"მე მისთვის ცოლი არ მომიკლავს, მან კი შვილები მომიკლა" - ავარიის დროს გარდაცვლილი გიორგი პაპასკირის დედა მეკო კვირიკაშვილზე სკანდალურ პოსტს აქვეყნებს
მორაგბე, მეკო კვირიკაშვილის შესახებ ავარიის დროს, ერთ-ერთი გარდაცვლილის, გიორგი პაპასკირის დედა, ნანა თოდუა, სოციალურ ქსელში სკანდალურ პოსტს აქვეყნებს:
"სხვა გამოსავალი რომ იყოს, ამ თემაზე საჯაროდ არ ვისაუბრებდი. არ მსურს, ჩემი ტრაგედიის აფიშირებით, ვინმეს ცხოვრება დაუმძიმო, მაგრამ არ მგონია, გაჩუმება გამოსავალი იყოს. მე დედა ვარ, მოკლული შვილების დედა. მათ ვერავინ გამიცოცხლებს, მაგრამ ის მაინც უნდა გავაკეთო ჩემი შვილებისთვის, რომ მათი სიცოცხლის ხელყოფა, ასე უბრალოდ არავის შერჩეს!
ამ ავარიაზე, 2016 წლის ზაფხულში მთელი საქართველო ლაპარაკობდა. ავარიას ჩემი შვილი, 26 წლის გიორგი პაპასკირი და მისი მეუღლე, ნუცა კალანდარია, მათი მეგობარი ანი ჩხაიძე, და თავად ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევის, რაგბისტის, მერაბ კვირიკავილის მეუღლე ემსხვერპლა. ტელევიზიებმა, სიუჟეტები გააკეთეს. ერთი შეხედვით, ცხადი იყო, რა მოხდა და მაინც, წელიწადნახევარია სამართლოში, საქმის განხილვა, წესიერად არც დაწყებულა. კვირიკაშვილი, შეიძლება ძალიან კარგი რაგბისტი იყოს, მაგრამ ეს არ უნდა აძლევდეს მას, პასუხისმგებლობისგან, თავის დაძვრენის შესაძლებლობას. ყველამ, ცნობილმა მეცნიერმა, ხელოვანმა, სპორცმენმა, თანამდებობის პირმა თუ უბრალო მოქალაქემ, ყველამ ერთნაირად უნდა აგოს პასუხი, ჩადენილი დანაშაულისთვის. მე ასე მესმის სამართალი და კანონიერება.
ახლა კვირიკაშვილი და მისი ადვოკატი, ცდილობენ, ეჭვები გააჩინონ და ამ გზით გააბათილონ, პროკურატურის არგუმენტები, რომელიც საყოველთაოდ ცნობილ ფაქტებს, ექსპერტიზის დასკვნას, მტკიცებულებებს და მოწმეების ჩვენებებს ემყარება.
ფაქტია, რომ კვირიკაშვილი, მოძრაობის წესების უხეში დარღვევით , სიჩქარის დიდი გადაჭარბებით მოძრაობდა, თბილისიდან ბათუმის მიმართულებით. მის მიერ სიჩქარის გადაჭარბება დასტურდება, არა მხოლოდ სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტების მიერ გაცემული თავდაპირველი დასკვნით, არამედ მოწმეთა ჩვენებებითაც. დიდი ექსპერტობა არ სჭორდება იმის წარმოდგენას, თუ რა სიჩქარით უნდა ემოძრავა BMW X-5 მარკის ჯიპს, რომ მისი ძრავა, მასზე, 4-ჯერ უფრო მსუბუქ Nissan Tida-სთან შეჯახების ადგილიდან, 20-25 მეტრის მოშორებით გადავარდნილიყო. გადაჭარბებულ სიჩქარეზე ისიც მეტყველებს, რომ „ნისანში“ მსხდომი სამივე ადამიანი, ადგილზ ეგარდაიცვალა, ხოლო BMW X-5-ში მსხდომი 3 ადამიანი, მძიმედ დაშავდა, რომელთაგან ერთ-ერთი, საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ჩემი გაოგნება გამოიწვია, კვირიკაშვილის დაცვის მხარის მოთხოვნით დანიშნული განმეორებითი ექსპერტიზის დასკვნამ. ეს დასკვნა მოგონილ თეორიებზე დაყრდნობით არის ჩატარებული და სწორედ, არაგონივრული ეჭვის დათესვას ემსახურება. განმეორებითი ექსპერტიზა, რომელიც იმავე ექსპერტიზის ბიუროში, სხვებთან ერთად, იმავე ექსპერტების მონაწილეობით ჩატარდა, დაინიშნა ე.წ. ახალი გარემოებების გამოვლენის მომიზეზებით. ახალი გარემოება კი ის გახლდათ, რომ ერთ-ერთ მოწმეს, რომელიც ერთხელ უკვე ჰყავდა დაკითხული გამოძიებას, მაგრამ რატომღაც, ეს მნიშვნელოვანი „ახალი გარემოება“ მაშინ არ უხსენებია, თვეების შემდეგ, რატომღაც „უკეთ გაახსენდა“ მომხდარი და თქვა, რომ კვირიკაშვილი მის წინ 90-100 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა, როცა გამოძიებისთვის უცნობი, მსუბუქი ავტომანქანა გამოუხტა, მასთან შეჯახების თავიდან ასაცილებლად, კვირიკაშვილმა საჭე მკვეთრად აიღო მარჯვნივ, რის გამოც დღისით, სწორ, მშრალ ავტობანზე, 90-100 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი BMW X–5 მარკის ჯიპი, თურმე „მოცურდა“ და უმართავი გახდა.
ამ ზღაპარში სიმართლე მხოლოდ ის არის, რომ „კვირიკაშვილს არ შეეძლო დაჯახების თავიდან აცილება“, მხოლოდ იმ მიზეზით, რომ არამიწიერი სიჩქარით(170-180 კმ/სთ) მოძრაობდა. ეს სიჩქარე იყო დაფიქსირებული სწორედ დარტყმის მომენტში(დამუხრუჭების შემდეგ), იმ ავადსახსენებელი მანქანის სპიდომეტრზე, რომელიც მაშინ ყველა ტელევიზიის კამერამ გადაიღო და ყველა საინფორმაციო გამოშვების ბადეში მოხვდა.ამ ტრაგედიიდან ძალიან მალე, კვირიკაშვილი ჩემდა გასაოცრად, მანქანის საჭესაც მიუჯდა და რაგბსაც დაუბრუნდა. მე მაკვირვებს ის, რომ მოედანზე გასვლამდე, მას არ ეყო ჭკუა, სინდისი და გამბედაობა, მოსულიყო ჩვენთან ოჯახში, გამოეხატა სინანული, მომხდარის გამო, სამძიმარი ეთქვა ჩვენთვის და დაინტერესებულიყო, უდედმამოდ დარჩენილი, 2 წლის კატოს ბედით.არასდროს მქონია სურვილი შური მეძია, მომეთხოვა მისი უმკაცრესად დასჯა, მაგრამ სანამ ის ეცდება სიყალბით, გამოგონილი მოწმეებით, დაშვებული თუ დაუშვებელი მაქინაციებით, თავი დაიძვრინოს პასუხის მგებლობისაგან, ვერც ვერაფერს გავიგებ. მითუმეტეს, რომ მას სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი, უდედმამოდ დარჩენილი კატოს მომავალზე, პასუხისმგებლობის თავიდან ასაცილებლად სჭირდება. პატიება და მიტევება, მონანიებით იწყება და არასხვისი და საკუთარი თავის მოტყუებით. როგორ მომიბრუნდება ენა ვთქვა, რომ კვირიკაშვილი დაზარალებული არ არის, ამავე შემთხვევით, მაგრამ უბედურებაც იმაშია, რომ თვითონ ჩემსა და მას შორის, განსხვავებას, ვერ ხედავს: მე მისთვის ცოლი არ მომიკლავს, მან კი შვილები მომიკლა!საქმე მეტისმეტად გაჭიანურდა. წელიწადნახევარი გავიდა და ჯერაც არ გაცემულა პასუხი კითხვებს: რა მოხდა და რატომ? რისი გაკეთება შეიძლებოდა ამ უბედურების თავიდან ასაცილებლად? რა უნდა გაკეთდეს, რომ მომავალში, სხვა დედა, სხვა მშობელი არ აღმოჩნდეს ჩემს დღეში? ამ საქმეში კვირიკაშვილის გამართლება, ხელს შეუწყობს დაუსჯელობის წახალისებას, მოამრავლებს ჩვენს გზებზე დაუმორჩილებელ მძღოლებს და უბედურ შემთხვევებს.სასამართლო პროცესი 8 თებერვალსაა დანიშნული. ამ პროცესზე მე მხარე არ ვარ - დაზარალებული ვარ, რომელსაც ბრალდებულისთვის და ექსპერტებისთვის, კითხვის დასმის უფლებაც კი არ მაქვს. ამიტომ იმედი მაქვს პროკურატურის ზოგადად და საქმეში ბრალმდებლად ჩართული პროკურორის პროფესიონალიზმისა და პატიოსნების.მინდა მქონდეს პასუხი კატოსთვის, რომელიც გაიზრდება და აუცილებლად იკითხავს, რა შეემთხვათ მის მშობლებს. - წერს ნანა თოდუა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრ მერაბ კვირიკაშვილს ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხდარი ავარიის საქმეზე ბრალი წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია 2 ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა (დანაშაული ითვალისწინებს 10-წლამდე თავისუფლების აღკვეთას). ადვოკატის განმარტებით, კვირიკაშვილს ამ ეტაპზე 15 000 ლარის ოდენობის გირაო აქვს შეფარდებული. საქმეს ქუთაისის საქალაქო სასამართლო იხილავს. პროცესი ხვალ, 15:00 საათზეა ჩანიშნული.
კომენტარი