სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შენარჩუნდება თუ არა ფასებზე ზრდის ტენდენცია ? - ეკონომისტის განმარტება

ეკონომისტ რამაზ გერლიანის თქმით, მიმდინარე წელს იმაზე მეტად იქნება ინფლაციური პროცესი, ვიდრე ეს შესაბამისი პროგნოზებით წლის დასაწყისში იყო დაანონსებული. როგორც „პალიტრას“ ეთერში საუბრისას ეკონომისტმა აღნიშნა, პროგნოზით ინფლაციის სტაბილიზაცია უნდა მომხდარიყო, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომმა საქართველოზე და მათ შორის ბაზრებზე დიდი გავლენა მოახდინა. „თანაბარ პირობებში მიმდინარე წლის დასაწყისში გარკვეულწილად სტაბილიზაცია შეინიშნებოდა და ყველა პროგნოზით ინფლაციის სტაბილიზაცია უნდა მომხდარიყო, მაგრამ მიმდინარე მოვლენებმა, ვგულისხმობ უკრაინაზე თავდასხმას, რასაკვირველია, ამან ზეგავლენა მოახდინა ჩვენს ქვეყანაზე, მათ შორის ბაზრებზე. ეს პირდაპირ კავშირშია მოლოდინებთან და შესაბამისად, ეს მოლოდინები პირდაპირ კავშირშია საქონლის ბრუნვასთან. ეს ყველაფერი კი საბოლოოდ აისახება ფასებზე, რიგ შემთხვევაში პანიკურ შიშებთანაც და ვნახეთ ბოლო დღეების განმავლობაში რაც ხდებოდა და როგორც წესი, სტიმულს აძლევს ფასების ზრდას. ამ პროგნოზის გაკეთება უკვე შეიძლება, რომ სამწუხაროდ მიმდინარე წელს იმაზე მეტი იქნება ინფლაციური პროცესი, ვიდრე ეს შესაბამისი პროგნოზებით იყო წლის დასაწყისში დაანონსებული. მოგეხსენებათ, რომ გასულ წელს დაახლოებით 14% იყო ინფლაციის წლიური მაჩვენებელი, რაც საკმაოდ მაღალია, ზე მაღალი შეიძლება ითქვას. ბოლო პერიოდის შესაბამის მაჩვენებლებს თუ ავიღებთ და მასთან მიმართებით 4-5%-იანი ინფლაცია, რასაკვირველია, მაღალი იქნება. სამწუხაროდ მიმდინარე წელსაც ფასების ზრდის ტენდენცია, განსაკუთრებით იმ პროდუქტებზე, რომლებიც ვთქვათ მოგვეწოდებოდა იმ სივრციდან, სადაც დესტაბილიზაციაა, ცხადია გაიზრდება. ზოგადად ტენდენციის ნაწილში, რასაკვირველია, ვეთანხმებოდით, რომ სტაბილიზაციისკენ წავიდოდა ინფლაცია და სხვა თანაბარ პირობებში რომ არ ყოფილიყო რუსეთ-უკრაინის ომი. დღეს სამწუხაროდ ეს პერსპექტივები ამ გადასახედიდან არ ჩანს, იმიტომ რომ გაცილებით უფრო მეტი ზეგავლენა ექნება სხვადასხვა ფაქტორს დაწყებული საინვესტიციო ნაკადებიდან დამთავრებული მოლოდინებით“, - განაცხადა რამაზ გერლიანმა. რაც შეეხება ლარის კურსს, ეკონომისტი აცხადებს, რომ ყველანაირი პროგნოზით ზრდის ტენდენცია კვლავ შენარჩუნდება. „როგორც წესი ინტერვენციას ახდენენ ორ შემთხვევაში: პირველი - სანამ ზრდა დაიწყება იმისთვის, რომ კურსი დავიჭიროთ და მეორე - აცდიან პიკურ მდგომარეობას. პიკურ მდგომარეობაში ხდება ინტერვენცია და შემდეგ იწყება კლება. ამ შემთხვევაში ეროვნულმა ბანკმა ასეთი პოლიტიკა აირჩია... ჩავთვალოთ, რომ ამ ეტაპისთვის პიკური მდგომარეობა იყო, მან გამოიტანა 50 მილიონი და შემდგომ გარკვეულწილად სტაბილიზაციის ეტაპი გვაქვს, თუმცა ჩემი პერსონალური დამოკიდებულებით ვთვლი, რომ 50 მილიონიანი გატყორცნა მოხდა და სრულად არ გაიყიდა ეს თანხა. ეს ასევე საშიშია უკუტალღისთვის. იმიტომ რომ ეს ეფექტი როგორც კი დამთავრდება ისევ დაიწყება კურსის გაუარესების პროცესი. სამწუხაროდ, ყველანაირი პროგნოზით კურსის ზრდის ტენდენცია კვლავ შენარჩუნდება“, - დასძინა რამაზ გერლიანმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100