სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„გრიფით საიდუმლო“...

„დრონი.ჯი“-ს მიერ ექსკლუზიურად მოპოვებულმა ამ ინფორმაციამ შესაძლოა საზოგადოებას საბოლოოდ აუხილოს თვალი. სკანდალური და საიდუმლო დოკუმენტი, აფხაზეთისა ცხინვალის აღიარებას, საქართველოს რუსეთის გუბერნიად გადაქცევას, დიადი, მოდერნიზირებული საბჭოთა კავშირის აღდგენასა და ქართული სპეცსამსახურების დაშლას გულისხმობს. დოკუმენტს, ხელს აწერენ ზურაბ ნოღაიდელი და რუსეთის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი. დოკუმენტი გასაიდუმლოებულია და მასში ნოღაიდელის პარტია მოხსენიებულია „მმართველ პარტიად“, ხოლო ნოღაიდელი „სახელმწიფო მეთაურად“.
აქ ლაპარაკი არ არის იმ დოკუმენტზე, რომელიც ხალხის თვალის ასახვევად საქვეყნო გახადეს. ლაპარაკია მეორე, 50 პუნქტიან ხელშეკრულებაზე. ამ დოკუმენტს ნოღაიდელი ჯერ მალავს, მაგრამ მალე სრულად გახდება ცნობილი.
თუმცა, კულუარულად, მისი რამდენიმე პუნქტი გახდა ჩვენთვის ცნობილი. როცა ამ პუნქტებს გაეცნობით, ვფიქრობ, საბოლოოდ მოიხსნება კითხვის ნიშანი - არის თუ არა ნოღაიდელის გზა სამშობლოს ღალატის გზა?
რუსული გეგმა კი შემზარავია! თუმცა, ვისთვის როგორ! კულუარულად ცნობილი გახდა, რომ ზურაბ ნოღაიდელსა და გრიზლოვს შორის გაფორმებულ დოკუმენტში, ნოღაიდელის პარტია მოხსენიებულია, როგორც საქართველოს „მმართველი პარტია“, ნოღაიდელი კი - სახელმწიფოს მეთაურად. ეს ავანსია ნოღაიდელისთვის და რეალობად ექცევა, თუ ამ პუნქტებს შეასრულებს (და იმათაც, რაც ჩვენთვის, ჯერჯერობით, მიუწვდომელია).
დიპლომატიურ ენაზე შედგენილი ხელშეკრულება, უბრალო მოკვდავთა ენაზე ასე იკითხება:
1. ნოღაიდელი როდესაც ქვეყნის მეთაური გახდება, სასწრაფოდ დანიშნავს საპარლამენტო არჩევნებს. ახალი ხელისუფლება უზრუნველყოფს ახალი, „ედინაია რასიას“ ფილიალი პარტიის გამარჯვებას არჩევნებში (სავარაუდოდ იგულისხმება ნინო ბურჯანაძის პარტია). ამით რუსეთი ნოღაიდელს დააბალანსებს და გააკონტროლებს და საკანონმდებლო მარწუხებში მოაქცევს.
2. საპარლამენტო არჩევნების პარალელურად გაიმართება რეფერენდუმი, რომელზეც გადაწყდება, რომ საქართველოს მოსახლეობა უარს ამბობს ნატო-ში შესვლაზე. ნოღაიდელი გაყალბების თუ ნებისმიერი გზით, უზრუნველყოფს ამ შედეგებს. რეფერენდუმის შედეგები ავტომატურად გააუქმებს 2008 წლის 5 დეკემბრის პლებისცისტს, როცა საქართველოს მოსახლეობის 62 პროცენტმა მხარი დაუჭირა ნატო-ში საქართველოს გაწევრიანებას.
3. საქართველო შევა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში (დსთ), რომელსაც რეფერენდუმი არ დასჭირდება - ამ დადგენილებას პარლამენტი მიიღებს.
4. საქართველო გახდება დსთ-ს კოლექტიური უსაფრთხოების წევრი ქვეყანა.
5. დსთ-ს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულება, გახდება საბაბი, საქართველოში ანტიტერორისტული ცენტრების შექმნისა. რეალურად, ესენი იქნება, „ფე-ეს-ბეს“ სახელს ამოფარებული რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ბაზები. დროთა განმავლობაში კი, ხელთ ჩვეულებრივი რუსული ბაზები შეგვრჩება.
6. „ანტიტერორისტული სამხედრო ცენტრები“ ანუ სამხედრო ბაზები განთავსდებიან ვაზიანში, კოჯორში, სენაკში, საჩხერეში, ახალქალაქში, ბათუმში, გორში, კოპიტნარში, ყაზბეგში, ფოთში, ზუგდიდში და პანკისის ხეობაში.
7. ზურაბ ნოღაიდელი ანუ საქართველოს ხელისუფლება 49 წლიანი იჯარით დაუთმობს „გაზპრომს“ სტრატეგიულ მილსადენს, რაც ავტომატურად გამორიცხავს, სამომავლოდ, რუსეთის გვერდის ავლით, ნებისმიერ საერთაშორისო ენერგო-პროექტებში საქართველოს ჩართულობას, საქართველოს ენერგეტიკა კი ნელ-ნელა (რაც დარჩა), გადაეცემა რუსულ ენერგოკომპანიებს.
სხვათაშორის, ეს ის მილსადენებია, რომელიც 2005 წელს კახა ბენდუქიძემ კინაღამ მიჰყიდა რუსეთს და ამ გარიგების ჩასაშლელად, საგანგებო მისიით თბილისში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, კონდოლიზა რაისის მოადგილე, ფილიპ გორდონი ჩამოფრინდა.
8. საქართველო ცალმხრივად გააუქმებს აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულებას.
9. საქართველო გააუქმებს ისრაელთან და ნატო-ს წევრ ქვეყნებთან გაფორმებულ ხელშეკრულებებს სამხედრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ.

10. საქართველო უარს იტყვის ევროკავშირთან გაფორმებულ მრავალ ხელშეკრულებაზე, საქართველოს პარლამენტი მოახდენს ევროკავშირთან საქართველოს უვიზო მიმოსვლისა და შეღავათიანი სავაჭრო ურთიერთობების შესახებ გაფორმებული თუ გასაფორმებელი ხელშეკრულებების ბლოკირებას. ამჟამად, ეს ხელშეკრულებები, შეიძლება ითქვას, მუშა პროცესშია და 2012 წლიდან, შესაძლოა, ისინი ამოქმედდნენ.
11. საქართველო გამოიყვანს თავის სამშვიდო ჯარებს ავღანეთიდან და ერაყიდან.
12. საქართველო უარს იტყვის ნატო-ს წევრ ქვეყნებთან ერთად ნებისმიერ სამხედრო მისიაში მონაწილეობაზე. ასევე, ნატოს წევრ ქვეყნებთან ანტიტერორისტულ საქმიანობაზე.
13. საქართველოს ხელისუფლება, საკანონმდებლო დონეზე უზრუნველყოფს, ქვეყნის ბაზარზე რუსული ბიზნესის პრიორიტეტს. ხელოვნური, სამთავრობო წნეხის მეშვეობით, აიძულებს, ამერიკულ და ევროპულ ბიზნესს, თავიანთი აქტივები საქართველოში რუსულ კომპანიებს მიჰყიდონ. ნოღაიდელს ამის დიდი გამოცდილება აქვს!
14. საქართველოს ხელისუფლება უზრუნველყოფს, შეზღუდოს მედია-თავისუფლება ქვეყანაში და ყველა რეიტინგული მედიასაშუალება, სხვადასხვა გზით და მეთოდით, რუსულმა კომპანიებმა ჩაიგდონ ხელთ. ასპარეზზე გამოჩნდებიან რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენები, რომლებიც გააკონტროლებენ ქართულ მედიასივრცეებს.
15. ახალი ხელისუფლება 50 პროცენტით შეამცირებს თავდაცვის სამინისტროსა და შ.ს.ს-ს, აგრეთვე დაზვერვის დეპარტამენტის, საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ბიუჯეტს (თავიანთ საზღვარს რუსები დაიცავენ!).
16. შ.ს.ს სამინისტრო დაიშლება შ.ს.ს. და უშიშროების სამინისტროებად. ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელები დაინიშნებიან საერთო კონსულტაციებისა და ურთიერთინტერესების შესაბამისად. საინტერესოა რას ნიშნავს „საერთო კონსულტაციები“ და „ურთიერთინტერესები“?
17. ქართული პოლიცია და შ.ს.ს-ს სპეცრაზმები, დსთ-ს კოლექტიური უსაფრთხოების ტერორისტებთან ბრძოლის ფორმატით მონაწილეობას მიიღებენ ანტიტერორისტულ სპეცოპერაციებში ჩეჩნეთში, ინგუშეთში, დაღესტანსა და ყაბარდო-ბალყარეთში, ცხადია, რუს კოლეგებთან ერთად (ეს საუკეთესო საშუალებაა ჩრდილოკავკასიელ ხალხებთან საქართველოს დაპირისპირებისა).
18. საქართველოს ხელისუფლება უარს იტყვის ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს ეგიდით აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრობლემის გარშემო ჟენევის ფორმატით მოლაპარაკებაზე. რუსეთისა და საქართველოს ხელისუფლებების ერთობლივი მოთხოვნით, შეიქმნება მოლაპარაკების ახალი ფორმატი, რომელშიც ჩართული არ იქნება ევროკავშირი, თუმცა, ეუთო და გაერო ამ ფორმატში დარჩებიან.
19. მოლაპარაკების ახალ ფორმატში, როგორც მხარეები, ჩართულნი იქნებიან აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთი (თუმცა, რაღა ეგრეთ წოდებული? - ეს ნიშნავს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარებას).
20. ნოღაიდელის ხელისუფლება მიიღებს კანონს, რომელიც აფხაზეთიდან ლტოლვილებს მოუხსნის ლტოლვილის სტატუსს, სანაცვლოდ, მათ ერთჯერად ფინანსურ კომპენსაციას გამოუყოფენ. ეს ავტომატურად გააუქმებს ლტოლვილთა კანონიერ უფლებებს აფხაზეთში მათ მიერ ეთნოწმენდის შედეგად იძულებით მიტოვებულ ქონებაზე.
რუსეთი ამით საერთაშორისო დიპლომატიურ სარბიელზე პრობლემებს მოიხსნის და აფხაზეთის ანექსიისა და ქართველთა უძრავი ქონების რუსეთის მოქალაქეთათვის დაკანონების პროცესს დააჩქარებს. ლტოლვილთათვის ამ სტატუსის მოხსნა, ავტომატურად მოხსნის მათ აფხაზეთში დაბრუნების ყველანაირ პერსპექტივას, თუნდაც, დამოუკიდებელ აფხაზეთში.
21. საქართველოს პარლამენტი გააუქმებს კანონს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“, ამდენად, აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში, რუსული ჯარები ოკუპანტებად აღარ ჩაითვლებიან. ცხადია, რუსეთს ოკუპანტის სტატუსი მოეხსნება საერთაშორისო ორგანიზაციებშიც, საერთაშორისო საზოგადოების თვალში, რადგან თუ კოლობორაციონალისტური ხელისუფლება მათ არ მიიჩნევს ოკუპანტებად, არც უცხოელები გაიგიჟებენ თავს.
22. საქართველოს ხელისუფლება მხარს დაუჭერს რუსეთის საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას.
23. საქართველოს ახალი ხელისუფლება შეაჩერებს სააკაშვილის ხელისუფლების მიერ საერთაშორისო სასამართლოებში, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, შეტანილ სარჩელებს. იგულისხმება სტრასბურგისა და ჰააგის ადამიანის უფლებათა სასამართლოები და ჰააგის სამხედრო ტრიბუნალი. ამ სარჩელებში, საქართველო რუს სამხედრო და პოლიტიკურ პირებს ბრალს სდებს ე.წ. სამხრეთ ოსეთში ჩადენილ გენოციდში, სამხედრო და სხვა სახის დანაშაულებებში. ამ სარჩელების შეჩერება, ცხადია, რუსეთის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ბევრ შარსა და ხათაბალას ააცილებს.
24. პარლამენტი მიიღებს კანონს, რომლის თანახმადაც, საქართველოში აიკრძალება პროდასავლური არასამთავრობო სექტორი, ლიბერალურ იდეებზე დაფუძნებული ორგანიზაციები. აკრძალვის საბაბი იქნება ქართული კულტურის, ეროვნული ფასეულობების, ტრადიციების ხელყოფა და მათთვის საფრთხის შექმნის მცდელობა. აღნიშნული კანონი გადაინაცვლებს სისხლის სამართლის კოდექსში და ლიბერალური იდეების პროპაგანდა დასჯადი იქნება.
25. „ფე-ეს-ბე“-ს მიერ უცხოეთში გახსნილი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთაც ევროპელები ლობირებენ და პატრონობენ, საქართველოში გახსნიან ფილიალებს, ისინი იქცევიან ახალი, რუსეთის მიერ მართვადი არასამთავრობო სექტორის დონორებად. ეს არასამთავროებები, მედიასაშუალებებთან ერთად, აქტიურად იმუშავებენ ხალხის ტვინების გამორეცხვაზე. იქნება მუდმივი პროპაგანდა, რომ საქართველო ურუსეთოდ ვერ იარსებებდა... დიდი მოძმე რუსეთი...
ეს პირველი ეტაპია იმ არასრული გეგმისა, რომელსაც საქართველოში რუსეთის ხელისუფლება განახორციელებს, თანაც, თავში მოგახსენეთ, 50 პუნქტიანი ხელშეკრულების დანარჩენი ნაწილი ჩვენთვის უცნობია.
რაც წაიკითხეთ, იმის გათვალისწინებით, ალბათ, ადვილი წარმოსადგენია, საქართველოსთვის რა დამამცირებელი, ქართველი ხალხისთვის რა თავსლაფის დამსხმელი იქნება ხელშეკრულების დანარჩენი პუნქტები.
თუმცა, მხოლოდ ეს 24 პუნქტი რომ განხორციელდეს, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ საქართველო, დე-ფაქტო, რუსეთის გუბერნიად გადაიქცევა. გეგმის მეორე ეტაპზე, ალბათ, ბაგა-ბაღების, სკოლებისა და აბანოების დირექტორებს რუსეთი დაგვინიშნავს.
ქართულ ენას გააუქმებს და სახელმწიფო ენად რუსულს გამოაცხადებს ზურაბ ნოღაიდელი და კომპანია. მერე კი, ალბათ, კომპარტიას, კომკავშირს, კოლმეურნეობებსა და საბჭოთა მეურნეობებსაც აღგვიდგენენ! საქართველოს ჰიმნის ტექსტს კი, შეგვიცვლიან და ასე დაიწყება: „იხარე, მუშავ წამებულო!“
P.შ. არავინ იფიქროს, რომ რუსეთის ხელისუფლებამ გოიმი ზურაბ ნოღაიდელი დაიჭირა და რაზეც უნდოდა, ხელი მოაწერინა. ნურც იმას იფიქრებთ, რომ ზემოთჩამოთვლილ და სხვა, ჩვენთვის ჯერ უცნობ მოთხოვნებზე, მხოლოდ ნოღაიდელმა დაუკრა თავი კრემლს.
სარწმუნო წყაროს ინფორმაციით, უახლოეს მომავალში ნინო ბურჯანაძესაც მოუწევს ანალოგიურ მოთხოვნებზე დათანხმება. სხვა გზა მასაც არ დარჩა. პროდასავლური ლიდერის იმიჯი, რა ხანია, ჩამოიხსნა საკუთარი ნებით, არც რეიტინგი აქვს და აღარც დასავლეთის მხარდაჭერა.
გამორიცხული არც ის არის, ნოღაიდელზე დადებული ფსონი რუსეთმა ბურჯანაძეზე გადაიტანოს, ანდა საერთოდ, ბურჯანაძეც, ნოღაიდელიც, ალასანიაც და გაჩეჩილაძეც მიუშვას თავის ნებაზე. „დაყავი და იბატონე“ - ეს ოდინდელი პრინციპი კვლავაც უებარი საშუალებაა ნებისმიერი ქვეყნის დაპყრობისა, თანაც, ახლა ვლადიმირ პუტინს უფრო საამურ სანახაობას, ვერავინ შესთავაზებს, თან, კრემლიდან კარგად ჩანს - თუ როგორ დაერევიან ერთმანეთს ქართველი პოლიტიკოსები სამშობლოს ღალატსა და კრემლის ერთგულების მოპოვებაში, როგორი უჩვეულო მონდომებითა და ძალისხმევით ჩაერთვებიან ამ პროცესებში.
ყოველკვირეული გაზეთი „დრონი.ჯი“ (გამოდის ორშაბათობით)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100