სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სააკაშვილი: პუტინისთვის სტვენა რუსული ავტორიტარიზმის დასასრულის დასაწყისია

ის სტვენა, რომლითაც რუსეთის პრემიერ–მინისტრს ვლადიმერ პუტინს სპორტულ კომპლექსს „ოლიმპიისკში“ შეხვდნენ, „დასასრულის დასაწყისია რუსეთის ავტორიტარული მმართველობისთვის“, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა.

„გუშინ თქვენ ნახეთ როგორ უსტვინეს პუტინს. ეს არის დასასრულის დასაწყისი რუსეთის ავტორიტარული მმართველობისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ მათი დღეები დათვლილია“, – განაცხადა სააკაშვილმა 22 ნოემბერს ქუთაისში მთავრობის სხდომაზე.

„საქართველოსთვის დღეს, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია შეინარჩუნოს განვითარების მაღალი ტემპი იმიტომ, რომ რუსეთშიც არის ძალიან ბევრი კეთილი ნების ადამიანი, რომელიც აღფრთოვანებულია ჩვენი რეფორმებით – არა კრემლში, არა კრემლის გარშემო მყოფ სხვადასხვა სატელიტურ ორგანიზაციებში, არამედ ხალხში“, – განაცხადა მან.

სააკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის ხელმძღვანელობის მთავარი მიზანი „ჩვენი მთავრობის დამხობაა“. „ეშმაკს გაურიგდება საქართველოს შიგნით და გარეთ, ოღონდ ეს გააკეთოს “, – განაცხადა მან.

სააკაშვილმა ეს განცხადება საკრედიტო რეიტინგის სააგენტოს შტანდარდ & Pოორ'ს მონაცემების კომენტირებისას გააკეთა, რომელმაც საქართველოს მაჩვენებელი ‘BB-‘–მდე ასწია, რაც ქვეყნის ძლიერი ზრდის პერსპექტივების მანიშნებელია.

„ამ პირობებში საკრედიტო რეიტინგის ამაღლება... ნიშნავს იმას, რომ საქართველომ გადალახა ის, რასაც ვერავინ სხვა ვერ გადალახავდა; საქართველომ მოახერხა პრაქტიკულად შეუძლებელი“, – განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, ოთხ–ხუთ წელიწადში შეუქცევადი გახდება ის პროცესი, როდესაც საქართველო გახდება ახალი ჰონგ–კონგი, მსოფლიოს ახალი "ეკონომიკური ვეფხვი" და ეკონომიკის, კულტურის, ტურიზმის და პოლიტიკური ცენტრი.

მთავრობის იმავე სხდომაზე სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ წარსულში რუსი სამხედროების ყაზარმები იყო განთავსებული იქ, სადაც ამჟამად განვითარების პროექტები ხორციელდება ქუთაისში, სადაც რუსი ჯარისკაცები „თავის ბინძურ საცვლებს ფენდნენ ყველას დასანახად“.

„ამ ბინძური საცვლების ლოკვა მოენატრა ზოგიერთ ქართველ პოლიტიკოსს, მაგრამ ეს არ არის ქართველი ხალხის სურვილი. ჩვენ გვინდა წავიდეთ იქ, სადაც ჩვენი მომავალი იქნება დაცული“, – განაცხადა მან რომელიმე ქართველი პოლიტიკოსის დასახელების გარეშე.

„იცით, რომ რუსეთის ეკლესიამ ჯვაროსნული ლაშქრობა გამოაცხადა საბჭოთა კავშირის აღსადგენად და ამას გამოხატავენ ძალიან ღიად. საქართველოს დამოუკიდებლობის დასასრულებლად“, – განაცხადა მან. მას, სავარაუდოდ, მხედველობაში ჰქონდა რუსეთის პატრიარქის კირილის განცხადება, რომელმაც გასულ კვირას განაცხადა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა ნეგატიური მოვლენა იყო.

მისი თქმით, რუსეთს სურს, რომ საქართველო მისი "მონა" იყოს. „თუ ვინმეს უნდა იქ წასვლა, ინდივიდუალურად აიღოს ბილეთი ქუთაისის ახალი აეროპორტიდან ქუთაისი–მოსკოვის რეისით ცალ მხარეს მთელი თავისი ბარგი–ბარხანით“, – განაცხადა სააკაშვილმა, „ესეთი რეისებიც იქნება ქუთაისში – აქედან გავუგზავნით ჩვენ პოლიტიკოსებს სამუდამოდ, ვისაც მათთან უნდა ყოფნა, იქიდან მივიღებთ ბევრ რუს ტურისტს, რომელიც თანდათან ჩაანაცვლებს რუსულ ტანკებს და რუს სალდათებს“.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100