"სოხუმში ცხოვრობდა საქართველოს მოქალაქე, საქართველოს დროშით... რომელი ნარკოგამსაღებული დაატარებს სახელწიფო სიმბოლიკას?!" - როგორ ეხმიანებიან აფხაზეთში ქართველი გოგონას დაკავებას
აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, სოხუმში საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელსაც ნარკოტიკები "აღმოუჩინეს." apsnypress.info-ს ცნობით, დაკავებულს, 29 წლის ასმათ თავაძეს, ჩხრეკის დროს, დიდი ოდენობით ნარკოტიკი, საქართველოს დროშა და "შევრონი" აღმოუჩინეს. მათივე ინფორმაციიღ, ასმათ თავაძე ასევე ფლობს "აფხაზეთის პასპორტსაც", რის გამოც ადგილობრივებში კითხვები გაჩნდა. "სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქე დაპატიმრებულია, თუმცა გამოძიება გრძელდება", - წერს apsnypress.info. მოქალაქის უკანონო დაკავების ფაქტს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც ადასტურებს. უწყების ინფორმაციით, უკვე ინფრორმირებულია საქართველოში მოქმედი ევროკავშირის მისია, რათა უკანონო პატიმრობაში მყოფის გასათავისუფლებლად ყველაფერი გააკეთონ. საქართველოს მოქალაქის უკანონო დაკავების ფაქტს ოკუპირებულ რეგიონში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. ნაწილი მიიჩნევს, რომ, "თუკი ეს ამბავი მართალია და გოგონა მართლაც გახვეულია ამ ამბავში (ნარკოტიკების საკითხი), ეს ნიშნავს, რომ ინტერესთა გადაკვეთას ეხება სამე და გოგონა ჩაუშვეს, სხვანაირად ის სოხუმში ვერ მოხვდებოდა და არც პასპორტი ექნებოდა." სხვების თქმით, ასმათ თავაძესთან ერთად უნდა დააკავონ იმ ბინის მფლობელებიც, სადაც სოხუმში იმყოფებოდა და ასევე გამოსაკვლევია, როგორ აღმოაჩნდა "აფხაზეთის პასპორტი." abkhaz-auto-ს კომენტარებში, აფხაზები მომხდარში ოკუპირებული რეგიონის ე.წ. ხელმძღვანელობის გულგრილ და არაპროფესიონალურ მიდგომას აკრიტიკებენ და კითხვას სვამენ - ვისი ჩარევით ჰქონდა ქართველ გოგონას "აფხაზური პასპორტი." "სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ კანონის დამრღვევებს ნაციონალობა არ გააჩნიათ და ქართველობა არაფერ შუაშია. ვინც ამის გამო ენგურის ხიდზე კონტროლის გამკაცრებას ითხოვს, უნდა შევახსენო, რომ ფსოუს საზღვრიდან წლების განმავლობაში შემოდიან ნარკორეალიზატორები. კვირაში სამი-ოთხს მაინც აკავებენ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შენახვა-გავრცელებისთვის. ანუ რა ვქნათ, ჩავკეტოთ საზღვარი?! თუ საქართველოს მოქალაქე უფრო საშიშია ვიდრე რუსეთის?!", - წერს ინტერნეტომხარებელი ელო გაბელია. "სოხუმში ბინაში ცხოვრობდა საქართველოს მოქალაქე, საქართველოს დროშით და "შევრონით." ეს ანარანაკლებ საშიშია, ვიდრე სხვა რამე. მე მგონია, აქ ნარკოტიკი არაფერ შუაშია, უბრალოდ, ვიღაცამ შეიტყო ამის შესახებ, ისეთმა, რომელიც საქმეში არ ჩართეს, შესაძლოა, ეს ქართველებთან ერთობლიც ბიზნესს ან სხვა მატერიალურ ინტერესს ეხებოდა და "ჩაუშვა." ნარკოტიკის ჩადების მეტი რა გვინახავს ამ ქვეყანაში, წლების განმავლობაში. თან არაფერი გასაკუთრებული რაოდენობა არ უფიქსირდება, ამდენი შეიძლება ჩვენს ზოგიერთ დეპუტატს შინ ჰქონდეს. მაინც მგონია, ჩვენი ახალგაზრდები ვიღაცების წაქეზებით და სურვილით, რაღაცისთვის ემზადებიან, პოლიტიკურ გეგმას, ან რაღაც მოძრაობას ვგულისხმობ. ამ ბოლოს საქართველოს, ქართველების, ყველაფერი ქართულის შესახებ ბევრი მესმის, იმაზე მეტი, ვიდრე ოდესმე. ქართული სიმღერები, საქონელი, სურსათი, ბიზნესი... თანაც, ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, რომელი ნარკოგამსაღებული დაატარებს სახელწიფო სიმბოლიკას, რა ახსნა აქვს? არავითარი", - წერს "ალიას სუხუმსკი." "მეგობრებო, ატყობთ, რომ სულ სხვა ეროვნების ადამიანების ლანძღვაში ხართ ნარკომანიის გარშემო? არ ვიცი, ვის სურს, მაგრამ აფხაზები უცხოელი აგენტების მსხვერპლის როლში გამოვყავართ. ხან ქართველი გვაცდუნებს ნარკოტიკით, ხან ტაჯიკი, ხან რუსი, ან სომეხი. მოდით, გამოვაცხადოთ სრული იზოლაცია, ყველა ღრიჭო ამოვქოლოთ, რადგან გარშემო სულ მტრები გვყავს და მარტო ჩვენ ვართ კარგები, კეთილები და მიამიტები", - აღნიშნავს "ჟანა სუხუმსკი."
კომენტარი