პრეზიდენტი დღევანდელი მოვლენების გამო შეშფოთებას გამოთქვამს
საქართველოს პრეზიდენტი დღევანდელი მოვლენების გამო შეშფოთებას და გულისტკივილს გამოთქვამს. როგორც მიხეილ სააკაშვილმა რეზიდენციაში ყოველწლიური ანგარიშით წარდგომისას განაცხადა , მის გუნდს არ უნდოდა რაიმე სახის გართულება, მით უმეტეს შეტაკება.
"პირველ რიგში მინდა დიდი შეშფოთება და გულისტკივილი გამოვთქვა დღევანდელი მოვლენების გამო. თქვენ იცით, რომ არ გვინდოდა ჩვენ რაიმე სახის გართულება და მით უმეტეს შეტაკება. ყოველწლიურად საქართველოს პრეზიდენტი მიდის პარლამენტში, აკეთებს მოხსენებას. მე ვყოფილვარ პარლამენტის უმრავლესობის და უმცირესობის წევრიც, როცა მოდიოდა ხოლმე ჩემი წინამორბედი შევარდნაძე. მე სიამოვნებით ვესწრებოდი მის გამოსვლებს, რადგან მშვენიერი შესაძლებლობა გვეძლეოდა მოგვესმინა მისთვის, გამოგვეხატა ჩვენი აზრი, პოზიცია და, ასევე, მიგვეცია ქვეყნისთვის შედარების საშუალება. ამისთვის არის ასეთი გამოსვლები. ამის შესაძლებლობა და შანსი ჰქონდა დღევანდელ პარლამენტსაც. ყველაფერი შეთანხმებული იყო, მე ვაპირებდი მათი მოწვევით დღის 2 საათზე მისვლას, მე გამოვიდოდი და შემდეგ ყველა მათგანი გამოვიდოდა, დამისვამდნენ მწვავე კითხვებს ყველა საკითხზე, ალბათ ძალიან მკაცრად გამაკრიტიკებდნენ, დამგმობდნენ, მაგრამ მე მოვისმენდი და ეს არის დემოკრატია. შემდეგ იქ შედგა დებატები, რომელიც როგორც ჩანს ვინმეს არ მოეწონა, რის შემდეგაც გუშინ გამოცხადდა მოულოდნელად, რომ პრეზიდენტის გამოსვლა იყო გადადებული და თან ეს მოხდა ულტიმატუმის ფორმით", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
კომენტარი