სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვერ ვიჯერებ, მგონია, რომ ისევ ჩემს საკანში მძინავს – კარა-მურზა გათავისუფლების შემდეგ

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ვლადიმირ კარა-მურზას თქმით, დარწმუნებული იყო, რომ ციხეში მოკვდებოდა და ვერ იჯერებს, რომ თავისუფალია. ამის შესახებ მან გათავისუფლების შემდეგ თვითმფრინავში ყოფნისას ოჯახის წევრებთან სატელეფონო საუბრისას თქვა.

"დარწმუნებული ვიყავი, რომ ციხეში მოვკვდებოდი. ვერ ვიჯერებ, რომ ეს ხდება. მგონია, რომ ისევ ომსკში ჩემს საკანში მძინავს და არა ის, რომ თქვენი ხმა მესმის. თუმცა, მინდა ვთქვა, რომ თქვენ ამდენი ადამიანის გადარჩენით შესანიშნავი საქმე გააკეთეთ. მგონი, ამ თვითმფრინავში 16 ადამიანი ვართ. კიდევ ერთხელ, ვერ ვიჯერებ, რომ ეს ხდება. ამიტომ, მინდა ვთქვა, რომ, ჩემი აზრით, არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა". - თქვა კარა-მურზამ.

თეთრმა სახლმა 2 აგვისტოს გაავრცელა ვიდეო, რომელშიც აშშ-რუსეთის პატიმართა გაცვლის შეთანხმების ფარგლებში გათავისუფლებულ ადამიანებს, პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და მათი ოჯახის წევრებს შორის სატელეფონო საუბარია ასახული. ვიდეოში WSJ-ს ჟურნალისტის, ევან გერშკოვიჩის, აშშ-ს ყოფილი საზღვაო ქვეითი ჯარისკაცის, პოლ ვილანისა და კარა-მურზას საუბარი ისმის, რომლებიც თვითმფრინავში იმყოფებოდნენ.

ვლადიმირ კარა-მურზას სახელმწიფო ღალატისა და დეზინფორმაციის გავრცელებისთვის 2023 წლის აპრილში 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ის ბრალდებებს უარყოფდა და სასამართლოს სტალინური პერიოდის გასამართლებებს ადარებდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100