საიდან წარმოდგება ტერმინი ,,გრუზინ“ და რა გავლენა იქონია მასზე თურქულ-ირანულმა სიტყვამ ,,გურჯი“?
ჩვენი ნათლია რუსი არ არის ( საიდან წარმოდგება ტერმინი ,,გრუზინ“ ?) ადრეულ შუა საუკუნეებში ქართველებს აღმოსავლეთ სლავებთან პოლიტიკური, სავაჭრო და კულტურული ურთიერთობები ჰქონდათ. შავი ზღვისპირეთის ჩრდილოეთით, დღევანდელი უკრაინის ტერიტორიაზე , სხვადასხვა სლავური ტომები (დრევლიანები, ვიატიჩები, პოლიანები, ტივერცები, ულიჩები ) ცხოვრობდნენ. მე-9-10 საუკუნეებში ეს ტომები გაერთიანდნენ და შექმნეს სლავური სახელმწიფო -- კიევის რუსეთი. ( ,,რუსეთი“ წარმოქმნილია მდ. დნეპრის შენაკად ,, როს“-იდან.) მე -10 საუკუნეში (988 წ), მთავარ ვლადიმირის დროს, მათ ქრისტიანობა მიიღეს და ინტენსიური პოლიტიკური, სავაჭრო და კულტურული ურთიერთობა დაამყარეს ევროპის მეზობელ ქვეყნებთან, აგრეთვე ბიზანტიასთან და საქართველოსთან.
როგორც ცნობილია, კიევის სოფიის ტაძრის მშენებლობაში ქართველებსაც მიუღიათ მონაწილეობა. აღნიშნულ პერიოდში, აღმოსავლეთის სლავები ქართველებს იცნობდნენ ,,ობეზის“ სახელწოდებით, რაც უკავშირდება ქართულ ტომს მოსხ/აბასხს (მე-8 საუკუნიდან ეს ეთნოტერმინი მეტათეზისის გამო გარდაიქმნა აბხაზად), რომლებიც კოლხეთის ტერიტორიაზე,თანამედროვე აფხაზეთის ჩრდილოეთ ნაწილში (მდ.აღმოსავლეთ გუმისიდან მდ. მძიმთამდე ) ცხოვრობდნენ. უცხოელები ამ მხარეს, განსხვავებით აღმოსავლეთ საქართველოს ივერიისგან -- ,,ქვემო ივერიას“ უწოდებდნენ (ინგლისელი სასულიერო პირის, ცხუმის ეპისკოპოსის პეტრე ჰერალდის წერილი, მე-14 ს).
კიევის რუსეთის პოლიტიკური და კულტურული აღორძინების ხანა ემთხვევა ქართული ძლიერი ფეოდალური სახელმწიფოს დაარსებას ( აფხაზეთისა და ტაო-კლარჯეთის სამეფო დინასტიების მემკვიდრე -- ბაგრატ III ინიციატივით).
ეთნოტერმინი ,,ობეზი“ იმავე ეთნოსის სახელია, რომელსაც სხვადასხვა ხალხები, გამომდინარე თავიანთი ენობრივი სპეციფიკიდან, სხვადასხვანაირად აჟღერებდნენ: ბერძნულად ,,აბაზგი“, ლათინურად ,,აბასგარუმ“, თურქულად ,,აბაზა“, ადიღე-ჩერქეზულად ,,ებზე“ და ა. შ. როგორც კიევის რუსეთში, ასევე ილმენის ტბასთან და ზემო ვოლგისპირეთში არსებული რუსულ სამთავროებში მცხოვრები ხალხი ,,ობეზ“-თან ერთად მეორე ტერმინით ,,ავერ“ -ით (ივერი) მოიხსენიებდნენ. ამ მიმართებით განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ერთი ძველ-რუსული წყარო ,,Русская толковая полея“, რომელშიც ავტორი სხვადასხვა ხალხების ერთმნიშვნელოვან განმარტებას იძლევა: ,,Норицы - иже суть Словены“, ,, Авер иже суть Обезы“ (ივერიელები იგივე აფხაზები არიანო!) ,, Руми -- иже зовутся Грецы“...(Ж. история СССР. 1957г.N 2 стр.158.)
მე-13 საუკუნის 30-იან წლებში რუსეთს საშინელი დამპყრობელი მოევლინა; 1238 წელს ჩინგიზ ხანის მემკვიდრე -- ბათო ყაენი, მონღოლთა დიდი ჯარით ვოლგისპირეთში შეიჭრა და მიწასთან გაასწორა რუსეთის ქალაქები. 1240 წელს კი, მან კიევი აიღო და რუსეთის, უკრაინის, ყირიმის, ჩრდილო კავკასიის, ვოლგისპირეთის და შუა აზიის ტერიტორია თათარ-მონღოლთა ბატონობის ქვეშ მოაქცია, რითაც უდიდესი და უძლიერესი სახელმწიფო -- ,,ოქროს ურდო“ დაარსდა. ამ გარემოების გამო, მთლიანად შეწყდა საქართველოს ურთიერთობა აღმოსავლეთ სლავებთან (რუსეთთან). თვითონ საქართველო კი შევიდა მეორე მონღოლურ სახელმწიფოში, რომელსაც ,,ილხანთა სახელმწიფო“ ერქვა. ამ ორ მონღოლურ სახელმწიფოს შორის ხანგრძლივი და სისხლისმღვრელი ომები მიმდინარეობდა.
რუსებს დაავიწყდათ ,,ობეზებისა“ და ,,ავერების“ არსებობა. ისინი 240 წლის განმავლობაში თათარ-მონღოლთა ბატონობის ქვეშ იმყოფებოდნენ და ფაქტობრივად, მოწყვეტილნი იყვნენ გარემომცველ ქვეყნებს. 1245 წელს რომის პაპის ინოკენტ IV დავალებით მღვდელმა პლანო კარპინიმ იმოგზაურა რუსეთში, შუა აზიასა და მონღოლეთში. იგი წერდა, რომ მონღოლებმა დაიპყრესო შემდეგი ქვეყნები და ხალხები: ,,ჩინელები, მაიმანები, სოლანგები, ყარაჩინელები, კომანა, თუმატ, ვოირატ, კანარიტები, გუიურ, სუ მონღოლის, მერკიტები, მექრიტები, ალანები ანუ ასსები, ობეზები ანუ გეორგები, ნეოტორიანები, არმენიელები“... (Путешествия в восточные страны Плано Карпина и Рубрика М.1957г.) პლანო კარპინის კომენტარითაც დასტურდება, რომ ,,ობეზები“ (აფხაზები) -- იგივე ქართველები (გეორგები) არიან !
მე-16 საუკუნიდან, ,,ოქროს ურდოს“ სახელმწიფოს დასუსტებისა და დაშლა-დანაწევრების შემდეგ დაიწყო რუსეთის (ცენტრით მოსკოვი) გაძლიერებისა და მათ მიერ მონღოლ-თათართა სახანოების განდევნის პროცესი. რუსეთის სახელმწიფოს სამხრეთი საზღვარი კავკასიონის ქედს მოებჯინა. ამ დროს ქართველ ხალხს უხდება უთანასწორო ბრძოლების წარმოება პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსულ ძლიერ თურქეთთან და სპარსეთთან. თურქეთი მთლიანდ იჭერს ყირიმის ნახევარკუნძულსა და ჩრდილოეთ კავკასიას. თურქეთსა და რუსეთს შორის იწყება ომებისა და დიპლომატიური ურთიერთობების გააქტიურება. ამ დროიდან რუსები და რუსეთის სახელმწიფო მოხელეები ხელახლა ,,ეცნობიან“ ქართველებსა და ქართულ სამეფო-სამთავროებს უკვე ახალი ტერმინით ,,გურჯისტანი“ და ,,გურჯი“ (თურქულ-სპარსული გავლენით!), მაგრამ რადგანაც რუსულში ასო ,,ჯ“ არ არის, ამიტომ ,,გურჯი“ მათ წარმოთქვეს ,,გურზის“ ფორმით, რაც რუსეთის ელჩების კახეთის სამეფოში მოგზაურობისას მათ ჩანაწერებშია დაფიქსირებული. ამ ეთნოტერმინს, რუსული ენისთვის დამახასიათებელი ,,ინ“ სუფიქსი დაემატა და გახდა ,,გურზინ“, ხოლო მეტათეზისის გამო (მეტათეზისი ნიშნავს სიტყვის ფუძეში ბგერათა გადაადგილებას), ,,გურზინ“ - ,,გრუზინად“ გადაიქცა. მე-16-17 საუკუნეებში კახეთის მეფის კარზე მყოფი რუსეთის ელჩები( რუსინ დანილოვი, როდიონ ბირკინი, პეტრე პივოვი, სტეფანე ბურნაშოვი, ფიოდორ ვოლინსკი და სხვები) უკვე ხმარობენ ,,გრუზინს“, ,,გრუზიასა „ და ამ სიტყვაში ისინი გულისხმობენ აღმოსავლეთ საქართველოს, ქართ-კახეთს. (М. Полиевтов,Европейсий путешественник XIII - XVIIIвв. по Кавказу Тифлис, 1935 г)
ამგვარად, თურქულ-ირანული ,,გურჯი“ საფუძვლად დაედო რუსულ ტერმინ ,,გრუზინს“.
ისტორიკოსი ბიძინა ჭყონია.
კომენტარი