კენჭისყრის პროცესი დასრულდა
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კენჭისყრის პროცესის დასრულების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა. როგორც ბრიფინგზე ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, 20:00 საათზე ყველა საარჩევნო უბანი კანონის შესაბამისად დაიხურა.
„20:00 საათის მდგომარეობით კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 1 637 956-მა ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის 46.74 %-ია. ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა ქედაში - 64.74 %, ხოლო ყველაზე დაბალი მარნეულში - 36.47 %. რაც შეეხება თბილისს, საღამოს 20:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობა შეადგენს 45.4 %-ს. ამომრჩეველთა აქტივობის მონაცემი რომ შევადაროთ 2013 წლის პრეზიდენტის არჩევნების მონაცემს, 2013 წელს აქტივობამ 46.6 % შეადგინა. აღსანიშნავია, რომ არჩევნების დღემ საარჩევნო უბნებზე ძირითადად მშვიდ გარემოში ჩაიარა. ამომრჩევლებს თავისუფლად შეეძლოთ მთელი დღის განმავლობაში საკუთარი ნების გამოხატვა“,- განაცხადა ანა მიქელაძემ.
მისივე თქმით, დღეს, ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი მუშაობს უწყვეტ რეჟიმში. მთელი დღის მანძილზე შემოვიდა 1 746 ზარი და 497 შეტყობინება ონლაინ ჩათის მეშვეობით. მათი დიდი ნაწილი ამომრჩევლების მიერ სიაში მონაცემების გადამოწმებას, საარჩევნო უბნის მისამართებისა და საარჩევნო პროცედურების დაზუსტებას შეეხებოდა.
საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ დაიწყო ხმის დათვლის პროცედურა. მას შემდეგ რაც შედგება საუბნო შემაჯამებელი ოქმები, საარჩევნო უბანზე ყველა კანონით გათვალისწინებული პროცედურის დასრულების შემდეგ, ისინი მიეწოდება შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებს, რომლებიც უმოკლეს ვადებში ატვირთავენ საარჩევნო მართვის სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში. ცესკო საუბნო შემაჯამებელ ოქმებს მიღებისთანავე ეტაპობრივად განათავსებს სპეციალურ ვებ-გვერდზე www.results.cec.gov.ge.
„ამასთან, ნებისმიერ მსურველს ექნება შესაძლებლობა დააკვირდეს არჩევნების წინასწარი შედეგების შეჯამების პროცესს ცესკოში ინტერნეტ ტრანსლირების საშუალებით, რომელიც 360 გრადუსიანი ტექნოლოგიის გამოყენებით ცესკოს facebook-გვერდზე, Youtube-სა და ოფიციალურ ვებ-გვერდზე იქნება ხელმისაწვდომი.
აღსანიშნავია, რომ ცესკოს მიერ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის შეთავაზებული ინიციატივით სარგებლობის სურვილი 4-მა ორგანიზაციამ გამოთქვა და მათი დამკვირვებლები, ცესკოს ოპერატორებთან ერთად, საუბნო შემაჯამებელი ოქმების მონაცემების შეყვანის პროცესში მიიღებენ მონაწილეობას.
ანა მიქელაძემ მედიას ასევე გააცნო ინფორმაცია არსებული საჩივრების შესახებ. მისი თქმით, საერთო ჯამში ყველა საოლქო საარჩევნო კომისიაში შესულია 364 საჩივარი. საჩივრები დაიწერა ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა მიერ. საჩივრები ძირითადად ეხება პროცედურულ ხარვეზებს და მათი ნაწილი უბანზევე იქნა აღმოფხვრილი. ოლქში შეტანილი საჩივრების უმეტესობის მოთხოვნა არის კომისიის წევრებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება და ასევე, ორ საარჩევნო უბანზე კენჭისყრის შედეგების გაბათილება.
„აქვე, მაგალითისთვის გაგაცნობთ ინფორმაციას სხვადასხვა პროცედურული ხარვეზების შესახებ: მარნეულის №52-ე საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა წარმომადგენლის მხრიდან საუბნო საარჩევნო კომისიის მუშაობისთვის ხელის შეშლის მცდელობა. კომისიის გადაწყვეტილებით, წარმომადგენელმა საარჩევნო უბანი დატოვა; ქუთაისის №49-ე, №110-ე და ბათუმის №6-ე საარჩევნო უბნებზე ასევე დაფიქსირდა კომისიის მუშაობაში ხელის შეშლის მცდელობა, თუმცა სიტყვიერი გაფრთხილებების შემდეგ, ინციდენტები აღმოიფხვრა; ახალქალაქის №49-ე საარჩევნო უბანზე ამომრჩეველი ცდილობდა პირადობის მოწმობის გარეშე ხმის მიცემას. კომისიამ არ მისცა მას ხმის მიცემის შესაძლებლობა; ნინოწმინდის №26-ე საარჩევნო უბანზე საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებელს არ უშვებდა საარჩევნო უბანზე, თითქოს დამკვირვებელს ჰქონდა ყალბი მოწმობა. ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ, დამკვირვებელმა შეძლო უბანზე შესვლა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მარნეულის №18-ე საარჩევნო უბანზე 4-მა ამომრჩეველმა კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო ვადაგასული პირადობის დამადასტურებელი მოწმობებით. ერთ შემთხვევაში, ამომრჩეველი მივიდა ვადაგასული პირადობის მოწმობით და ცდილობდა ხმის მიცემას. მას შემდეგ, რაც კომისიის მიერ ამომრჩეველს განემარტა, რომ ის ხმას ვერ მისცემდა აღნიშნული დოკუმენტით, ამომრჩეველმა ხმა მისცა საქართველოს მოქალაქის პასპორტის საშუალებით. დანარჩენ 3 შემთხვევაში - ამომრჩევლებს ჰქონდათ უვადო პირადობის მოწმობები, შესაბამისად მათ მიიღეს არჩევნებში მონაწილეობა“,-აღნიშნა ანა მიქელაძემ.
მისივე თქმით, ამჟამად მიმდინარეობს ავღანეთის 2 საარჩევნო უბნის ხმების დათვლის პროცედურა. შედეგები შემაჯამებელი ოქმების შედგენისთანავე ხელმისაწვდომი იქნება ცესკოს ვებ-გვერდზე.
ბრიფინგის დასასრულს ანა მიქელაძემ საარჩევნო ადმინისტრაციის სახელით მადლობა გადაუხადა ამომრჩევლებს არჩევნებში აქტიური მონაწილეობისთვის.
კომენტარი