ლევან კალანდაძე: „თუ ხუდონჰესი არ ავაშენეთ, ათ წელიწადში მთელ საქართველოს სიბნელეში მოუწევს ყოფნა“
ეს განცხადება არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ინფრასტრუქტურული პროექტების ინიციატივის“ (სიპი) ერთ–ერთმა ხელმძღვანელმა, ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში ლევან კალანდაძემ გააკეთა.
„ჩვენ დღეს სწორედაც რომ მოგვიწევს არჩევანის გაკეთება იმასთან დაკავშირებით, თუ რა გზით წავალთ. ან, ავაშენებთ ხუდონჰესს და საქართველო აქცენტებს განვითარების, პროგრესის სასარგებლოდ გააკეთებს. რაც იმ პირობების გათვალისწინებას გულისხმობს, რომ ქვეყანაში ეკონომიკა და ბიზნესი უნდა განვითარდეს, შეიქმნას ახალი საწარმოები და მოზიდულ იქნეს უცხოური ინვესტიციები, შეიქმნას ახალი საწარმოო სიმძლავრეები და ახალი სამუშაო ადგილები, ქვეყანა ბიზნეს საქმიანობისთვის მიმზიდველი და სასურველი გახდეს. ამ ყველაფერს, ბუნებრივია შესაბამისი ენერგეტიკული მხარდაჭერა და უზრუნველყობა, შესაბამისი ახალი ენერგეტიკული სიმძლავრეების ამოქმედება და დღეს არსებული გამოუყენებელი შასაძლებლობების მაქსიმალური გამოყენება სჭირდება.
ან, უარს ვიტყვით ხუდონის მშენებლობაზე და ჩვენ, მთელი საქართველო ერთ ადგილას, ერთ დონეზე „გავიყინებით“. ანუ, საქართველო თანდათან გადაიქცევა გამოუყენებელი და არარეალიზებული შესაძლებლობების მქონე ქვეყანად. მერწმუნეთ, ამ უკანასკნელი არჩევანის შემთხვევაში, სულ რაღაც ათიოდე წელიც არ იქნება საჭირო იმისთვის, რომ მთელი საქართველო ისევ სიბნელეში და 90–იანებისთვის დამახასიათებელ ენერგეტიკულ კრიზისში დაბრუნდეს“ – განაცხადა ლევან კალანდაძემ.
კომენტარი