თავისი ძმაკაცი?
„მგონი ამ ბავშვში მოხუცი კაცია ჩასახლებული. ვის დაემგვანა ასეთი, მამამისს ორ სიტყვას ვერ ათქმევინებდა კაცი და არც მე გამოვირჩევი ენაწყლიანობით.“ - გაიფიქრა სალომემ და მართალიც იყო, დათუნა საოცრად გონიერი და თავის ასაკთან შედარებით განვითარებული ბავშვი გახლდათ.
მართლები აღმოჩნდნენ დათუნაც და კალათბურთელი ვახოც, ძალიან მალე დათიმ სალომეს სიყვარული აუხსნა და თან დააყოლა, ცუდი არაფერი იფიქრო, დაქორწინება მინდა შენზეო, შენს შვილებზეც ისე ვიზრუნებ როგორც საკუთარზეო.
-რად გინდა სამშვილიანი ქალი? - გაუბრაზდა სალომე, რომელიც თავს ისე გრძნობდა თითქოს სიყვარული მას კი არა ვიღაც სხვას აუხსნა დათიმ და ახლა ძვირფასი ადამიანის გამოფხიზლებას ცდილობდა.
-ბავშვები ჩემთვის პრობლემა არ არის, პირიქით, მომწონს ოჯახები სადაც ბევრი ბავშვია, გამაბედნიერებს ასეთი ოჯახის მამობა - გულწრფელად უპასუხა დათიმ
-შენი შვილებითაც შეგიძლია გაავსო სახლი. გასათხოვარი გოგო მოძებნო გირჩევნია - ისეთი ტონით უთხრა სალომემ თითქოს დედამისი ან კიდევ უარესი ბებიამისი იყო.
-არ მინდა გასათხოვარი გოგო, არავინ და არაფერი მინდა შენს გარდა. არ ვიცი რა მჭირს, არ ვიცი რატომ და როგორ, წესიერად არც კი გიცნობ, მაგრამ ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს შენს გაცნობამდე სხეულის ნაწილი მაკლდა და ახლა როცა გხედავ მხოლოდ მაშინ ვგრძნობ თავს ერთ მთლიანობად. ეს არ არის უბრალოდ სიყვარული, შენთან ერთად მე ჩემი თავი ვიპოვე - უთხრა დათიმ.
სალომე გაშტერებული უსმენდა, უკვე წლებია რაც ქმარს იცნობს და საკუთარი ცხოვრების აგერ უკვე მეოთხე არარეალურ ვერსიას ნახულობს, მაგრამ დათის არასოდეს უსაუბრია საკუთარ გრძნობებზე ასე გულწრფელად. ყოველთვის იცოდა, რომ დათის ძალიან უყვარდა, მაგრამ არასოდეს იცოდა რატომ, არ იცოდა ზუსტად რას ნიშნავდა მისთვის და ახლა ამ სიზმრის წყალობით გაიგო.
-გასაგებია - წაიჩურჩულა სალომემ და ეს სიტყვა ერთდროულად დათისთვისაც იყო ნათქვამი და ოკრასთვისაც.
(გაგრძელება იხილეთ ლინკზე: http://droni.ge/?m=5&AID=27317
კომენტარი