სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ამოცანა გვეკითხება: რატომ აღარ ენდობა ხალხი ოპოზიციას?

გარდა იმისა, რომ საქართველოში პოლიტიკური რეგენერაცია მოდურია, კარგად აპრობირებული მეთოდიცაა.
მას შემდეგ, რაც პოლიტიკოსები ხელისუფლებაში თავის თავს ამოწურავენ, ოპოზიციაში პოლიტიკურ რეაბილიტაციას ცდილობენ. თუმცა, მათდა სამწუხაროდ, საზოგადოება არც ისე მოკლე მეხსიერებისაა და ძველი ცოდვების შეხსენებას ყოველთვის ახერხებს.

თუკი ნინო ბურჯანაძისა და ნოღაიდელისთვის ოდესღაც ნატოში შესვლა პრიორიტეტი იყო და რუსეთი - ოკუპანტი, დღეს პირიქითაა. ახლა, მათი მოსაზრებით, რუსეთია ჩვენი მხსნელი, ეკონომიკური სტაბილურობის გარანტი და მფარველი.
ჩვენ შევეცადეთ „რადიკალთა“ ის შეფასებები და კომენტარები შეგვეხსენებინა მკითხველისთვის, რომელსაც ბურჯანაძისა და ნოღაიდელის მისამართით აცხადებდნენ, ახლა კი მათ მხარდამხარ იბრძვიან.
ქვეყნის ნომერ პირველი „ლეიბორისტი“ შალვა ნათელაშვილის კომენტარი ერთი წლის წინ: შალვა ნათელაშვილი: „აქციაზე მივალ და დავდგები მომიტინგეებთან ერთად, რადგან ჩემთვის ბურჯანაძესთან, ნოღაიდელთან და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების მიერ ჩამოყალიბებულ პარტიებთან ერთად დგომა მიუღებელია“.
რამდენიმე დღის წინ კი, ნათელაშვილის ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე მან და ნოღაიდელმა ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლის გზები ერთად დასახეს.
„სამარცხვინოა იმ ადამიანების საქციელი, ვინც ერთი-ორი ლარი იშოვა და დღეს რუსთაველიდან გაჰკივის, პრეზიდენტობა მინდაო“ - ეს კი თემურ შაშიაშვილის შეფასებაა ყოფილი მაღალჩინოსანი პოლიტიკოსების მიმართ.
მართალია, „მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის“ ლიდერმა, ეკა ბესელიამ პარტია დატოვა, თუმცა, როგორც ჩანს, პოლიტიკური პროცესებიდან გამიჯვნას არ აპირებს. იგი ოპოზიციის ორგანიზებულ შეხვედრებს ესწრება და დღეს, არც ნოღაიდელთან და არც ბურჯანაძესთან ერთად მოლაპარაკების მაგიდასთან ჯდომის დროს, დისკომფორტს არ განიცდის. არადა, ბესელიას შეფასებები ერთი წლის წინ ასეთი იყო:
ეკა ბესელია: „თუ ვინმეს არ შეუძლია გააცნობიეროს, რომ ნოღაიდელისა და ბურჯანაძისთვის ცოდვების მოკითხვის დრო არ არის, მაშინ იგი პოლიტიკურად არაადეკვატურია“.
მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციონერთა დამოკიდებულება ბურჯანაძის მიმართ კრიტიკული იყო, მან ეს ბარიერი, ნოღაიდელისგან განსხვავებით, მაინც გადალახა და რუსთაველის გამზირზე დანარჩენ 14 ოპოზიციურ პარტიასთან ერთად დგომა მოახერხა, თუმცა ამგვარი განცხადებების ფონზე.
„ის ადამიანები, რომლებიც ქვეყანაში მეორე და მესამე პირები იყვნენ, მათთან დგომა ჩემთვის მიუღებელია. ნინო ბურჯანაძე იყო მეორე პირი ქვეყანაში, ამის გამო თავისი ცოდვებისთვის უნდა მოეკითხოს. თქვენ როგორ ფიქრობთ, დღეს ბურჯანაძეს აქვს მორალური უფლება იდგეს აქ და ქართველ ხალხს სამართლიანობის აღდგენისკენ მოუწოდებდეს? მე ვფიქრობ, რომ არა. ბურჯანაძე პასუხისმგებელია იმ პროცესებზე, რომელიც მისი პარლამენტის თავმჯდომარეობის დროს ხდებოდა“, - ეს განცხადება ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთ ლიდერს, ნესტან კირთაძეს ეკუთვნის.
ოპოზიციურ სპექტრში ბურჯანაძის სამომავლო გეგმებთან და მიზნებთან დაკავშირებით, გარდა კრიტიკული შეფასებებისა, სკეპტიკური დამოკიდებულებაც არსებობდა.
დავით ბერძენიშვილი ბურჯანაძეს უმტკიცებდა, რომ მისი სურვილი, გახდეს პრეზიდენტი, არარეალურია.
დავით ბერძენიშვილი: „თუკი ბურჯანაძე იმედოვნებს, რომ საქართველოს პრეზიდენტი გახდება, ძალიან ცდება“.

ნინო ბურჯანაძე პოლიტიკური ოპონენტების კრიტიკულ განცხადებებს პასუხობდა და აცხადებდა, რომ მან ცოდვები მოინანია და ახლა სრული უფლება აქვს აკეთოს საქმე ქვეყნის სასარგებლოდ (ვითომ?).
განსხვავებული მოსაზრება იყო საზოგადოებაში. როდესაც ოპოზიციაში გადაბარგებული ბურჯანაძე პირველად წარსდგა რუსთაველზე დამონტაჟებული დიდი სცენიდან საზოგადოების წინაშე, ხალხი მას სტვენით შეხვდა, თუმცა მოგვიანებით ყველაფერი შეიცვალა და თითო მომიტინგესათვის დარიგებულმა 25-მა ლარმა გაამართლა. ხალხმა ბურჯანაძეს ტაში დაუკრა.
რაც შეეხება „რადიკალთა“ განცხადებებს, რომლებიც არათუ არ გამართლდა, დარჩა „ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა“.
პოლიტიკოსი არის ადამიანი, რომელიც განსაკუთრებული ქარიზმით, შორსმჭვრეტელობით და წინდახედულებით უნდა გამოირჩეოდეს. ადამიანს, რომელსაც პრეტენზია აქვს პოლიტიკოსობაზე და რომელიც დღედაღამ ხალხზე ზრუნვითაა დაკავებული, უნდა შეძლოს მოვლენების წინასწარ განჭვრეტა და ადეკვატური მოქმედება.
გავიხსენოთ ის შეფასებები და განცხადებები, რომლითაც ოპოზიციონერი ლიდერები გამოდიოდნენ, დასკვნის გამოტანა კი მკითხველისთვის მიგვინდია.
დემოკრატი, ლიბერალი და მყარი პოზიციის მქონე - ასეთი იყო შეფასება ირაკლი ალასანიას მისამართით. იგი ხალხს მიაჩნდა, როგორც ახალი პოლიტიკური ფიგურა, რომელსაც შეეძლო საკუთარი პოზიციის მტკიცედ დაცვა.
სულ ცოტა ხნის წინ კი ალასანია ამგვარი განცხადებით გამოვიდა. ირაკლი ალასანია: „არანაირ და არცერთ თანამდებობას არ ვუმიზნებ, ჩემთვის მთავარია, დაწყებული პოლიტიკური პროცესები მშვიდობიანად წარიმართოს და რეალური შეთანხმება ხალხის სასარგებლოდ შედგეს“.
თუმცა დღეს უკვე ფაქტია, რომ ალასანია მერის სავარძელს უმიზნებს. დავით გამყრელიძე: „ან ვადამდელი არჩევნები ჩატარდება, ან რევოლუცია იქნება“. არც ვადამდელი არჩევნები ყოფილა და მითუმეტეს, არც რევოლუცია.
მამუკა კაციტაძე: „26 მაისს გამოვა უამრავი ადამიანი ეროვნულ სტადიონზე და შემდეგ რუსთაველზე. ეს იქნება პირველი 26 მაისი სააკაშვილის გარეშე“. იყო 26 მაისი, მაგრამ არა სააკაშვილის გარეშე.
გია გაჩეჩილაძე: „საკნის დატოვებას არ ვაპირებ, აქ ვიქნები მანამ, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი არ დატოვებს ხელისუფლებას“. თუმცა `უცნობმა~ საკანიც დატოვა და საქართველოც.
ზვიად ძიძიგური: „შემიძლია დაგენაძლეოთ, რომ სააკაშვილი ამ წელს (2009 წელს) წავა“. ძიძიგურმა სანაძლეო წააგო.
შალვა ნათელაშვილი: „მიშა წელს (2009) აუცილებლად წავა, მაგრამ არა თავისი ნებით, დაარიგებენ დასავლელი მეგობრები და აიკრავს გუდანაბადს. ერთი ზარია საჭირო თეთრი სახლიდან და ეს ზარიც მალე აწკრიალდება“. უკვე მეორე წელია ამ ზარს უშედეგოდ ელის ოპოზიცია.
ზურაბ ნოღაიდელი: „სააკაშვილი ვერ მოახერხებს ხელისუფლების შენარჩუნებას“. ფაქტია, რომ წლებია სააკაშვილი ამას ახერხებს, ისე კი, სულ 2013 წლამდე აქვს საპრეზიდენტო ვადა.
ნინელი ჭანკვეტაძე: „ხელისუფლებამ ისეთივე საბედისწერო შეცდომა დაუშვა 6 მაისს, როგორიც 2007 წლის 7 ნოემბერს. ამიტომ, თუ ის არ წავიდა 7 ნოემბერს, აუცილებლად წავა 6 მაისს“, - ეს მსახიობმა 2009 წელს განაცხადა.ვერც ეს შეფასება გამოდგა ზუსტი.
კოკო გამსახურდია: „ვის აქვს დასათმობი, ეს მთელმა ერმა იცის. ჩვენ დასათმობი არაფერი გვაქვს, ბოლოს და ბოლოს, ქუჩის ოპოზიცია ვართ“.
თუმცა ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს ქუჩის ოპოზიციას უწოდებდა, დღეს კლასიკური ჩაცმულობით პარლამენტში ზის.

ზოგიერთი პოლიტიკური ფიგურა კი სხვა ფორმით აპირებდა სააკაშვილის რეჟიმის შეცვლას და სხვადასხვა დაპირებებს იძლეოდა. მაგალითად, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ თავისი შარფის მოხსნას და პიჯაკის გამოცვლას არ აპირებდა, სანამ სააკაშვილს არ შეცვლიდა, თუმცა ახლა სააკაშვილი პრეზიდენტია, ზურაბიშვილი კი სხვადასხვა პიჯაკით დადის აქეთ-იქით.
ამ განცხადებების შემდეგ ოპოზიციურ სპექტრს უკვირს, ხალხი რატომ აღარ გვიჯერებსო. რას დაუჯეროს საზოგადოებამ? იმ განცხადებებს, რომელიც თავიდან ბოლომდე „ბლეფია“?
ყოველკვირეული გაზეთი „დრონი.ჯი“ (გამოდის ორშაბათობით)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100