სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პაკისტანში ქრისტიანობის გამო სიკვდილმისჯილი ქალის დასაცავად ხელმოწერები გროვდება

41 წლის პაკისტანელი ქრისტიანი აზია ნორინი, იგივე აზია ბიბი შარშან ღვთის გმობის ბრალდებით დააკავეს და სიკვდილი მიუსაჯეს. ის პირველი ქალია პაკისტანში, რომელსაც ამ მუხლის გამოყენებით სიკვდილით დასჯა გადაუწყვიტეს. დაკავებული აზია ბიბი უკვე მეორე წელია, პაკისტანის სატუსაღოში იმყოფება და ან განაჩენის აღსრულებას, ან მის შეცვლას ელოდება.

აზია ბიბის დასაცავად მთელი მსოფლიოს პროგრესული საზოგადოება გაერთიანდა. ვატიკანმა ოფიციალურად, რამდენჯერმე მოუწოდა პაკისტანის ხელისუფლებას, უარი თქვას ქალის სიკვდილით დასჯაზე. ამისკენ პაკისტანს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ლიდერებმაც არაერთხელ მოუწოდეს, თუმცა, პაკისტანში განაჩენი არ შეუცვლიათ - აზია ბიბი ისევ სიკვდილმისჯილია.

„ბი-ბი-სი“-ს ცნობით, აზია ბიბის მიმართ საქმე 2009 წლის ივნისში აღიძრა, მასსა და სოფელში მცხოვრებ სხვა ქალებს შორის ატეხილი კამათის შემდეგ: უხუცესმა აზია ბიბი წყალზე გაგზავნა, მაგრამ სხვა ქალებმა მის მიერ მოტანილი წყლის დალევაზე უარი განაცხადეს, რადგან ის „არამუსულმანის მიერ იყო მოტანილი“. აზია ბიბიმ პროტესტი გამოთქვა და განაცხადა, რომ „არამუსულმანებიც ადამიანები არიან“. ქალებმა სოფელში ხმა გაავრცელეს, რომ აზია ბიბიმ ალაჰის მოციქულ მუჰამედის მისამართით რამდენიმე შეურაცხმყოფელი ფრაზა წარმოთქვა. ამის შემდეგ ბრბო აზია ბიბის სახლში შეიჭრა, სასტიკად სცემა ქალი და მისი ოჯახის წევრები. აზია ბიბი ჩაქოლვას პოლიციის ჩარევის შედეგად გადაურჩა, თუმცა, ხუთი დღის შემდეგ ის ღვთის გმობის ბრალდებით დააკავეს. 2010 წლის ნოემბერში მოსამართლემ მას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. განაჩენი ამ დრომდე არ დაუმტკიცებია პაკისტანის უმაღლეს სასამართლოს, აქედან გამომდინარე, აზიას სიკვდილით მანამ არ დასჯიან, სანამ პაკისტანის ეს ბოლო ინსტანცია საბოლოო გადაწყვეტილებას არ გამოიტანს. აღსანიშნავია, რომ პაკისტანში ღვთის გმობის შესახებ კანონის მიღებამდე ერთი ქრისტიანი მინისტრი და ერთიც მუსულმანი გუბერნატორი მოკლეს, რადგან ისინი კანონის მიღებას ეწინააღმდეგებოდნენ და აზია ნორინის დასაცავად რამდენიმე განცხადება გააკეთეს.

პაკისტანის კანონმდებლობის თანახმად, სიკვდილმისჯილის შეწყალება ქვეყნის პრეზიდენტს შეუძლია, მაგრამ ერთმა ადგილობრივმა, ავტორიტეტულმა იმამმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ აზია ბიბის შეიწყალებენ, „არსებობს ხალხი, რომელიც საკუთარ თავზე აიღებს კანონის აღსრულებას“. კარგა ხანია, აზია ბიბის ოჯახმა მუქარების გამო დატოვა საცხოვრებელი ადგილი და გაიხიზნა.

ერთ-ერთი ვერსიით, აზია ბიბი იმის გამო ისჯება, რომ ისლამის მიღებაზე უარი განაცხადა, ხოლო საყოველთაო დაცინვის, აბუჩად აგდებისა და ისლამის მიღების შეთავაზების შემდეგ თქვა სიტყვები, რომლებიც მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა და რის გამოც სიკვდილით დასჯას უპირებენ: „ჩვენმა ქრისტემ საკუთარი სიცოცხლე გაიღო ჯვარზე ჩვენი ცოდვების გამო... ჩვენი ქრისტე ცოცხალია“.

ადამიანის უფლებების დამცველი სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ მთელ მსოფლიოში დაიწყო აზია ბიბის მნარდამჭერი ხელმოწერების შეგროვება. პეტიციაზე, რომელიც სიკვდილით დასჯის გადაწყვეტილების შეცვლას ითხოვს, ხელმოწერა ინტერნეტში, ამ ბმულზეა შესაძლებელი. გავრცელებული ინფორმაციით, მილიონზე მეტი ხელმოწერის მოგროვების შემდეგ ორი შვილის დედას სასიკვდილო განაჩენს შეუცვლიან. ამ სტატიის ბოლო განახლების დროისთვის (3.11.2011; 12.00 სთ) მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 453. 561 ხელმოწერაა მოგროვილი. პირველივე გვერდზე ნაჩვენებია ქვეყნები, რომლებიც ლიდერობენ მხარდამჭერი ხელმოწერების დაფიქსირებაში. ყველაზე მეტი – 181.516 ხელმოწერა აშშ–დანაა დაფიქსირებული, მეორე ადგილზე პაკისტანია, სადაც 150 ათას ხელმოწერაზე მეტი მოგროვდა, მესამეზე კი პოლონეთი, 60 ათასზე მეტი ხელმოწერით. საქართველო ათი ქვეყნიდან მეექვსე ადგილზეა. ზემოთნახსენები სამეულის გარდა ჩვენს ქვეყანაზე მეტი ხელმოწერა რუსეთში, კანადასა და უკრაინაში მოგროვდა, ჩვენი მონაცემები კი (3 ნოემბრის მიხედვით – 4.898) უსწრებს ავსტრალიის, დიდი ბრიტანეთისა და ახალი ზელანდიის მაჩვენებლებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100