სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გუშინწინ, მე რომ მიყვარს, იმ ბიჭს ქორწილი ჰქონდა...

გუშინწინ, მე რომ მიყვარს, იმ ბიჭს ქორწილი ჰქონდა.

ქორწილის ფოტოებს ვუყურებ. ფოტოები ლამაზია.
რა თქმა უნდა.

მე რომ მიყვარს იმ ბიჭს გრძელი თმა ჰქონდა, კუბოკრული პერანგები და გაცვეთილი ჯინსები ეცვა.
გაცვეთილი ჯინსები მოდის გამო არ სცმია, უბრალოდ, ტყე-ღრეში უყვარდა ხეტიალი და ჯინსებიც ადვილად ცვდებოდა.

მე მქონდა მისი ბევრი ფოტო და ბევრი ლექსი მასზე.
კიდევ წელამდე თმა და მუდამ დაგლეჯილი ხელები. ტყე-ღრეში ხეტიალი მეც მიყვარდა.

ერთ დღეს გადავწვიტე, რომ სულიერი სიმშვიდის საძიებლად ნეპალში წავსულიყავი.

რატომ მქონდა სული აფორიაქებული, ან ნეპალი როგორ დამიმშვიდებდა, არ ვიცი.

წავედი.
3 წლით.
უკანმოხედავად.

აეროპორტში მახსოვს მწვანე პერანგი ეცვა და გვირილები ეჭირა, რომელიც მე უკან დავუბრუნე.
ბიჭი მიყვარდა.
გვირილები-არა.

მერე მეილების წერა შევწყვიტე და სულის სიმშვიდის ძიებაში სხვა ყველაფერი დავივიწყე.

3 წლის შემდეგ ჩამოვედი.
მოკლედ აკრეჭილი თმით.
დამშვიდებული სულით.
ბოლო მოდელის ფოტო-კამერით.

თავიდან ვერ ვიცანი.
მოკლე თმა. ლურჯი პერანგი (ფაქიზად დაუთოებული)
ჩახუტება ვერ გავბედე, ოდნავ შევახე ტუჩები სუფთად გაპარსულ ლოყაზე.
ვერც მისთვის ჩამოტანილი ყელსაბამის ჩუქება, არ მოუხდებოდა პერანგს, არც პიროვნებას,

მეორე ნახვისას ბიძაშვილისთვის ჩამოტანილი ბანალური აქსესუარი ვაჩუქე.
ლიკას მოეწონებაო, მითხრა.
ერთ-ერთი პრესტიჟული ფირმის გაყიდვების მენეჯერია.
ბატონი “ბიჭი, რომელიც მიყვარს”.

ქორწილის ფოტოებს ვუყურებ, ფოტოები ლამაზია
რა თქმა უნდა.
პატარძალი ოდნავ უხერხულად დგას,რძისფერი კაბა აქცია, კორსეტით.
ბანალურია, მაგრამ უხდება.
არაფრისმთქმელი თვალები აქვს და წელამდე თმა.
ბიჭი, რომელიც მიყვარს, ამაყია, იღიმება და პირდაპირ ობიექტივს უყურებს.

მესამედ რომ შევხვდი აფორიაქებული მომეჩვენა.
ჩვენს საყვარელ კაფეში დავსხედით.
კაფის ინტერიერი შეცვლილი დამხვდა
ბარისტამ მაინც მიცნო-მოკლე თმა გიხდებაო.

ვუყურებდი მის დავარცხნილ თმას, მაჯაზე საათს, ნახევრადძვირფასს.
მიყვარდა
მართლა მიყვარდა..

ერთბაშად მითხრა, ჯერ ქაფქაფა ყავა დალია და მერე მითხრა:
შეგიძლია ჩემს ქორწილში ფოტოგრაფი იყო? შენზე უკეთესს ვის ვნახავთ, ლიკას გაუხარდება!”

ეს რომ ჰოლივუდური კომედია ყოფილიყო მეჯვარეობას მთხოვდა (მელოდრამაში-ცოლობას)
მაგრამ ეს იყო თბილისის ჩვეულებრივი კაფე.
მე მქონდა ბოლო მოდელის კამერა, ათწლიანი გამოცდილება და უამრავი ქორწილი ფირზე.
დავთანხმდი,
უფრო ზუსტად, ოდნავ გავუღიმე. ჩამეხუტა.

ქორწილის ფოტოებს ვუყურებ
ფოტოები ლამაზია
რა თქმა უნდა, 10 წელია ქორწილებს ვიღებ.

ერთმანეთს აკოცეთ, ოდნავ აქეთ მობრუნდით და ისე!”
სტუმარი არ ვარ, ფოტოგრაფი ვარ, შესაბამისად გახეხილი ჯინსები მაცვია და ნეპალიდან ჩამოყოლილი მოგრძო პერანგი.
პატარძალმა ოდნავ უხერხულად გააპარა თვალი.
პარკის კუთხეში პატარძლის მამა დგას, სოლიდური ღიპით, უფრო სოლიდური კაპიტალით.
არა, ბიჭი, რომელიც მიყვარს ლიკას მამის კაპიტალზე არ ქორწინდება,
უბრალოდ, ყელში ამოუვიდა “გაყიდვების მენეჯერობა”
გარეუბნის ბინაში რძიანი ყავის სმა.
შეუყვარდა ცარიელთვალება, მაგრამ ლამაზი ლიკა
და რაც მთავარია, მოსწყინდა საკუთარ სულზე მზრუნველი ფოტოგრაფის ლოდინი.

ქორწილის ფოტოებს ვუყურებ.
ლამაზი ფოტოებია.
ლიკას მოეწონება”

ბლოგზე გადასვლა https://agatako.wordpress.com/2014/12/25/inlove/

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100