„კუტუზოვი“ - ნამდვილი ამბავი
მთელი ცხოვრება მაღალ სოფელში გაატარა; უამრავი შვილი და შვილიშვილი ჰყავდა, მაგრამ მარტო იყო, არა მარტო არ იყო - ბომბორა ჰყავდა, ათი წლის ქართული ნაგაზი. ცოლი სამი წლის წინ დამარხა; შვილები კაი ხნის წასულები იყვნენ: ვინ სად და ვინ სად, ზოგი საერთოდ საქართველოდან იყო გასული, რომ როგორმე თავი და ოჯახი გაეტანა ამ უკეთურ დროში.
წყალი მოჰქონდა წყაროდან, როცა ბომბორას საშინლად ავი ყეფა შემოესმა. ულვაშებში ჩაეცინა და გაიფიქრა: «ალბათ «კუტუზოვია» და ჩემს ღობეს მოადგაო». «კუტუზოვი» ერთი იმ თორმეტთაგანი იყო, ვინც კიდევ დარჩა, მის გარდა, ერთ დროს მრავალრიცხოვანი სოფლის მოსახლეებისაგან. სოფლის უსაქმური, ცალთვალა ლოთი იყო. ყველას უყვარდა ბომბორას გარდა. ვერ გუობდა მთვრალებს ნაგაზი და რა მაგის ბრალი იყო. ერთხელ კარგა ხნის წინ, როცა ბომბორა ახალგაზრდა რადიკალი იყო, მთვრალი ქელეხიდან მომავალი «კუტუზოვი» «პატრიარქის» ღობეს მიეყუდა და ეზოში ჩავარდა. სახლში არავინ იყო ბომბორას გარდა. ნაგაზმა ღრენით გააფრთხილა, რომ ფეხი არ მოეცვალა, სანამ მისი პატრონი მოვიდოდა. სიმთვრალისაგან ინტელქტდაქვეითებული ტვინით ლოთმა ვერ გადახარშა ის, თუ რა სისულელე იყო ძაღლთან კამათი. ბომბორამ მარცხენა დუნდულადან კარგა მოზრდილი ნაჭერი მოაგლიჯა. იმ დღის მერე საცოდავ «კუტუზოვს» ყველა «უტ**კო კუტუზოვს» ეძახდა, ( "პატრიარქმა" დაარქვა - უბადლო იუმორს ფლობდა) , ზურგს უკან, რასაკვირველია; პირში არ ეუბნებოდნენ, უყვარდათ ძალიან. ლოთმა «პატრიარქს» კარგი ამბავი ამცნო. თქვენები ჩამოდიან, მობილურზე დამირეკესო.
თამრიკო, «პატრიარქის» შვილიშვილი გაეროში მუშაობდა, ნიუ-ორკში და თავის საქმროსთან ერთად ჩამოვიდა უამრავ ნათესავთან ერთად, რომ ბაბუსათვის გაეცნო ირლანდიური წარმოშობის ძალიან სიმპათიური მაქსი. მაგარი სუფრა «გაეძრო» - თავში, რასაკვირველია, ბაბუა იჯდა. არცერთმა სუფრის წევრმა ხელი არ მოკიდა არაფერს, სანამ «პატრიარქმა» ლოცვა არ წაიკითხა. ეშმაკური გამოხედვით განზრახ ნელა კითხულობდა და თან გამომცდელად უყურებდა ცხელ ხაჭაპურებზე მიშტერებულ სუფრის წევრებს. ვერავინ გაბედა ხელი მოეკიდა, ძალიან პატარებმაც კი, ისეთი ძლიერი განმკითხველ-გამომცდელ ენერგიას აფრქვევდა პატარა სიმაღლის, მაგრამ ძალიან ძარღვიან-კუნთებდაბერილი, მწვანეთვალება მოხუცი. როგორც იქნა, ქეიფი გაჩაღდა. უბადლო თამადი იყო: ჟრიამული, მხიარულება სუფევდა სუფრაზე. მშობლების სადღეგრძელოზე თამადამ სასიძოს სიყვარულით ჰკითხა:
- მშობლები გყავს? - თათამ გადაუთარგმნა. მისი შვილთაშვილი იყო, ლონდონში დაბადებული, ქართული კარგად იცოდა და ძალიან ამაყობდა თარჯიმნის როლით. მაქსმა უპასუხა:
- დედა დამეღუპა, მამა ცოცხალია. ახლა მოხუცთა სახლშია, ძალიან კარგ პირობებში. მე და ჩემმა დამ გადავწყვიტეთ, რომ იქ უფრო კარგად იქნებოდა.
ლონდონში დაბადებული თათა, რასაკვირველია, ვერ მიხვდა, რას ანიშნებდა თამრიკო და იმავ წამს სხაპა-სხუპით გადათარგმნა ნათქვამი. პატრიარქს მწვანე თვალები წითლად შეეღება. იგი წამოდგა და მაგიდას ისეთი ძალით დაჰკრა მუშტი, რომ ბოთლები ერთმანეთს ასწრებდნენ წაქცევას.
ახლა რუსულზე გადავალ, თუ არ მიწყენთ, ძვირფასო მკითხველო. ესე მგონია რომ უფრო გასაგებად ჟღერს:
- Уберите с моих глаз долой, этого человека! Кормите, поите, пусть гостит столько, сколько его душе угодно! Но, чтобы мне на глаза не попадался.
დამსწრეებს ისეთი სახეები ჰქონდათ,თითქოს მათ წინაშე თვით მამა ღმერთი იდგა. "პატრიარქის" პატარა სიმაღლის მიუხედავად, შეშინებულ სუფრის წევრებს საითაც არ უნდა გაეხედათ, ყველგან მის სისხლისფრად შეღებილ გამძვირვანებულ მწვანე თვალებს აწყდებოდნენ, მაშინაც კი თუ მზერას ან იატაკისაკენ ან ჭერისაკენ გააპარებდნენ. მაქსმა, რომელიც ვერაფერს მიხვდა, ცრემლმორეულ თამრიკოსთან ერთად იმავე დღეს დატოვეს სოფელი.
შვიდი წელი გავიდა აღწერილი მოვლენებიდან. გვიანი ზამთარი იდგა, როცა „პატრიარქის“ ღობეს «უტ**კო კუტუზოვი» მოადგა. მოხუცმა ბომბორამ ძალიან ტოლერანტულად დაიღრინა, მიუხედავად იმისა, რომ «გენერალი», როგორც ყოველთვის, მთვრალი იყო. პატრიარქმა შემოსძახა, შემოდიო; ბომბორამაც გაატარა - არც დაუღრენია. წერილი მოიტანა კუტუზოვმა, ამერიკიდან იყო გამოგზავნილი. მოხუცმა სთხოვა, წამიკითხეო. მე რომელი ინგლისურის მცოდნე ვარო, უთხრა, «უტ**კო მხედართმთავარმა». მაინც გახსნა- ქართულ ენაზე იყო დაწერილი, საკმაოდ მკაფიოდ:
„თქვენთვის უცნობი ადამიანი გწერთ. მე იმ მაქსის მამა ვარ, რომელმაც თქვენი ანგელოზი შვილიშვილი ცოლად მოიყვანა. თხუთმეტი წელია, რაც ჩემი მეუღლე მიწას მივაბარე. ათი წლის წინ შვილებმა მოხუცთა სახლში მიმიყვანეს. ძალიან კარგი პირობები იყო, მაგრამ იქ მაინც ვდარდობდი. კიბო დამემართა, მესამე წელს. ხოსპისში გადამიყვანეს და სწორედ იქიდან წამომიყვანეს თამრიკომ და მაქსმა. მე ექიმებმა ექვსი თვის სიცოცხლე მიწინასწარმეტყველეს. მეშვიდე წელი სრულდება და ცოცხალი ვარ, რა მომკლავს: სამი თქვენი შვილთაშვილი და ჩემი სამი შვილიშვილი მახვევია თავს. ამ წერილს მე ვწერ, თამრიკომ მე შემასწავლა და ეხლა მე ბავშვებს ვასწავლი თქვენს დიდებულ ენას. აბა თამრიკოს სადა სცალია?! პირველად ბელფასტში დავიბადე, მეორედ - აქ და ეს თქვენი დამსახურებაა. არ მინდა ისე მოვკვდე, რომ თქვენთან არ ჩამოვიდე. მინდა ვემთხვიო იმ მიწას, სადაც თქვენისთანა ადამიანები იბადებიან.
პატივისცემით მიხო პაპა. (ბავშვები ესე მეძახიან ქართულად. ისე მაიკლი მქვია).“
სახლის წინ გამოვიდა შემაღლებულზე. თოვლით დაფარულ მწვერვალებს გახედა. მერე თვალი ჩამოაყოლა ალპურ მდელოებს, ტყეებს, მდინარეს და იქით შორს ამერიკისაკენ გაიხედა. ცრემლები მოადგა თვალებზე, დავბერდიო, გაიფიქრა.
მეორე დღეს ბომბორამ ლოთის დანახვაზე წკმუტუნი დაიწყო. «კუტუზოვს» გულმა რეჩხი უყო. ეზოში შეაბიჯა და სახლში შევიდა. ბომბორა ჩუმად უკან მიჰყვებოდა. იფიქრებდი, სძინავსო, ისე მშვიდად იწვა «პატრიარქი» საწოლზე.
ბომბორამ არავინ გაიკარა, არც არაფერი ჭამა და ერთ კვირაში გარდაიცვალა. არ მოკვდა - გარდაიცვალა, იმიტომ, რომ ქართული ნაგაზი იყო.
ნიუ-ორკის სასაფლაოზე არის ერთი საფლავი, სადაც ძალიან უცნაური წარწერაა: «აქ განისვენებს ირლანდიელი და ქართველი ერის შვილი».
კომენტარი