მე არ ვმღერი, კლინიკაში ვიმყოფები...ჩემს ოჯახში გლოვაა... ამ კვირებში გაირკვევა ყველაფერი, თუ წამოვალ საქართველოში - თამარ გვერდწითელი
"შექმნილი ურთულესი ვითარებიდან გამომდინარე, მკაცრად გადავწყვიტე, რომ შემოქმედებითი პაუზა ავიღო. ახლა, სიმღერის დრო ნამდვილად არ არის" - ამბობს რუსეთში მყოფი ქართველი მომღერალი თამარ გვერდწითელი.
ცოტა ხნის წინ, მომღერალს "პრაიმტაიმი" მის ირგვლივ განვითარებულ სკანდალზე ესაუბრა - სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეო ჩანაწერები, ინფორმაციები რომ თამარ გვერდწითელმა და სოსო პავლიაშვილმა გუშინ, კრემლში დაგეგმილ კონცერტში მონაწილეობა მიიღეს. თამარ გვერდწითელის თქმით, რუსული ტელეარხები სიცრუის ტირაჟირებას ახდენენ და ძველ საკონცერტო ჩანაწერებს აჩვენებენ.
მომღერალი ამბობს, რომ თავს ცუდად გრძნობს და კლინიკაში იმყოფება. მას სამომავლო გეგმები ჯერ არ აქვს, იცის მხოლოდ ის, რომ ჯერჯერობით არსად იმღერებს. რუსეთის დატოვების შემთხვევაში კი მხოლოდ საქართველოში იცხოვრებს.
რაც შეეხება რუსეთ-უკრაინის ომს, თამარ გვერდწითელი ამბობს, რომ დედა უკრაინიდანაა და ამის გამო მის ოჯახში დაძაბული ემოციური ფონი და გლოვაა...
"ახლა, კლინიკაში ვიმყოფები, ჯანმრთელობის პრობლემები სტრესის ფონზე გამიჩნდა. ძალიან შეწუხებული ვარ, ერთ სტრესს ცილისწამებისგან გამოწვეული სტრესიც დაემატა. თანაც, შემოქმედი ადამიანისთვის ძალიან რთულია გულგრილად ვუყურო იმას, რაც ხდება და ამის გარდა, ბრალდებებს, თითქოს კრემლში ვიმღერე.
სინამდვილეში, გუშინ არანაირი კონცერტი არ გამართულა. ახლა, დღეს არის მოსკოვში კონცერტი, რომელშიც მე არ ვმღერი, კლინიკაში ვიმყოფები.
ხდება ძველი საკონცერტო ჩანაწერების ტირაჟირება, რომელიც რუსულ არხებზე ტრიალებს. ძველ გამოსვლებს აჩვენებენ, რომლებიც ამათ შედევრებთან დაკავშირებულია და ამ მომღერლებს შორის მეც აღმოვჩნდი. ვიმეორებ - ეს ძველი ჩანაწერია ლეჟენკოსთან ერთად. არც გუშინ მიმღერია, არც დღეს ვარ და არც ხვალ ვაპირებ.
მე შემოქმედებითი პაუზა ავიღე - ექვსი თვე აღარ ვიმღერებ არსად. ახლა ისეთი ფაზაა, რომ სხვა გამოსავალს უბრალოდ ვერ ვხედავ, ახლა მუსიკა და სიმღერა საჭირო არ არის.
- თუ გაქვთ ინფორმაცია, რუსეთში მყოფმა რომელმა ქართველმა მომღერალმა მიიღო მონაწილეობა კრემლში გამართულ კონცერტზე?
- არ ვიცი, რომელი ქართველი მღერის ახლა კრემლში გამართულ კონცერტზე. ცუდად ვარ და არაფერი ვიცი.
- აპირებთ რუსეთის დატოვებას სხვა ადამიანების მსგავსად?
- პირველივე დღეებში ვფიქრობდით მე და დედა რომ რუსეთი დაგვეტოვებინა, მაგრამ რადგან ცუდად ვარ, ყურადღება ამ საკითხისკენ გადავიტანე. ამ კვირებში გაირკვევა ყველაფერი - თუ წამოვალ, ჩემს სამშობლოში წამოვალ, მიუხედავად ამხელა ცილისწამებისა, მე ქართველი ვარ. თუ ასეთი სტრესი იქნება და ეს საშინელება გაგრძელდება, რომელ სიმღერაზეა საუბარი.
- რუსეთ-უკრაინის ომში მხარს უჭერთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას?
დედა ოდესელია. პოლიტიკას სულ რომ არ შევეხოთ, წარმოიდგინეთ ის გლოვა და ტირილი, რაც ჩვენს ოჯახში ხდება. მე პოლიტიკაში არასოდეს ჩავრეულვარ, მაგრამ ჩემი ოჯახისთვის რაც ხდება იმდენად სტრესულია, რომ ჯანმრთელობის პრობლემებიც კი შემექმნა. ამიტომაც, მივიღე შემოქმედებითი პაუზის აღების გადაწყვეტილება, ვერსად ვიმღერებ.
პრაიმტაიმის ექსკლუზივი
კომენტარი