საქართველოს პრეზიდენტი გათავისუფლებულ მეზღვაურთაგან ერთ-ერთს ტელეფონით ესაუბრა
გათავისუფლებული ქართველი მეზღვაურები ამ დროისთვის ისევ აფრიკაში, უსაფრთხო პორტში, საქართველოს სამთავრობო დელეგაციისა და შეიარაღებული დაცვის თანხლებით იმყოფებიან. რამდენიმე მეზღვაურმა უკვე შესძლო ოჯახთან დაკავშირება, სადაც მათ დაბრუნებას მოუთმენლად ელოდებიან. გვარდება საქართველოსკენ გამომგზავრებასთან დაკავშირებული ფორმალობები. როგორც ქართული სამთავრობო დელეგაციის მეთაური, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, გიორგი კარბელაშვილი აცხადებს, მეზღვაურები სამშობლოში 16 იანვრამდე დაბრუნდებიან.
გათავისუფლებულ ქართველ მეზღვაურებს ტელეფონით ესაუბრა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. კერძოდ, საუბარი შედგა საქართველოს პრეზიდენტსა და სომალელი მეკობრეების მიერ გატაცებული გემის ქართველ კაპიტანს შორის. მიხეილ სააკაშვილმა მეზღვაურს გათავისუფლება მიულოცა, მეზღვაურთა ჯანმრთელობის მდგომარეობითა და ტყვეობის დეტალებით დაინტერესდა, ბოლოს კი კაპიტანს და მასთან ერთად გათავისუფლებულებს სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება უსურვა.
საქართველოს სამთავრობო დელეგაციის მეთაურმა, ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, გიორგი კარბელაშვილმა, რომელიც პირადად პრეზიდენტის კონტროლით ჩატარებულ მეზღვაურთა გათავისუფლების ოპერაციას ხელმძღვანელობდა, განაცხადა, რომ ოპერაცია რთული იყო და მოლაპარაკების პროცესი რამდენჯერმე კინაღამ ჩაიშალა.
„ეს უპრეცენდენტო შემთხვევაა, როცა სახელმწიფომ სომალელი მეკობრეებისგან მეზღვაურთა გათავისუფლება შეძლო. მეკობრეებს სხვადასხვა ქვეყნის ასობით მეზღვაური ჯერ კიდევ ჰყავთ ტყვეობაში“, - განაცხადა გიორგი კარბელაშვილმა.
კომენტარი