სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რომელ ქართულ უნივერსიტეტებში განხორციელდება ამერიკული და საერთაშორისო საბაკალავრო პროგრამები?

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის მეშვეობით, მომავალი 20 წლის განმავლობაში ამერიკული და საერთაშორისო საბაკალავრო პროგრამები განხორციელდება, - ამას ითვალისწინებს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის დღეს გაფორმდა.

როგორც საქართველოს მთავრობის მეთაურმა ხელმოწერის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ქართველი ახალგაზრდები საქართველოში მიიღებენ ამერიკულ და საერთაშორისო სტანდარტების დიპლომებს საინჟინრო, ტექნოლოგიურ და საბუნებისმეტყველო სპეციალობებში, რაც ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, უმაღლესი განათლების პროექტის განხორციელებისთვის, კომპაქტის ფარგლებში გრანტის სახით 30 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირება იგეგმება, რაც საქართველო-ამერიკის მეგობრობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი იქნება.

„საქართველომ უნდა მიაღწიოს, რომ მისი მოქალაქეები აღჭურვილი იყვნენ თანამედროვე ცოდნითა და განათლებით, იყვნენ პროფესიონალები, კონკურენტუნარიანი სპეციალისტები და დააკმაყოფილონ განვითარებული ეკონომიკის მოთხოვნები. ეს პროექტი ჩვენ უნიკალურ შესაძლებლობებს გვაძლევს. ჩვენთვის ძალიან დიდი სტიმულია, რომ ჩვენმა ამერიკელმა მეგობრებმა და პარტნიორებმა, რომლებიც ასე გულშემატკივრობენ ჩვენს ქვეყანას, საქართველოში დაინახეს ის პოტენციალი და რესურსი, რომელიც საქართველოს შეაძლებინებს, ჩადგეს მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების რიგში“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განმარტებით, მთავრობის მხრიდან არსებობს მტკიცე პოლიტიკური ნება, რომ ქვეყანამ განვითარების ეს მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო ეტაპი წარმატებით გაიაროს.

ხელმოწერის საზეიმო ცერემონიის შემდეგ პრემიერმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ხელისუფლება დაინტერესებულია, რომ მომავალ თაობას შეუქმნას განათლების ღირსეული პირობები და მისცეს ღირსეული განათლება.

„სამწუხაროდ, განათლების სისტემას წლების განმავლობაში არ ექცეოდა სათანადო ყურადღება. ცვლილებები, რომელიც ხორციელდებოდა ამ სფეროში, იყო ზედაპირული და რეალურ შედეგებს არ იძლეოდა. ჩვენ ბოლო 18 თვის განმავლობაში დავადასტურეთ, რომ ვართ მოწოდებული, მყარი ფუნდამენტი შევქმნათ განათლების რეფორმის ჩასატარებლად“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და მაგალითად უფასო სახელმძღვანელოები და უფასო ფაკულტეტები დაასახელა.

მთავრობის მეთაურის განმარტებით, ხელისუფლების ამოცანაა ტექნიკური პროფესიული სასწავლებლების განვითარება და ქვეყანაში განათლების დონის ამაღლება, ვინაიდან განათლების გარეშე ქვეყანას წინსვლა ვერ ექნება, მაღალკვალიფიციური და კონკურენტუნარიანი კადრების არარსებობის შემთხვევაში კი ეკონომიკაც ვერ განვითარდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100